ლონდონი 2012: 31 ივლისი

ლაშა შავდათუაშვილის ტრიუმფის შემდეგ ქომაგებს გუშინ კვლავ გაგვიცრუვდა იმედი: 73კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტი ნუგზარ ტატალაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნუგზარის მეტოქე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი იყო; შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ კორეელი კი ჩუნ ვანგი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგის ლიდერია და მასთან ქართველი ორჯერ დამარცხებულა, მაგრამ ეს უფრო სპეციალისტების და ძიუდოზე მწერალი ჟურნალისტების საქმეა. ჩვენთვის კი, ქართველი ოლიმპიონიკის ქომაგებისთვის, ტატალაშვილის მარცხი იმედგაცრუებაა და სხვა არაფერი. ერთი დიდი უსიამოვნება, რომელიც სამწუხაროდ, ლონდონში არ გვაკლია.

გუშინვე ხელი მოეცარათ ქართველ ჩოგბურთელებს: ანა ტატიშვილის და მაკა ჩახნაშვილის წყვილი სლოვენიელებთან დამარცხდა. ამ შემთხვევაშიც იგივე შეგვიძლია ვთქვათ: რომ ანას და მაკას ერთად არასდროს უთამაშიათ… რომ სლოვენიელებმა ქართველებზე ადრე დაიწყეს უიმბლდონის ბალახის კორტებზე ვარჯიში… რომ ეს, რომ ის… მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენდა სამწუხაროდ, რა თქმა უნდა.

გუშინდელი მარცხის მიუხედავად, ანასთვის საჩოგბურთო ტურნირი კვლავაც გრძელდება: ერთეულთა მეორე წრეში ქართველი რუს ნადია პეტროვას დაუპირისპირდება.

ტატიშვილის გარდა ლონდონის სპორტულ არენებზე დღეს ჩვენი გუნდის კიდევ სამი წევრი გავა: ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი 81კგ-მდე წონით კატეგორიაში 1/32 ფინალიდან დაიწყებს ასპარეზობას. მისი მეტოქე ხორვატი ტომისლავ მარიანოვიჩი იქნება. რას იზამს ზაიზენბახერის გუნდის რიგით მეოთხე წევრი, ამაზე ხვალ ვთქვათ, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ გულშემატკივრები და საქმეში ჩახედული ხალხი ჭრიკიშვილს მედლის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად განიხილავს. ამის შესახებ ვეტერან სპორტსმენებსა თუ მწვრთნელებს არაერთხელ უთქვამთ.

მშვილდოსნობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა ასევე 1/32-ფინალიდან დაიწყებს ოქროს მედლისთვის ბრძოლას. მეტოქე ტიტულიანი ჩილელი დენისე ვან ლამოენია. რაც შეეხება საწყლოსნო სახეობებში ჩვენი გუნდის ერთადერთ წევრ ირაკლი ბოლქვაძეს, ის ბრასით 200 მეტრზე იასპარეზებს და საკვალიფიკაციოდან დაიწყებს გამოსვლას…

მე თუ მკითხავთ, გუშინ ყველაზე საინტერესო მოვლენები აკვაცენტრში ვიხილეთ: ამერიკელ ვაჟ მოცურავეებს კიდევ ერთხელ გაუცრუვდათ იმედი, სამაგიეროდ, ფრანგები ინარჩუნებენ ბრწყინვალე ფორმას და ოკეანისგაღმელებს ცხვირწინ აცლიან ოქროს მედლებს.

გუშინწინდელი შოკის შემდეგ, როცა ფრანგებმა 20 წლის იანიკ ანელის გმირობის წყალობით ამერიკელებს ესტაფეტაში – 4X100 – უკანასკნელ 10 მეტრზე აართვეს ოქრო (ანელი ოლიმპიადის მთავარ ფავორიტად მონათლულ რაიან ლოხტეს წამოეწია და საბოლოოდ გაასწრო, ეს კი გმირობა იყო), მან კიდევ ერთხელ ჩაიბარა ლონდონური ოქრო. ამჯერად 200 მეტრზე თავისუფალში.

თუ მოცურავეთა შეჯიბრები გიზიდავთ და ოლიმპიადისწინა ამბებიც არ გამოგრჩენიათ, გეხსომებათ, რომ ლონდონი 2012-ის ფავორიტთა შორის ფრანგებს არ ასახელებდნენ. საუბრობდნენ ლეგენდარულ მაიკლ ფელპსზე, სალიცენზიო შეჯიბრებებში მის მძლეველ რაიან ლოხტეზე, მსოფლიოს რეკორდსმენ გერმანელ პაულ ბიდერმანზე, ავსტრალიელებზე, ბრაზილიელებზე, კორეელებსა და იაპონელებზე, მოძლიერებულ ჩინელებზეც, მოკლედ, ყველაზე ფრანგების და კონკრეტულად იანიკ ანელის გარდა.

და რა ხდება ამ დღეებში? რამდენჯერაც გადახტა ტანმაღალი ფრანგი აუზში, იმდენი ოქროთი ამოვიდა. გუშინ, 200 მეტრზე თავისუფალში სტარტიდან ფინიშამდე პირველი იყო და საბოლოოდ მთელი კორპუსით აჯობა კონკურენტებს. ამას, ჩვენნაირ ქომაგებს თავი რომ დავანებო, პირველ რიგში საწყლოსნო სახეობების ცქერაში დაბერებული ხალხი არ ელოდა.

ფელპსის არყოფნაში, რომელმაც პეკინში მოგებული ოქროს დაცვაზე ამჯერად უარი განაცხადა, გამარჯვების მთავარ კანდიდატად მსოფლიოს ჩემპიონი ლოხტე ითვლებოდა, მაგრამ ფავორიტობა რომ ერთია და საკუთრივ ფინალური გაცურვა – მეორე, გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა: ანელი 1:43.14 წამით პირველი იყო, ლოხტე კი მეოთხეზე გავიდა.

ლონდონის ოლიმპიადა ფრანგი მოცურავეებისთვის არნახულად წარმატებულია: უკვე 3 ოქროს მედალი მოიპოვეს, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. და თან, წინ კიდევ 5 საშეჯიბრო დღეა.

ამერიკელი ვაჟების ცუდი ასპარეზობის საპირწონედ, ჩინებულად ცურავს 17 წლის მისი ფრანკლინი. ტანმორჩილ გოგონას, ვინც ნაკრების ყველაზე უმცროსი წევრია და ფელპსის დარ კარიერას უწინასწარმეტყველებენ, გუშინ ბადალი არ ჰყავდა 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში. ეს ფრანკლინის მეორე მედალია ლონდონის აკვაცენტრში. ესტაფეტაში მან ბრინჯაო მოიგო.

ფრანკლინს კიდევ 5 გაცურვა ელის. თამაშების ისტორიაში ის გოგონათა შორის პირველი გახდება, ვინც 7 დისციპლინაში იასპარეზებს.

სანამ მოცურავეები მედლებს მედლებზე ათამაშებენ, საუკეთესო ჩოგბურთელები ოქროსკენ სვლას განაგრძობენ. უიმბლდონის კორტების შვეიცარიელმა მეფემ როჯერ ფედერერმა მეორე წრეში ფრანგი ჟულიენ ბენეტო ორ სეტში დაამარცხა – 6:2 6:2 და მერვედფინალში ლუქსემბურგელ ჟილ მიულერს შეხვდება ან უზბეკ დენის ისტომინს. სამი კვირის წინ როჯერმა მეშვიდედ მოიგო უიმბლდონი და რეიტინგის ლიდერობა დაიბრუნა, მეორე დღეს კი თქვა, რომ ახლა მისი მთავარი მიზანი ოლიმპიადის ჩემპიონობაა.

დიადი ალპელი მეოთხედ ასპარეზობს ოლიმპიადაზე, ოთხი წლის წინ მან სტანისლას ვავრინკასთან ერთდ მოიგო პეკინის ოქრო, თუმცა ყველა დიდი ტიტულის მომგებ როჯერს ოლიმპიური ოქრო ერთეულთა შორის არასდროს მოუგია.

შვეიცარიელისგან განსხვავებით, ქალთა შორის უიმბლდონის არაერთგზის ტრიუმფატორი ვინუს უილიამსი მეოთხე ოქროსთვის იბრძვის. 2000 წელს, სიდნეიში მან ერთეულებშიც იპირველა და დაიკო სერენასთან ერთად წყვილთა შორისაც იმარჯვა. დებმა 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაც მოიგეს, ახლა კი ლონდონურ მედლებს უტევენ. მეორე წრეში ვინუსის მეტოქე კანადელი ალექსანდრა ვოზნიაკი იქნება, სერენა კი პოლონელ ურსულა რადვანსკას დაუპირისპირდება.

ჩოგბურთელების არ იყოს, ფეხბურთელებიც თამაშების მიწურულს გამოავლენენ ჩემპიონს, მაგრამ დღეს უკვე ყველამ იცის, რომ მამაკაცთა შორის ოქროს ვერ მოიგებს ბოლო წლების ყველაზე წარმატებული ქვეყანა ესპანეთი.

ლუის მილიას ნაკრები იაპონიის შემდეგ ჰონდურასთანაც 0:1 დამარცხდა და ფლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა. ეგ კი არა, შესაძლოა, პირენეელებმა ფიფას სასჯელსაც გამოკრან ხელი: რამდენიმე მოთამაშეს მსაჯებმა ყოფაქცევა მინდორზეც დაუწუნეს და გასახდელშიც, ეს ყველაფერი კი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ოფიციალურად აცნობეს.

სხვა რა ვთქვათ? მანო მენეზესის ბრაზილიამ მეორე მატჩიც მოიგო. ერთადერთი ტურნირი, რომელიც ტყავის ბურთის ჯადოქრებს ჯერ ვერ მოუგიათ, ოლიმპიადაა და მთელი სელესაო მხოლოდ ოქროსთვისაა ჩასული გაერთიანებულ სამეფოში. ბრაზილიელებს შემადგენლობა არასდროს დაეწუნებოდათ და გამონაკლისი არც ეს ნაკრებია, მაგრამ სხვა საქმეა, რომ ოლიმპიადის მოსაგებად მხოლოდ სახელი არ კმარა.

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 31 ივლისი)
ფოტო:
თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympic.org/london-2012

მედალოსნები: 30 ივლისი
სპორტული ტანვარჯიში
ვაჟები – გუნდური პირველობა
1.ჩინეთი (ჩენ იუიბინი, ფენ ჟე, გუო ვეიუიანი, ჟან ჩენლონი, ზუ კაი) – 275.997 ქულა
2.იაპონია (რიოჰეი კატო, კაზუჰიტო ტანაკა, იუსუკე ტანაკა, კოჰეი უჩიმურა, კოჯი იამამურო) – 271.952 ქულა
3.დიდი ბრიტანეთი (სემ ოლდემი, დენიელ პარვისი, ლუის სმიტი, კრისტიან თომასი, მაქს უაითლოკი) – 271.711 ქულა

ტყვიის სროლა
ვაჟები – პნევმატური შაშხანა (10მ)
1.ალინ მოლდოვეანუ (რუმინეთი) – 702,1 ქულა
2.ნიკოლო კამპრიანი (იტალია) – 701,5 ქულა
3.გაგან ნარანგი (ინდოეთი) – 701,1 ქულა

ფარიკაობა
გოგონები – დაშნა
1.იანა შემიაკინა (უკრაინა)
2.ბრიტა ჰაიდემანი (გერმანია)
3.სუნ იუჯიე (ჩინეთი)

ცურვა
ვაჟები – თავისუფალი, 200მ
1.იანიკ ანელი (საფრანგეთი) – 1:43.14წთ
2.სუნ იანი (ჩინეთი) და პარკ ტაე ჰვანი (სამხრეთი კორეა) – 1:44.93წთ
3.არ გათამაშდა
ვაჟები – გულაღმა, 100მ
1.მეტ გრევერსი (აშშ) – 52.16წმ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ნიკ თომენი (აშშ) – 52.92წმ
3.რიოსუკე ირიე (იაპონია) – 52.97წმ
გოგონები – გულაღმა, 100მ
1.მისი ფრანკლინი (აშშ) – 58.33წმ
2.ემილი სიიბომი (ავსტრალია) – 58.68წმ
3.აია ტერაკავა (იაპონია) – 58.83წმ
გოგონები – ბრასი, 100მ
1.რიუტა მეილუტიუტე (ლიტვა) – 1:05.47წთ
2.რებეკა სონი (აშშ) – 1:05.55წთ
3.სატომი სუძუკი (იაპონია) – 1:06.46წთ

ძალოსნობა
ვაჟები – 62კგ
1.კიმ უნ-გუკი (ჩრდილოეთი კორეა) – 327კგ (153 ორ +174) (მსოფლიო რეკორდი)
2.ოსკარ ფიგუეროა (კოლუმბია) – 317კგ (140+177 მრ)
3.ეკო იული ირავანი (ინდონეზია) – 317კგ (145+172)
გოგონები – 58კგ
1.ლი შუეინი (ჩინეთი) – 246კგ (108 ორ + 138 ორ) (ოლიმპიური რეკორდი)
2.პიმსირი სირიკაეუ (ტაილანდი) – 236კგ (100+136)
3.რატიკან გულნოი (ტაილანდი) – 234კგ (100+134)

ძიუდო
ვაჟები – 73კგ
1.მანსურ ისაევი (რუსეთი)
2.რიკი ნაკაია (იაპონია)
3.საინიარგალინ ნიამ-ოჩირი (მონღოლეთი) და უგო ლეგრანი (საფრანგეთი)
*-ნუგზარ ტატალაშვილი
1/32 – ვანგ კი ჩუნი (სამხრეთი კორეა) – მარცხი
გოგონები – 57კგ
1.კაორი მაცუმოტო (იაპონია)
2.კორინა კაპრიორიუ (რუმინეთი)
3.მარტი მელოი (აშშ) და ოტომნი პავია (საფრანგეთი)

წყალში ხტომა
ვაჟები – კოშკი (10მ), სინქრონული
1.საო იუანი და ჟან იანქუანი (ჩინეთი) – 486.78 ქულა
2.ივან გარსია და ხერმან სანჩესი (მექსიკა) – 468.90 ქულა
3.დევიდ ბუდია და ნიკოლას მაკკრორი (აშშ) – 463.47 ქულა

ka_GEGeorgian