ლონდონი 2012: 29 ივლისი

გუშინ ჩვენი ოლიმპიური ნაკრები თამაშებში ჩაერთო: ძიუდოისტი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი, 60კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბეთქილ შუკვანი ნაადრევად დამარცხდა – 1/16 ფინალში წააგო; საგზატკეცილო ველორბოლაში თამაშების დებიუტანტმა გიორგი ნადირაძემ ფინიშამდე ვერც მიაღწია; ჩვენი გუნდის მედროშემ, ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ პნევმატური პისტოლეტით 10 მეტრზე სროლაში 49 მონაწილეს შორის 33-ე ადგილი დაიკავა, მოკრივე მერაბ თურქაძეს კი ისეთი ამბავი შეემთხვა, ატლანტა 96 და ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი გამახსენდა – მერაბი დაშვებულზე მძიმე აღმოჩნდა! მოკლედ, გუნდს კარგი დასაწყისი ვერ გამოუვიდა…

ლონდონი 2012-ის პირველი ოქროს მედალი კი პნევმატური შაშხანიდან ტყვიის სროლაში ჩინელმა იუი სილინმა მოიგო. ყველა სპორტსმენისთვის საოცნებო ჯილდო 23 წლის სილინს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ბელგიელმა პრეზიდენტმა ჟაკ როგემ გადასცა, ტრიუმფატორმა კი თქვა: ოლიმპიურ ოქროზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ! მადლობას ვუხდი ჩინეთს, დედიკოს და მამიკოს“!

სილინმა, ვინც 13 წლიდან ვარჯიშობს, პოლონელ სილვია ბოგაცკას ფინალის ბოლო ორ ცდაში აჯობა. მერვე გასროლის ჩათვლით 30 წლის ბოგაცკა ლიდერი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, შემდეგ ნერვები ვერ მოთოკა და მეცხრე ცდა გააფუჭა – ერთბაშად მესამეზე დაქვეითდა. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი, მეათე გასროლა ზუსტი გამოუვიდა – ათიანში გაარტყა, მხოლოდ ვერცხლის მედალს შეწვდა. პეკინი 2008-ის ტრიუმფატორი კატრინა ემონსი ამჯერად მხოლოდ მეოთხე იყო.

არანაკლებ საინტერესო და დაძაბული გამოდგა მშვილდოსნობაში ვაჟთა გუნდური ფინალი: იტალიამ ამერიკას აჯობა და ამ დისციპლინაში ისტორიაში პირველად მოიგო ოქრო! უკანასკნელი, მერვე ენდის უკანასკნელი, მეექვსე სროლის წინ იტალიელები 9 ქულით აგებდნენ, მაგრამ ნაკრების ვეტერანმა მიქელე ფრანჯილიმ ისარი ათიანში ტყორცნა და ოქროც მის გუნდს დარჩა! აქვე გეტყვით, რომ ფინალის გმირმა 1996 წელს ატლანტაში ბრინჯაო მოიგო.

ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ სპორტის ეს სახეობა საქართველოში არცთუ პოპულარულია. არადა, სულ ტყუილად. ვინც ტელერეპორტაჟს უცქირა, დამეთანხმება, რომ მშვილდოსნობა საცქერლადაც საამოა და ჩახლართული წესებითაც არ გამოირჩევა. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არაა ისეთი ძვირადღირებული, მისკენ გახედვა რომ არ გინდოდეს. მაგალითად იტალიელთა ტრიუმფატორი ნაკრებიც კმარა: ცნობილია, რომ ქვეყნის ოლიმპიურმა კომიტეტმა – CONI – ამ გუნდს განვლილ ოლიმპიურ ცილკში (2009-11) არც მეტი, არც ნაკლები, მხოლოდ 1,6 მილიონი ევრო დაახარჯა…

ოლიმპიური დიდების პანთეონში დავანება შეეძლო რაპირით მოფარიკავე იტალიელ ვალენტინა ვეძალის, მაგრამ ნახევარფინალში თანამემამულე არიანა ერიგოსთან 12:15 დამარცხდა და ზედიზედ მეოთხე ოლიმპიურ ოქროს ვერ შეწვდა.
ის საბოლოოდ ბრინჯაოს დასჯერდა, იტალიელებმა კი კვარცხლბეკის სამივე საფეხური დაიკავეს – ვეძალის მძლეველი ერიგო ფინალში ელიზა დი ფრანჩისკასთან დამარცხდა.

აქვე გეტყვით, რომ ორი დღის წინ ვეძალი იტალიის ოლიმპიური გუნდის მედროშე გახლდათ. ის ოთხწლეულის მთავარ სპორტულ ფორუმზე 1996 წელს, ატლანტაში წაგებული ფინალის შემდეგ პირველად დამარცხდა. რომ არ წაეგო და ოცნება აეხდინა, პირველი ქალი გახდებოდა ინდივიდუალურ ასპარეზობაში ზედიზედ 4 ოლიმპიადას რომ მოიგებდა!

გუშინვე დაიწყო მედლების გათამაშება საწყლოსნო სახეობებში. ლონდონის საწყლოსნო ცენტრი, რომელსაც თამაშების დასრულების შემდეგ ძველ იერსახეს დაუბრუნებენ (ტრიბუნების დიდი ნაწილი დროებითია), ლეგენდარული მაიკლ ფელპსის კრახის მოწმე გახდა: ათენის და პეკინის ოლიმპიადების ტრიუმფატორმა 400 მეტრზე კომპლექსურში არათუ ოქროსი, მედლის მოპოვებაც ვერ შეძლო!

ოქრო ფელპსის მთავარმა კონკურენტმა რაიან ლოხტემ ჩაიბარა, მეორე ბრაზილიელი ტიაგუ პერეირა იყო, მესამე კი 17 წლის იაპონელი კოსუკე ჰაგინო.

რა გითხრათ? ძალიან იმედგაცრუებული ვარ! ახლა მთავარია ფსიქოლოგიურად უკეთ მოვემზადო და მომდევნო შეჯიბრებში კარგად გამოვიდე“, – განაცხადა 14-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

გეცოდინებათ, „ზვიგენად“ წოდებულმა მაიკლმა ლონდონში 3 მედალი მაინც თუ მოიგო (სინჯს მნიშვნელობა არ აქვს), თამაშების კიდევ ერთ „უკვდავ“ რეკორდს დაამხობს: ოლიმპიადების რეკორდსმენს, რუს ტანმოვარჯიშე ლარისა ლატინინას მედლების საერთო რაოდენობით აჯობებს. ლატინინას 18 ჯილდო აქვს, ფელპსს – ორით ნაკლები…

ჩინეთის გუნდმა ოლიმპიურ ყულაბაში აკვაცენტრიდან 2 ოქრო „ჩაუშვა“: სუნ იანმა თამაშების ახალი რეკორდით – 3:40.14წთ – მოიგო ვაჟების თავისუფალი 400 მეტრზე, 16 წლის იე შივენმა კი გოგონებში ამავე დისტანციაზე კომპლექსურში საერთოდაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა – 4:28.43წთ! შივენმა, ვისაც ჩინური სპორტის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ, სტეფანი რაისის 2008 წლის რეკორდი გააუმჯობესა. და ბარემ აქვე გეტყვით, რომ შარშან, შანხაიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მან 15 წლისამ იპირველა!

გუშინ გათამაშებული მეოთხე ოქროს მედალი – თავისუფალი 4X100-ზე – ავსტრალიის გოგონათა ნაკრებმა ოლიმპიური რეკორდით მოიგო – 3:33.15წთ!

დღეს იქვე გათამაშდება მედლების კიდევ ოთხი კომპლექტი: გოგონები თავისუფალში (400მ) და ბატერფლაიში (100მ) შეეჯიბრებიან ერთმანეთს, ვაჟები კი თავისუფალ ესტაფეტაში (4X100) და ბრასში (100მ).

გუშინვე პირველი ოქრო მოიგო ყაზახეთის გუნდმა: სახელგანთქმულმა ალექსანდრ ვინოკუროვმა, ვისაც წლების წინ ესპანეთის ვუელტა მოუგია, საგზატკეცილო ველორბოლაში იმარჯვა. ტოპ ტურების უცვლელმა მონაწილემ დაჯილდოვების შემდეგ თქვა, ოთხშაბათს კიდევ ერთხელ გავალ ტრასაზე, მაგრამ უკვე ვიცი, რომ კარიერას ამ ოქროს მედლით ბრწყინვალედ ვასრულებო.

გაერთიანებული სამეფოს ორი იმედი, მარკ კავენდიში და ზუსტად ერთი კვირის წინ დასრულებული ტურ დე ფრანსის პირველი ბრიტანელი ტრიუმფატორი ბრედლი უიგინსი მედალოსანთა შორის ვერ მოხვდნენ.

არაუშავს, წინ კიდევ უამრავი შეჯიბრებაა.

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 29 ივლისი)
ფოტო:
თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი olympic.org/london-2012

მედალოსნები: 28 ივლისი
ველოსპორტი
ვაჟები – საგზატკეცილო ველორბოლა (250კმ)
1.ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზახეთი) – 5:45:57სთ
2.რიგობერტო ურანი (კოლუმბია) – 5:45:57სთ
3.ალექსანდერ კრისტოფი (ნორვეგია) – 5:46:05სთ
*-გიორგი ნადირაძე – რბოლა ვერ დაასრულა

მშვილდოსნობა
ვაჟები გუნდური
1.იტალია (მიკელე ფრანჯილი, მარკო გალიაცო, მაურო ნესპოლი)
2.აშშ (ბრედი ელისონი, ჯეიკ კამინსკი, ჯეიკობ ვუკი)
3.სამხრეთი კორეა (იმ დონგ-ჰიუნი, კიმ ბუბ-მინი, ო ჯინ-ჰიეკი)

ტყვიის სროლა
ვაჟები – პნევმატური პისტოლეტი (10მ)
1.ჯინ იონგ-ო (სამხრეთი კორეა) – 688,2 ქულა
2.ლუკა ტეშონი (იტალია) – 685,8 ქულა
3.ანდრია ზლატიჩი (სერბეთი) – 685,2 ქულა
გოგონები – პნევმატური შაშხანა (10მ)
1.იუი სილინი (ჩინეთი) – 502,9 ქულა
2.სილვია ბოგაცკა (პოლონეთი) – 502,2 ქულა
3.იუ დანი (ჩინეთი) – 501,5 ქულა

ფარიკაობა
გოგონები – რაპირა
1.ელიზა დი ფრანჩისკა (იტალია)
2.არიანა ერიგო (იტალია)
3.ვალენტინა ვეძალი (იტალია)

ცურვა
ვაჟები – თავისუფალი, 400მ
1.სუნ იანი (ჩინეთი) – 3:40.14წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.პარკ ტაე ჰვანი (სამხრეთი კორეა) – 3:42.06წთ
3.პეტერ ვანდერკააი (აშშ) – 3:44.69წთ
ვაჟები – კომპლექსური, 400მ
1.რაიან ლოხტე (აშშ) – 4:05.18წთ
2.ტიაგო პერეირა (ბრაზილია) – 4:08.86წთ
3.კოსუკე ჰაგინო (იაპონია) – 4:08.94წთ
გოგონები – კომპლექსური, 400მ
1.იუე შივენი (ჩინეთი) – 4:28.43წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.ელიზაბეტ ბისელი (აშშ) – 4:31.27წთ
3.ლი ჟუანჟუ (ჩინეთი) – 4:32.91წთ
გოგონები – თავისუფალი, 4X100
1.ავსტრალია (ალისია კატსი, კეიტ კემპბელი, ბრიტანი ელმსლი, მელანი შლენგერი) –  – 3:33.15წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ნიდერლანდები (ინგე დეკერი, მარლინ ველდჰუისი, ფემკე ჰეემსკერკი, რანომი კრომოვიჯოჯო) – 3:33.79წთ
3.აშშ (მისი ფრანკლინი, ჯესიკა ჰარდი, ლია ნილი, ელისონ შმიტი) – 3:34.24წთ

ძალოსნობა
გოგონები – 48კგ
1.ვან მინჟუანი (ჩინეთი) – 205კგ (91+114)
2.ჰირომი მიუიაკე (იაპონია) – 197კგ (87+110)
3.რიუიან ჩუნ-ჰვა (ჩრდილოეთი კორეა) – 192კგ (80+112)

ძიუდო
ვაჟები – 60კგ
1.არსენ გალსტიანი (რუსეთი)
2.ჰიროაკი ჰიროაკა (იაპონია)
3.ფელიპე კიტადაი (ბრაზილია) და რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)
*-ბეთქილ შუკვანი
1/32 – ერნი დიკინსი (ავსტრალია) – მოგება
1/16 – სოფიენ მილუ (საფრანგეთი) – მარცხი
გოგონები – 48კგ
1.სარა მენეზესი (ბრაზილია)
2.ალინა დუმიტრუ (რუმინეთი)
3.ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი) და შარლინ ვან სნიკი (ბელგია)

ka_GEGeorgian