ლონდონი 2012: 4 აგვისტო

ყოველთვის სიხარულით ვამბობ, რომ სპორტის იმ სახეობებში, რომელიც მაინტერესებს და ბავშვობიდან ვადევნებ თვალს, საუკეთესოები მინახავს.

ფეხბურთი თავისთავად გასაგებია: როცა სპორტის მეფის ცქერა დავიწყე, 1986 წელს მექსიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან, დიეგო მარადონა საოცრებებს ახდენდა. შემდეგ იყო ყველა დროის უდიდესი ფრანგი ზინედინ ზიდანი. ბოლოს ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ გამოჩნდნენ…

კალათბურთია და როცა ნაცრისფერ საბჭოთა კავშირში, რკინის ფარდის მიღმა NBA-მ შემოაღწია, ნაციონალური ლიგის ოქროს წლები იდგა: დიადი მაიკლ ჯორდანი, ლოს ანჯელეს ლეიკერსის სიმბოლო ირვინ მეჯიქ ჯონსონი, ბოსტონ სელტიქსის მშვენება ლარი ბერდი, დეტროიტელი აიზია ტომასი, ჩიკაგო ბულსის ოქროს წლებში მუდმივად ნომერ მეორე – სკოტი პიპენი, იუტა ჯაზის ლეგენდარული წყვილი – ჯონ სტოქტონი და კარლ მელოუნი, პორტლენდელი კლაიდ დრექსლერი, სან ანტონიოს „ადმირალი“ დევიდ რობინსონი… მათ შაკის და კობის ეფექტური და დიდებული თაობა მოჰყვა.

ფორმულა 1-იაც ძალიან მიყვარს. 1991 წლიდან ვტკბები სამეფო რბოლებით: ფრანგი „პროფესორი“ ალენ პროსტი; მართლა ძალიან მაგარი ბრაზილიელი, ტრაგიკულად დაღუპული აირტონ სენა, ბრიტანელი ჯენტლმენი ნაიჯელ მენსელი… კიდევ ჩამოვთვალო? „წითელ ბარონზე“, ყველაფრის მომგებ და უკვდავი რეკორდების ავტორ მიხაელ შუმახერზე არაფერს ვამბობ. ის ხომ ჩემი საყვარელი გუნდის, ფერარის ლიდერი იყო!

ჩოგბურთიც ვახსენოთ. 90-იანების დასაწყისში, როცა ჩემნაირი მოკვდავებისთვის დიდი ტურნირების პირდაპირ ეთერში ცქერა შესაძლებელი გახდა, ამერიკელი პიტ სამპრასი იწყებდა აღმასვლას, ჟღალთმიანი ბორის ბეკერი უკვე მწვერვალებიდან ეშვებოდა, შიგადაშიგ ანდრე აგასი ახდენდა საოცრებებს… მერე უბადლო შვეიცარიელი როჯერ ფედერერი გამოჩნდა, ჩემი აზრით ყველა დროის უდიდესი ჩოგბურთელი და მას მალე თიხნარის მეფე რაფა ნადალი, ცოტა მოგვიანებით კი ნოვაკ ჯოკოვიჩიც მოჰყვა.

რაც შეეხება ცურვას, ვნახე სეულის თამაშების გმირი მეტ ბიონდი, ვნახე რუსი ალექსანდრ პოპოვი, ჰოლანდიელი პიტერ ვან დერ ჰოოგენბანდი (ის ახლა ევროსპორტზე მუშაობს ოლიმპიადის ექსპერტად), „ტორპედოდ“ წოდებული ავსტრალიელი იან ტორპიც, მაგრამ ოთხი წლის წინ, პეკინის ოლიმპიადაზე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ყველა დროის საუკეთესო მოცურავე მაიკლ ფელპსია!

დღეს ბალტიმორელი ვარსკვლავი მხოლოდ ცურვის კი არა, ზოგადად, სპორტის ლეგენდებს შორის სახელდება, არადა მხოლოდ 27 წლისაა.

ლონდონში ამერიკელი ერთხელაც ჩახტება აუზში, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ოქროს მოიგებს და მერე ხელსაც დაგვიქნევს – ოლიმპიადამდე თქვა, რომ ამ თამაშებით კარიერას ამთავრებს.

ფელპსი წარუშლელ კვლავს ტოვებს სპორტის ისტორიაში: მსოფლიო პირველობებზე მოგებულ მედლებზე არაფერს ვამბობ, ოლიმპიადებზე უკვე 21 ჯილდო აქვს, აქედან 17 ოქროსი და ეს ისეთი მიღწევაა, მეეჭვება ამის გამმეორებელს ჩვენ მოვესწროთ.

კარგა ხანია ამბობენ, რომ მაიკლი მოვლენაა და ასეთი სპორტსმენები საუკუნეში ერთხელ იბადებიან. ცხადია ასეა – შედეგები ხომ ყველაფერზე მეტყველებს! ერთ-ერთ ინტერნეტგამოცემაში ამოვიკითხე, რომ ფელპსის სხეული მეცნიერებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს: ფეხებთან შედარებით უჩვეულოდ გრძელი ტორსი, ელასტიური კუნთები და გრძელი მკლავები ხელის დიდ მტევნებთან ერთად სწორედ ის საიდუმლოა, რომელსაც უამრავი ოქროს მედალი მოაქვს.

ვერ გეტყვით ნამდვილად ესაა თუ არა მაიკლის ზღაპრული წარმატების საიდუმლო, ალბათ, გარკვეულწილად ასეცაა, მაგრამ მგონია, რომ მთავარი მაინც ის რეჟიმია, რითაც ფელპსი თითქმის 20 წელიწადია ცხოვრობს და რის გამოც ცურვას… თავს ანებებს: დილიდან საღამომდე მომქანცველი ვარჯიში აუზსა და სატრენაჟორო დარბაზში.

როცა 27 წლის ხარ და ცხოვრება უამრავ სიხარულს გჩუქნის, როცა მსოფლიო გიცნობს და გოგონებსაც ძალიან ლამაზი ფეხები აქვთ, ძნელია ყველაფერზე უარი თქვა და მხოლოდ სწრაფ ცურვაზე იფიქრო.

უარს იტყვი ერთხელ, მეორედ, მესამედ, მაგრამ როდემდე? მაიკლმა ძალიან დიდხანს იუარა ყველაფერი და ახლა, როცა ათობით ოქროს მედალი მოიგო, წასვლა გადაწყვიტა. ჩვენ გვახსოვს მოცურავეები, რომლებმაც კარიერა 30 წლის შემდეგაც განაგრძეს და წარმატებებსაც მიაღწიეს, მაგრამ გულახდილად ვთქვათ, როდემდე უნდა დარჩეს აუზში 17-გზის ოლიმპიური ჩემპიონი?

როცა მეუბნებიან, როგორ მივაღწიე ამდენს, მარტივად ვპასუხობ: ძალიან მინდოდა პირველი ვყოფილიყავი. იოლია ამის თქმა, მაგრამ როგორი შრომა იმალება ამ სიტყვების უკან, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ“, – ლონდონში ჩასვლამდე ფელპსმა მთელ ამერიკას CNN-ის საშუალებით გადაუშალა გული.

გუშინ ქვეყნის სიამაყემ 21-ე ოლიმპიური მედალი და მე-17 ოქრო მოიგო – ბატერფლაით 100 მეტრზე ყველას აჯობა, არადა, დისტანციის ზუსტად ნახევრის შემდეგ მედლის კანდიდატთა შორისაც არ იყო.

ერთი სპორტსმენის მე-17 ოქროს მედალი! წარმოუდგენელი შედეგია არა?! სტატისტიკოსებმა დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ მაიკლი დამოუკიდებელი ქვეყანა რომ ყოფილიყო – „ფელპსის სახელმწიფო დროშის“ ქვეშ ეცურა, თამაშების ისტორიაში მედლების საერთო რაოდენობით არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 42-ე იქნებოდა!

როგორია?

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 4 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი olympic.org/london-2012


მედალოსნები: 3 აგვისტო
ბადმინტონი
შერეული წყვილები
1.ჟან ნანი და ჟაო იუინლეი (ჩინეთი)
2.შუ ჩენი და მა ჟინი (ჩინეთი)
3.იოახიმ ფიშერ ნილსენი და კრისტინა პედერსენი (დანია)

ბატუტზე ხტომა
ვაჟები
1.დონ დონი (ჩინეთი) – 62.990 ქულა
2.დმიტრი უშაკოვი (რუსეთი) – 61.769 ქულა
3.ლუ ჩუნლონი (ჩინეთი) – 61.319 ქულა

ველოსპორტი
ვაჟები – გუნდური გამოდევნებით
1.დიდი ბრიტანეთი (ედ კლენსი, გერეინტ თომასი, სტივენ ბარკი, პიტერ კენო) – 3:51.659წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.ავსტრალია (ჯეკ ბობრიჯი, გლენ ო’შეა, როენ დენისი, მაიკლ ჰეპბერნი) – 3:54.581წთ
3.ახალი ზელანდია (სემ ბევლი, აარონ გეიტი, მარკ რაიანი, ჯესი სერჯენტი, ვესლი გაფი) – 3:55.952წთ
გოგონები – კეირინი
1.ვიქტორია პენდლტონი (დიდი ბრიტანეთი)
2.გუო შუანი (ჩინეთი)
3.ლი ვაი სზე (ჰონგ კონგი)

მშვილდოსნობა
ვაჟები
1.ო ჯინ-ჰიეკი (სამხრეთი კორეა)
2.ტაკაჰარუ ფურუკავა (იაპონია)
3.დაი შიაოშიანი (ჩინეთი)

მძლეოსნობა
ვაჟები – ბირთვის კვრა
1.ტომაშ მაიევსკი (პოლონეთი) – 21.89მ
2.დევიდ შტორლი (გერმანია) – 21.86მ
3.რიის ჰოფა (აშშ) – 21.23მ
გოგონები – 10 000მ
1.ტირუნეშ დიბაბა (ეთიოპია) – 30:20.75წთ
2.სალი კიპიეგო (კენია) – 30:26.37წთ
3.ვივიენ შერუიო (კენია) – 30:30.44წთ

ნიჩბოსნობა
ვაჟები – წყვილმოსასმელიანი
1.მეჰე დრისდეილი (ახალი ზელანდია) – 6:57.82წთ
2.ონჟეი სინეკი (ჩეხეთი) – 6:59.37წთ
3.ალან კემპბელი (დიდი ბრიტანეთი) – 7:03.28წთ
ვაჟები – ორადგილიანი ცალმოსასმელიანი
1.ერიკ მარეი და ჰემიშ ბონდი (ახალი ზელანდია) – 6:16.65წთ
2.ჟერმეინ შარდინი და დორიენ მორტელეტი (საფრანგეთი) – 6:21.11წთ
3.ჯორჯ ნეში და უილიამ სეჩი (დიდი ბრიტანეთი) – 6:21.77წთ
ვაჟები – ოთხადგილიანი წყვილმოსასმელიანი
1.კარლ შულცე, ფილიპ ვენდე, ლორიც შოოფი, ტიმ გროჰმანი (გერმანია) – 5:42.48წთ
2.დავიდ შაინი, მარტინ სინკოვიჩი, დამირ მარტინი, ვალენტ სინკოვიჩი (ხორვატია) – 5:44.78წთ
3.კრის მორგანი, კარსტენ ფორსტერლინგი, ჯეიმს მაკრეი, დენიელ ნუნენი (ავსტრალია) – 5:45.22წთ
გოგონები – ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი
1.ანა უოტკინსი და ქეთრინ გრეინგერი (დიდი ბრიტანეთი) – 6:55.82წთ
2.კიმ ქროუ და ბრუკ პრეტლი (ავსტრალია) – 6:58.55წთ
3.მაგდალენა ფულარჩუკი და ჯულია მიჩალსკა (პოლონეთი) – 7:07.92წთ

ტყვიის სროლა
ვაჟები – ჩქაროსნული პისტოლეტი (25მ)
1.ლეურის პუპო (კუბა) – 34 ქულა (მსოფლიო რეკორდის გამეორება, ოლიმპიური რეკორდი)
2.ვიჯეი კუმარი (ინდოეთი) – 30 ქულა
3.დინ ფენი (ჩინეთი) – 27 ქულა
ვაჟები – შაშხანა წოლელა (50მ)
1.სერგეი მარტინოვი (ბელარუსი) – 705,5 ქულა (მსოფლიო რეკორდი)
2.ლაიონელ კოქსი (ბელგია) – 701,2 ქულა
3.რაიმონდ დებევეცი (სლოვენია) – 701,0 ქულა

ფარიკაობა
ვაჟები – ხმალი, გუნდური
1.სამხრეთი კორეა (გუ ბონ-გილი, ვონ ვუ-იანგი, კიმ იუნგ-ჰვანი, ო ეუნ-სეოკი)
2.რუმინეთი (რარეშ დუმიტრესკუ, ტიბერიუ დოლნიჩეანუ, ფლორინ ზალომირი, ალექსანდრუ სირიცეანუ)
3.იტალია (ალდო მონტანო, დიეგო ოკიუცი, ლუიჯი სამელე, ლუიჯი ტარანტინო)

ცურვა – ვაჟები
ვაჟები – თავისუფალი, 50მ
1.ფლორინ მანადუ (საფრანგეთი) – 21.34წმ
2.კალენ ჯონსი (აშშ) – 21.54წმ
3.სეზარ სიელო (ბრაზილია) – 21.59წმ
ვაჟები – ბატერფლაი, 100მ
1.მაიკლ ფელპსი (აშშ) – 51.21წმ
2.ჩად ლე კლოსი (სამხრეთი აფრიკა) და ევგენი კოროტიშკინი (რუსეთი) – 51.44წმ
3.არ გათამაშდა
გოგონები – გულაღმა, 200მ
1.მისი ფრანკლინი (აშშ) – 2:04.06წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.ანასტასია ზუევა (რუსეთი) – 2:05.92წთ
3.ელიზაბეთ ბისელი (აშშ) – 2:06.55წთ
გოგონები – თავისუფალი, 800მ
1.კეტი ლედეკი (აშშ) – 8:14.63წთ
2.მირეია ბელმონტე გარსია (ესპანეთი) – 8:18.76წთ
3.რებეკა ედლინგტონი (დიდი ბრიტანეთი) – 8:20.32წთ

ძალოსნობა
ვაჟები – 85კგ
1.ადრიან ზიელინსკი (პოლონეთი) – 385კგ (174+211)
2.კიანუშ როსტამი (ირანი) – 380კგ (171+209)
3.ტარეკ იეჰია (ეგვიპტე) – 375კგ (165+210)
*-რაულ ცირეკიძე – 362კგ (162+200) მე-9 ადგილი
ქართველი ძალოსნის ტესტი მოგვიანებით კიდევ ერთხელ გადაისინჯა. ცირეკიძეს დეჰიდროქლოროთილტესტერონის და სტანოზოლოლის მიღება დაუმტკიცდა და მე-9 ადგილიც ჩამოერთვა
გოგონები – 75კგ
1.ლიდია ვალენტინი (ესპანეთი) – 265კგ (120+145)
2.აბეერ აბდელრაჰმანი (ეგვიპტე) – 258კგ (118+140)
3.მადიას ნზესო (კამერუნი) – 246კგ (115+131)

ძიუდო
ვაჟები – +100კგ
1.ტედი რინერი (საფრანგეთი)
2.ალექსანდრ მიხაილინი (რუსეთი)
3.რაფაელ სილვა (ბრაზილია) და ანდრეას ტოლცერი (გერმანია)
*-ადამ ოქრუაშვილი
1/16 – ანდრეას ტოლცერი (გერმანია) – მარცხი
გოგონები – +78კგ
1.იდალის ორტისი (კუბა)
2.მიკა სუგიმოტო (იაპონია)
3.კარინა ბრაიანტი (დიდი ბრიტანეთი) და ტონ ვენი (ჩინეთი)

ka_GEGeorgian