ლონდონი 2012: 2 აგვისტო

უკეთ, ვიდრე პეკინში!

ეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დევიზია, მაგრამ ლონდონში პირველი საშეჯიბრო დღეები ისე წარიმართა, ამ მოწოდებას დღეს ძახილის ნაცვლად, კითხვის ნიშანი უფრო დაესმის.

ვერ გეტყვით რას იზამენ ჩვენი მჭიდავეები – ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილის ფალავნები გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ამ დღეებში ჩავლენ – მაგრამ ფაქტია, რომ რაც დრო გადის, წარმატების იმედი სულ უფრო ქრება.
გუშინ საქართველოს ოლიმპიური გუნდის ვეტერანმა ნინო სალუქვაძემ და ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა დაასრულეს ასპარეზობა. მე კი არა, მათგან ყველა მედალს ელოდა, მაგრამ არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ჩვენი გუნდის გასწვრივ ისევ ერთი მედალია მითითებული. ნინომ სალუქვაძემ საკვალიფიკაციო წრე ვერ დაძლია და ფინალს მიღმა დარჩა, ლიპარტელიანი კი…

რა უნდა ვთქვა ვარლამის ასპარეზობაზე? ის, რაც ექსელის ძიუდოს დარბაზში მოხდა, ჩემთვის ნიჭიერი სპორტსმენის ტრაგედია იყო და სხვა არაფერი. კამერუნელი მეტოქის იოლად ძლევის შემდეგ ჩვენი გუნდის იმედი ავსტრალიელ მარკ ენტონისთან ვაზარით დამარცხდა. ლიპარტელიანმა ცდა არ დააკლო, მოწინააღმდეგეს იუკოც აართვა, მაგრამ ეს უხეში შეცდომის გამოსასწორებლად საკმარისი არ გამოდგა.

დღეს ტატამზე ზაიზენბახერის გუნდის მეექვსე ძიუდოკა გავა, ნაკრების კიდევ ერთი იმედი, 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლევან ჟორჟოლიანი. ქართველის პირველი მეტოქე რუმინელია, რომელთანაც ახლო წარსულში ორჯერ გაუმარჯვია. თუ გავიხარეთ და ჟორჟოლიანი მეორე წრეში ვიხილეთ, იქ ან ყაზახს, მსოფლიოს ყოფილ ვიცე-ჩემპიონს მაქსიმ რაკოვს დაუპირისპირდება, ანაც აზერბაიჯანელ მსოფლიოს პრიზიორს ელმარ გასიმოვს. დღეს ოლიმპიადაზე ქართველთაგან მხოლოდ ჟორჟოლიანი იასპარეზებს.

სანამ მთელი საქართველო მეორე მედალს ელის, როგორც იქნა გაიხარა დიდი ბრიტანეთის ნაკრებმა: ნანატრი ოქროები მიითვალა! პირველი ოქრო გაერთიანებული სამეფოს გუნდს ნიჩბოსნებმა ჰელენ გლოვერმა და ჰითერ სტენინგმა მოუტანეს – ორადგილიანი ცალმოსასმელიანი უმესაჭეო ნავებით იმარჯვეს, რამდენიმე საათში კი მამაკაცებში განცალკევებით ველორბოლა ბრედლი უიგინსმა მოიგო.

ჰელენ გლოვერი და ჰითერ სტენინგი პირველი ბრიტანელი ქალი ნიჩბოსნები არიან, რომლებმაც ოლიმპიადა ამ დისციპლინაში მოიგეს, უიგინსი კი კიდევ ერთი გამორჩეული მიღწევით ჩაეწერა ველოსპორტის ისტორიაში: გარდა იმისა, რომ ის პირველი ბრიტანელია, რომელმაც გრან ტურში, ტურ დე ფრანსზე გაიმარჯვა (სამი კვირის წინ), ის ასევე პირველი ველომრბოლია, რომელმაც ერთ სეზონში პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი ტურზე და ოლიმპიადაზე!

საერთოდ, უიგინსი გამორჩეული სპორტსმენია: ლონდონში მოგებული ოქრო მისთვის მეშვიდე ოლიმპიური ჯილდოა და ამ მხრივ ყველა დროის ყველაზე ტიტულიანი ბრიტანელი ოლიმპიონიკია!

32 წლის ველომრბოლის დებიუტი უდიდეს სპორტულ ფორუმზე 2000 წელს, სიდნეიში შედგა – გუნდურ რბოლაში ბრინჯაო მოიპოვა. ოთხი წლის შემდეგ, ათენში სამივე სინჯის მედლით დაიმშვენა მკერდი, ოქრო კი ინდივიდუალურ რბოლაში მოიგო. 2008 წელს პეკინში ორჯერ გახდა ჩემპიონი: ათენური ოქრო შეინარჩუნა და გუნდურიც დაამატა.

ეს ექვსი კვირა არასდროს დამავიწყდება! საფრანგეთში და ოლიმპიადაზე გამარჯვება ჩვენი გეგმა იყო და მიხარია, რომ ყველაფერი ზუსტად შევასრულეთ. მგონი, მე და ჩემმა მწვრთნელებმა ყველა კითხვას სათანადოდ ვუპასუხეთ, – განაცახდა ტრიუმფატორმა და ნაკრების სიამაყემ.

ბრიტანეთის სამეფო ფოსტის ხელმძღვანელობამ ამ ორი ტრიუმფიდან რამდენიმე საათში განაცხადა, რომ ოლიმპიური ჩემპიონებისადმი მიძღვნილ საფოსტო მარკებს დაბეჭდავს, რომლებსაც გულშემატკივრები და ფილატელისტები სპორტსმენთა მშობლიურ ქალაქებში – პენზანსი, რედინგი, ჩორლი – 2 აგვისტოდან შეიძენენ, რამდენიმე კვირაში კი მარკები ქვეყნის ყველა საფოსტო განყოფილებაში გაიყიდება.

ჩოგბურთელთა ტურნირი კი კვლავ გრძელდება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, შესაძლოა, მამაკაცთა ერთეულთა ფინალში რეიტინგის ლიდერები ვიხილოთ: გუშინ პირველმა ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა უზბეკ დენის ისტომინს ორ სეტში აჯობა – 7:5, 6:3, მისმა სერბმა მდევარმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი ყოფილი პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ლეიტონ ჰუიტი შეაჩერა – 4:6, 7:5, 6:1. ლეგენდარული ალპელის მეტოქე 1/4-ფინალში გიგანტი ამერიკელი ჯონ ისნერი იქნება, ჯოკოვიჩს კი შედარებით რთული მეტოქე ელის – ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა.

ფედერერი ერთეულთა ჩემპიონობისთვის ბრძოლას კი აგრძელებს, მაგრამ პეკინში მოგებულ გუნდურ ოქროს ვეღარ დაიცავს. მისი და სტანისლას ვავრინკას შვეიცარიული წყვილი მეორე წრეში ისრაელის ნაკრებთან – ჯონათან ერლიხი, ენდი რამი – დამარცხდა: 6:1, 6:7 (5:7), 3:6.

რაც შეეხება ქალებს, ბრწყინვალე ფორმაშია უიმბლდონის ტრიუმფატორი სერენა უილიამსი – რუსი ვერა ზვონარიოვა 6:0, 6:1 გაანადგურა და ახლა დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის დამარცხებას შეეცდება. თუ მოხდა და სერენამ უიმბლდონზე ოლიმპიური ოქრო მოიგო, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ქალის, გერმანელი შტეფი გრაფის ზღაპრული რეკორდის თანაავტორი გახდება – დიდი მუზარადის ყველა ტურნირის გარდა ერთეულთა ოლიმპიურ ოქროსაც მიითვლის. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ შტეფი გრაფმა ამ საოცარი მიღწევისთვის 1988 წლის სეზონი იკმარა.

ამასობაში მძლეოსანთა შეჯიბრებიც ახლოვდება, ამერიკელმა ათლეტმა ტაისონ გეიმ კი დაიქადნა, რომ მსოფლიოს უსწრაფეს ადამიანს, უსეინ ბოლტს დაამარცხებს.

იამაიკელ სპრინტერთან ერთად გეი ერთადერთია, რომელმაც სამეფო დისტანცია – 100 მეტრი – 9,7 წამზე ნაკლებ დროში დაფარა. ბოლტის გარდა გეის კიდევ ერთი იამაიკელის, იოან ბლეიკის ძლევაც მოუწევს. ბლეიკი ამ სეზონში ჩინებულია და ქვეყნის პირველობაზე ბოლტი უკვე დაამარცხა.

შეძლებს თუ არა ამერიკელი კუნძულელთა ძლევას, ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ. სპორტის დედოფალი ოლიმპიურ თამაშებზე ხვალიდან, 3 აგვისტოდან გამოჩნდება.

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 2 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი olympic.org/london-2012


მედალოსნები: 1 აგვისტო
ველოსპორტი
ვაჟები – ინდივიდუალური რბოლა დროზე (44კმ)
1.ბრედლი უიგინსი (დიდი ბრიტანეთი) – 50:39.54წთ
2.ტონი მარტინი (გერმანია) – 51:21.54წთ
3.კრის ფრუმი (დიდი ბრიტანეთი) – 51:47.87წთ
გოგონები – ინდივიდუალური რბოლა დროზე (29კმ)
1.კრისტინ არმსტრონგი (აშშ) – 37:34.82წთ
2.იუდით არნდტი (გერმანია) – 37:50.29წთ
3.ოლგა ზაბელინსკაია (რუსეთი) – 37:57.35წთ

კაიაკი და კანოე
ვაჟები – კაიაკი, სლალომი
1.დანიელე მოლმენტი (იტალია) – 93.43წმ
2.ვავრინეც ჰრადილეკი (ჩეხეთი) – 94.78წმ
3.ჰანს აიგნერი (გერმანია) – 94.92წმ

მაგიდის ჩოგბურთი
გოგონები
1.ლი შიაოშია (ჩინეთი)
2.დინ ნინი (ჩინეთი)
3.ფენ ტიანვეი (სინგაპური)

ნიჩბოსნობა
ვაჟები – რვაადგილიანი ცალმოსასმელიანი
1.ფილიპ ადამსკი, ანდრეას კუფნერი, ერიკ იოჰანესენი, მაქსიმილიან რაინელტი, რიჩარდ შმიდტი, ლუკას მიულერი, ფლორიან მენინგენი, კრისტოფ ვილკე, მარტინ საუერი (გერმანია) – 5:48.75წთ
2.გაბრიელ ბერგენი, დუგლას შიმა, რობერტ გიბსონი, კოლინ მაკკეიბი, მალკოლმ ჰოვარდი, ენდრიუ ბირნსი, ჯერემია ბრაუნი, უილ ქროზერსი, ბრაიან პრაისი (კანადა) – 5:49.98წთ
3.ალექს პერტრიჯი, ჯეიმს ფოადი, ტომ რენსლი, რიჩარდ ეგინგტონი, მოჰამედ სბიჰი, გრეგ სირლი, მეტიუ ლენგრიჯი, კონსტანტინ ლულუდისი, ფილენ ჰილი (დიდი ბრიტანეთი) – 5:51.18წთ
გოგონები – ორადგილიანი ცალმოსასმელიანი
1.ჰელენ გლოვერი და ჰიზერ სტენინგი (დიდი ბრიტანეთი) – 7:27.13წთ
2.კეიტ ჰორნსი და სარა ტეიტი (ავსტრალია) – 7:29.86წთ
3.ჟულიეტ ჰეიგი და რებეკა სკოუნი (ახალი ზელანდია) – 7:30.19წთ
გოგონები – ოთხადგილიანი წყვილმოსასმელიანი
1.კატერინა ტარასენკო, ნატალია დოვოდკო, ანასტასია კოჟენკოვა, იანა დემენტიევა (უკრაინა) – 6:35.93წთ
2.ანეკატრინ თილე, კარია ბარი, იულია რიხტერი, ბრიტა ოპელტი (გერმანია) – 6:38.09წთ
3.ნატალი დელი, კარა კოლერი, მეგან კალმე, ადრიანე მარტელი (აშშ) – 6:40.63წთ

სპორტული ტანვარჯიში
ვაჟები – მრავალჭიდი
1.კოჰეი უჩიმურა (იაპონია) – 92.690 ქულა
2.მარსელ ნგუენი (გერმანია) – 91.031 ქულა
3.დენელ ლეივა (აშშ) – 90.698 ქულა

ტყვიის სროლა
გოგონები – პისტოლეტი (25მ)
1.კიმ იან-მი (სამხრეთი კორეა) – 792,4 ქულა
2.ჩენ იუინი (ჩინეთი) – 791,4 ქულა
3.ოლენა კოსტევიჩი (უკრაინა) – 788,6 ქულა
*-ნინო სალუქვაძე – 581
მე-15 ადგილი საკვალიფიკაციოში. ფინალში ვერ მოხვდა

ფარიკაობა
ვაჟები – დაშნა
1.რუბენ ლიმარდო (ვენესუელა)
2.ბარტოშ პიასეცკი (ნორვეგია)
3.იუნ ჯინ-სუნი (სამხრეთი კორეა)
გოგონები – ხმალი
1.კიმ ჯი-იეონი (სამხრეთი კორეა)
2.სოფია ველიკაია (რუსეთი)
3.ოლგა ხარლანი (უკრაინა)

ცურვა
ვაჟები – თავისუფალი, 100მ
1.ნათან ედრიენი (აშშ) – 47.52წმ
2.ჯეიმს მაგნუსენი (ავსტრალია) – 47.53წმ
3.ბრენტ ჰეიდენი (კანადა) – 47.80წმ
ვაჟები – ბრასი, 200მ
1.დანიელ დიურტა (უნგრეთი) – 2:07.28წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.მაიკლ ჯემისონი (დიდი ბრიტანეთი) – 2:07.43წთ
3.რიო ტატეიში (იაპონია) – 2:08.29წთ
*-ირაკლი ბოლქვაძე – 2:15.86წთ
28-ე ადგილი, ნახევარფინალში ვერ მოხვდა. ამ შედეგით ირაკლი ბოლქვაძემ საქართველოს რეკორდი დაამყარა
გოგონები – ბატერფლაი, 200მ
1.ჟიაო ლიუიანი (ჩინეთი) – 2:04.06წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.მირეია ბელმონტე გარსია (ესპანეთი) – 2:05.25წთ
3.ნაცუმი ჰოში (იაპონია) – 2:05.48წთ
გოგონები – თავისუფალი, 4X200
1.აშშ (მისი ფრანკლინი, დანა ვოლმერი, შენონ ვრილენდი, ელისონ შმიტი) – 7:42.92წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ავსტრალია (ბრონტე ბერეტი, მელანი შლენგერი, კაილი პალმერი, ალისია კატსი) – 7:44.41წთ
3.საფრანგეთი (კამილ მუფა, შარლოტ ბონე, ოფელი-სირილ ეტიენი, კორალი ბალმი) – 7:47.49წთ

ძალოსნობა
ვაჟები – 77კგ
1.ლუ შიაოჟუნი (ჩინეთი) – 379კგ (175 მრ+204) (მსოფლიო რეკორდი)
2.ლუ ჰაოჟიე (ჩინეთი) – 360კგ (170+190)
3.ივან კამბარი (კუბა) – 349კგ (155+194)
გოგონები – 69კგ
1.რიმ იონ-სიმი (ჩრდილოეთი კორეა) – 261კგ (115+146)
2.როქსანა კოკოში (რუმინეთი) – 256კგ (113+143)
3.ანა ნურმუხამბეტოვა (ყაზახეთი) – 256კგ (115+136)

ძიუდო
ვაჟები – 90კგ
1.სონ დაე-ნამი (სამხრეთი კორეა)
2.ეშლი გონსალესი (კუბა)
3.ილიას ილიადისი (საბერძნეთი) და მასაში ნიშიამა (იაპონია)
*-ვარლამ ლიპარტელიანი
1/32 – თავისუფალი იყო
1/16 – დიუდონე დოლასემი (კამერუნი) – მოგება
1/8 – მარკ ენტონი (ავსტრალია) – მარცხი
გოგონები – 70კგ
1.ლუსი დეკოსი (საფრანგეთი)
2.კერსტინ თილე (გერმანია)
3.იური ალვეარი (კოლუმბია) და ედიტ ბოსხი (ნიდერლანდები)

წყალში ხტომა
ვაჟები – ტრამპლინი (3მ), სინქრონული
1.ლუო იუტონი და ქინ კაი (ჩინეთი) – 477.00 ქულა
2.ილია ზახაროვი და ევგენი კუზნეცოვი (რუსეთი) – 459.63 ქულა
3.ტროი დუმო და კრისტიან იპსენი (აშშ) – 446.70 ქულა

ka_GEGeorgian