ლონდონი 2012: 5 აგვისტო

გუშინ ჩვენი ოლიმპიური გუნდი კიდევ ერთი სპორტსმენით წარდგა ლონდონში: ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა ფინალში კი გავიდა, მაგრამ მედალს ვეღარ შეწვდა. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიელი საბოლოოდ მე-7 ადგილზე გავიდა. ოთხი წლის წინ, პეკინში ლუბა მე-6 იყო.

სამი დღის წინ, ვარჯიშის დროს ბატუტიდან ჩამოვვარდი და ფეხი მეტკინა. ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ გადახვეული ტერფით მაინც გავედი. ბოლომდე ძალას ვერ ვატანდი და ამანაც ძალიან შემეშალა ხელი. ამის გათვალისწინებით, საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევაც წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. სამწუხაროდ პეკინური შედეგი ვერ გავაუმჯობესე, არადა, როგორ ვემზადებოდი“! – განაცხადა ლუბამ.

ამასობაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შესახებ საუბარი არ წყდება. გუნდის მთავარი მწვრთნელი პიტერ ზაიზენბახერი, ვინც ჯერ კიდევ ლონდონშია, ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ლაშა შავდათუაშვილის ოქროს მედალი ნამდვილად იძლევა კმაყოფილების საბაბს.

ავსტრიელი სპეციალისტის აზრით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძიუდოს სამშობლო იაპონიამ ოქრო საერთოდ ვერ აიღო, ისეთ ძლიერ ქვეყანას კი, როგორიც საფრანგეთია, ჩვენსავით ერთი ჩემპიონი ჰყავს, მხოლოდ დადებითად უნდა შევაფასოთ ქართველი ძიუდოისტების გამოსვლა.

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ხომ გაგიგონიათ? ვფიქრობ ზუსტად ასეა ზაიზენბახერის ამბავი. ჯერ ერთი, რა ჩვენი საქმეა რამდენი მედალი მოიპოვა იაპონიამ და საფრანგეთმა? ჩვენ ჩვენსას მივხედოთ. და თუ შედარებაა, რაღა უარესს ვედრებით? მაგალითად რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრები დავისახოთ: მთელ ოლიმპიურ რუსეთს ლონდონში სამი ოქრო აქვს და სამივე ვაჟ ძიუდოისტთა წყალობით! ეგეც არ იყოს, ოქროს მედლებს როგორმე ზაიზენბახერის გარეშეც დავითვლით, მაგრამ რა ვუყოთ იმ გაწბილებას, შავდათუაშვილის თანაგუნდელების ტატამზე ხილვისას რომ დაგვეუფლა? ბეთქილ შუკვანის, ნუგზარ ტატალაშვილის, ავთანდილ ჭრიკიშვილის, ვალერი ლიპარტელიანის, ლომერ ჟორჟოლიანის და ადამ ოქრუაშვილის ცუდ ასპარეზობას ვითომ გადაფარავს ლაშას ოქროს გასროლა? კი ბატონო, გავიგეთ, რომ ოლიმპიადის მოგება დიდებულია, მაგრამ როცა გვახსენდება თუ რა შედეგს ველოდით ამ გუნდისგან და საბოლოოდ რა მივიღეთ, კმაყოფილები ნამდვილად ვერ ვიქნებით.

ოლიმპიადაზე ჩვენი ფალავნების ასპარეზობა ლელოს გუშინდელ ნომერში ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა ხაბარელმაც შეაფასა. ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების აღმზრდელმა სპეციალისტმა ჩვენების ავსტრიელ დამრიგებელს საქმიანობა დაუწუნა, ინტერვიუს ბოლოს კი თქვა: ფედერაცია ფედერაციას არ ჰგავს. იქ ისეთები არიან, რომლებიც არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენენ სპორტსმენებისთვის. გინდ აღმასრულებელი კომიტეტი აიღეთ, გინდ თვითონ ფედერაციის ხელმძღვანელობაერთი სიტყვით, მართვის კრიზისია და არა ნიჭის“.


როცა ამ სიტყვებს კითხულობ, ძნელია ბეთქილ შუკვანის ამბავი არ გაგახსენდეს. რა მოხდა სინამდვილეში ოლიმპიურ სოფელში, ეს ჯერ საბოლოოდ არ გარკვეულა და კაცმა რომ თქვას, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა – როცა სპორტსმენი ნაადრევად ტოვებს გუნდს და შინ ბრუნდება, იქ მხოლოდ ერთი მხარე ვერ იქნება დამნაშავე. მომხდარი პირდაპირ თუ ირიბად ადასტურებს შოთა ხაბარელის მოსაზრებას – გუნდში და ქართულ ძიუდოში მართვის კრიზისია. ძიუდოისტების ჩავარდნის დაწვრილებით განხილვა სპორტის ამ სახეობის მცოდნე ჟურნალისტებს და სპეციალისტებს მივანდოთ. ადრე თუ გვიან შუკვანის ამბავიც გაირკვევა და ზაიზენბახერის გუნდის გამოსვლაც ზუსტად შეფასდება.

დღეს ოლიმპიადაზე ასპარეზობას იწყებენ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები: 74კგ წონით კატეგორიაში ზურაბ დათუნაშვილი სამხრეთ კორეელს დაუპირისპირდება. ძალიან მინდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ, როცა საქართველოს კლასიკოსთა და თავისუფალთა ნაკრები ლონდონის ექსელის საგამოფენო დარბაზში გამოსვლას დაასრულებს, ჩვენი ფალავნების ქება-დიდებაში გავეჯიბროთ ერთმანეთს.

სანამ საქართველოს ოლიმპიური გუნდი ჯერ კიდევ ერთი ოქროს ამარაა, არაოფიციალურ გუნდურ პაექრობაში ამერიკელებმა ჩინელებს გაასწრეს. ოკეანისგაღმელებმა ცურვაში გუშინ კიდევ ორი ოქრო მოიგეს: თანაგუნდელებთან ერთად 4X100-ზე კომპლექსურის მომგები მაიკლ ფელპსი მეთვრამეტედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (!), იმავე დისციპლინაში კი ამერიკელმა გოგონებმა მეტოქეებს შანსი არ დაუტოვეს. მისი ფრანკლინმა მე-4 ოქროთი დაიმშვენა მკერდი, დანა ვოლმერი და ელისონ შმიტი მესამედ გახდნენ ლონდონი 2012-ის გამარჯვებულები, რებეკა სონი კი მეორედ დადგა ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

ამერიკელებმა გუშინ უიმბლდონის კორტებზეც გაიხარეს. სერენა უილიამსმა ფინალში მარია შარაპოვა არ დაინდო – 6:0, 6:1 – და ერთეულთა შორის მოიგო ოლიმპიური ოქრო, ტყუპმა ძმებმა ბობ და მაიკ ბრაიანებმა კი კარიერაში 79-ე ტიტული მიითვალეს წყვილთა შორის: ფრანგებს მიშელ ლოდრას და ჟო-ვილფრიდ ცონგას ორ სეტში აჯობეს – 6:4, 7:6.

თუ ბრაიანები პირველად გახდნენ ოლიმპიადის ჩემპიონები, სერენამ ეს ტიტული მესამედ მოიგო. ეგაა მხოლოდ, რომ 2000 წელს სიდნეიში და 2008 წელს პეკინში დაიკო ვინუსთან ერთად იპირველა წყვილთა შორის, ახლა კი ერთეულთა ასპარეზობა მოიგო. ლეგენდარული გერმანელის შტეფი გრაფის შემდეგ სერენა მხოლოდ და მხოლოდ მეორე ჩოგბურთელი ქალია, რომელმაც დიდი სლემის ოთხივე ტურნირი მოიგო და ეს ყველაფერი ოლიმპიური ოქროთი დაამშვენა.

ტანკენარ შარაპოვასთან ტრიუმფით ამერიკელმა ჩოგბურთელმა ბალახის კორტებზე ბრწყინვალე ასპარეზობა დაასრულა. გემახსოვრებათ: ოლიმპიადამდე სერენამ უიმბლდონი მოიგო. თითქმის ერთი თვის წინ იქვე იმარჯვა ვაჟთა რეიტინგის ლიდერმა როჯერ ფედერერმა. შეძლებს თუ არა მხიარული შვეიცარიელი უიმბლდონის კორტებზე ზედიზედ მეორედ ზეობას, ამას მალე გავიგებთ: როგორც ერთი თვის წინანდელ ფინალში, ის ახლაც ბრიტანელთა იმედს, ენდი მარის ხვდება.

გაახარებს თუ არა გაერთიანებულ სამეფოს შოტლანდიელი მარი, ამას ძალიან მალე გავიგებთ, გუშინ კი ოლიმპიურ სტადიონზე შეყრილმა დიდი ბრიტანეთის გუნდის ქომაგებმა მძლეოსნობაში 3 ოქროთი გაიხარეს!

წლევანდელი სეზონის ლიდერმა გრეგ რუზერფორდმა სიგრძეზე ხტომა მოიგო – 8 მეტრსა და 31 სანტიმეტრზე „გადაფრინდა“; ჯესიკა ენისმა შვიდჭიდში დიდი უპირატესობით იმარჯვა და უნიონ ჯეკიც ააფრიალა; ბრიტანელთათვის ტრიუმფალური 45 წუთი კი 10 კილომეტრზე სირბილში მო ფარამ დაასრულა – „ფარაონმა“ პირველმა გადაკვეთა ფინიში!

გუშინ ოლიმპიური სტადიონის სარბენ ბილიკზე მუტანტად წოდებული იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტიც გამოჩნდა – 100 მეტრზე სპრინტში საკვალიფიკაციო ეტაპი იოლად გადალახა და დღეს პეკინში მოგებული ოქროს დაცვას შეეცდება.

შეძლებს თუ არა ბოლტი პრესტიჟულ დისტანციაზე ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას, ეს არავინ იცის. სამაგიეროდ, გუშინ ყველამ იხილა ბოლტის თანამემამულის, 25 წლის შელი-ენ ფრეიზერ-პრაისის ტრიუმფი: პეკინის თამაშების ოქრომედალოსანი ლონდონშიც პირველი იყო – 100 მეტრი 10,75 წამში დაფარა!

ახლა უსეინის ჯერია. მსოფლიოს ყველაზე სწრაფმა ადამიანმა ოთხი წლის წინ ოლიმპიური რეკორდით – 9,69 წამით მოიგო პეკინის ოქრო.

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 5 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი olympic.org/london-2012

მედალოსნები: 4 აგვისტო
ბადმინტონი
გოგონები
1.ლი შუერუი (ჩინეთი)
2.ვან იუიჰანი (ჩინეთი)
3.საინა ნეჰვალი (ინდოეთი)
გოგონები – წყვილები
1.ტიან ქინი და ჟაო იუინლეი (ჩინეთი)
2.მიზუკი ფუჯიი და რეიკა კაკიივა (იაპონია)
3.ვალერია სოროკინა და ნინა ვისლოვა (რუსეთი)

ბატუტზე ხტომა
გოგონები
1.როზანა მაკლენენი (კანადა) – 57.305 ქულა
2.ჰუან შანშანი (ჩინეთი) – 56.730 ქულა
3.ჰე ვენა (ჩინეთი) – 55.950 ქულა
*-ლუბა გოლოვინა
52.925 ქულა – მე-7 ადგილი ფინალში

ველოსპორტი
გოგონები – გუნდური გამოდევნებით
1.დიდი ბრიტანეთი (დენიელ კინგი, ლაურა ტროტი, ჯოანა როუსელი) – 3:14.051წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.აშშ (სარა ჰამერი, დოტსი ბოში, ჯენი რიდი, ლორენ ტამაიო) – 3:19.727წთ
3.კანადა (ტარა უითენი, ჯილიან კერლტონი, ჟასმინ გლესერი) – 3:17.917წთ

მძლეოსნობა
ვაჟები – 10 000მ
1.მო ფარა (დიდი ბრიტანეთი) – 27:30.42წთ
2.გალენ რაპი (აშშ) – 27:30.90წთ
3.ტარიკუ ბეკელე (ეთიოპია) – 27:31.43წთ
ვაჟები – სპორტული სიარული, 20კმ
1.ჩენ დინი (ჩინეთი) – 1:18:46სთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ერიკ ბარონდო (გვატემალა) – 1:18:57სთ
3.ვან ჟენი (ჩინეთი) – 1:19:25სთ
ვაჟები – სიგრძეზე ხტომა
1.გრეგ რუზერფორდი (დიდი ბრიტანეთი) – 8.31მ
2.მიჩელ უოტი (ავსტრალია) – 8.16მ
3.უილ კლეი (აშშ) – 8.12მ
*-ბოლესლავ სხირტლაძე
7.26მ – ვერ გადალახა საკვალიფიკაციო ეტაპი
გოგონები – 100მ
1.შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა) – 10.75წმ
2.კარმელიტა ჯეტერი (აშშ) – 10.78წმ
3.ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი (იამაიკა) – 10.81წმ
გოგონები – ბადროს ტყორცნა
1.სანდრა პერკოვიჩი (ხორვატია) – 69.11მ
2.ლი იანფენი (ჩინეთი) – 67.22მ
3.იარელის ბარიოსი (კუბა) – 66.38მ
გოგონები – შვიდჭიდი
1.ჯესიკა ენისი (დიდი ბრიტანეთი) – 6 955 ქულა
2.ლილი შვარცკოფი (გერმანია) – 6 649 ქულა
3.აუსტრა სკუიტე (ლიეტუვა) – 6 599 ქულა

ნიჩბოსნობა
ვაჟები – ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი, მსუბუქი
1.მადს რასმუსენი და რასმუს ქუისტ ჰანსენი (დანია) – 6:37.17წთ
2.ზაკ ფურჩეიზი და მარკ ჰანტერი (დიდი ბრიტანეთი) – 6:37.78წთ
3.სტორმ ურუ და პეტერ ტეილორი (ახალი ზელანდია) – 6:40.86წთ
ვაჟები – ოთხადგილიანი ცალმოსასმელიანი
1.ალექს გრეგორი, ტომ ჯეიმსი, პიტ რიდი, ენდრიუ ტრიგს-ჰოჯი (დიდი ბრიტანეთი) – 6:03.97წთ
2.ჯეიმს ჩეპმენი, ჯოშუა დანკლი-სმიტი, დრიუ გინი, უილიამ ლოქვუდი (ავსტრალია) – 6:05.19წთ
3.ჩარლი კოული, სკოტ გოლტი, გლენ ოჩელი, ჰენრიკ რამელი (აშშ) – 6:07.20წთ
გოგონები – წყვილმოსასმელიანი
1.მიროსლავა კნაპკოვა (ჩეხეთი) – 7:54.37წთ
2.ფიე უდბი ერიქსენი (დანია) – 7:57.72წთ
3.კიმ ქროუ (ავსტრალია) – 7:58.04წთ
გოგონები – ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი, მსუბუქი
1.კეტრინ კოპლენდი და სოფი ჰოსკინგი (დიდი ბრიტანეთი) – 7:09.30წთ
2.შუ დონშიანი და ჰუან ვენი (ჩინეთი) – 7:11.93წთ
3.ქრისტინა გიაზიციდუ და ალექსანდრა ციავუ (საბერძნეთი) – 7:12.09წთ

ტრიათლონი
გოგონები
1.ნიკოლა სპირიგი (შვეიცარია) – 1:59:48სთ
2.ლიზა ნორდენი (შვედეთი) – 1:59.48სთ
3.ერინ დენშემი (ავსტრალია) – 1:59.50სთ

ტყვიის სროლა
გოგონები – შაშხანა 3 პოზიციიდან (50მ)
1.ჯემი ლინ გრეი (აშშ) – 691,9 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.ივანა მაქსიმოვიჩი (სერბეთი) – 687,5 ქულა
3.ადელა სიკოროვა (ჩეხეთი) – 683,0 ქულა
გოგონები – სანგარი
1.ჯესიკა როსი (იტალია) – 99 ქულა (მსოფლიო რეკორდი)
2.ზუზანა შტეფეცკოვა (სლოვაკეთი) – 93 ქულა
3.დელფინ რო (საფრანგეთი) – 93 ქულა

ფარიკაობა
გოგონები – დაშნა, გუნდური
1.ჩინეთი (სუნ იუიჟიე, შუ ანქი, ლი ნა, ლუო შიაოჟუანი)
2.სამხრეთი კორეა (შინ ა-ლამი, ჩოი ინ-ჯეონი, იუნ ჰუო-იუნი, ჩოი ეუნ-სოოკი)
3.აშშ (კორტნი ჰარლი, კელი ჰარლი, მაია ლოურენსი, სუსი სკენლენი)

ჩოგბურთი
ვაჟები – წყვილები
1.ბობ ბრაიანი და მაიკ ბრაიანი (აშშ)
2.მიქაელ ლოდრა და ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი)
3.ჟულიენ ბენეტო და რიშარ გასკე (საფრანგეთი)
გოგონები
1.სერენა უილიამსი (აშშ)
2.მარია შარაპოვა (რუსეთი)
3.ვიქტორია აზარენკა (ბელარუსი)
*-ანა ტატიშვილი
1/32 – სტეფანი ვოგტი (ლიხტენშტაინი) – 6:2, 6:0
1/16 – ნადია პეტროვა (რუსეთი) – 3:6, 7:6, 2:6

ცურვა – ვაჟები
ვაჟები – თავისუფალი, 1 500მ
1.სუნ იანი (ჩინეთი) – 14:31.02წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.რაიან კოჩრეინი (კანადა) – 14:39.63წთ
3.უსამა მელული (ტუნისი) – 14:40.31წთ
ვაჟები – კომბინირებული, 4X100
1.აშშ (მეტ გრევერსი, ბრენდან ჰანსენი, მაიკლ ფელპსი, ნათან ედრიენი) – 3:29.35წთ
2.იაპონია (რიოსუკე ირიე, კოსუკე კიტაჯიმა, ტაკეში მაცუდა, ტაკურო ფუჯიი) – 3:31.26წთ
3.ავსტრალია (ჰეიდენ სტოეკელი, კრისტიან სპრენგერი, მეტ ტარგეტი, ჯეიმს მაგნუსენი) – 3:31.58წთ
გოგონები – თავისუფალი, 50მ
1.რანომი კრომოვიჯოჯო (ნიდერლანდები) – 24.05წმ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ალექსანდრა გერასიმენია (ბელარუსი) – 24.28წმ
3.მარლეენ ველდჰუისი (ნიდერლანდები) – 24.39წმ
გოგონები – კომბინირებული, 4X100
1.აშშ (მისი ფრანკლინი, რებეკა სონი, დანა ვოლმერი, ელისონ შმიტი) – 3:52.05წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.ავსტრალია (ემილი სიიბომი, ლაისელ ჯონსი, ალისია კატსი, მელანი შლენგერი) – 3:54.02წთ
3.იაპონია (აია ტერაკავა, სატომი სუძუკი, იუკა კატო, ჰარუკა უედა) – 3:55.73წთ

ძალოსნობა
ვაჟები – 94კგ
1.საეიდ მოჰამადპური (ირანი) – 402კგ (193+219)
2.კიმ მინ-ჯაე (სამხრეთი კორეა) – 395კგ (185+210)
3.ტომაშ ზიელინსკი (პოლონეთი) – 385კგ (175+210)

ka_GEGeorgian