ლონდონი 2012: 6 აგვისტო
გუშინ ის ვნახეთ, რაც წინა დღეების მანძილზეც არაერთხელ ვიხილეთ: ქართველი სპორტსმენი ნაადრევად დაემშვიდობა ოლიმპიადას. ახლა, როცა საშეჯიბრო დღეების ზუსტად ნახევარი მიილია, ნაღდად შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს ოლიმპიურ გუნდს მძიმე პერიოდი უდგას.
ძალიან მინდა 12 აგვისტოს, როცა ზაფხულის საიუბილეო, XXX ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურება და სპორტსმენები თუ, უბრალოდ, დიდი სანახაობის მოყვარულები ლეგენდარული Pink Floyd-ის, Queen-ის, The Beatles-ს და სხვა დიდებული ბრიტანული ჯგუფების უკვდავ კომპოზიციებს მოისმენენ, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ჩვენ გუნდს მედლების ის რაოდენობა მაინც ჰქონდეს, რითაც 4 წლის წინანდელი თამაშების შემდეგ იწონებდა თავს. პეკინიდან საქართველო 3 ოქროთი და 3 ბრინჯაოთი დაბრუნდა. ლონდონში, ჯერჯერობით, ერთადერთი ოქრო გვაქვს…
ჩვენმა სპორტსმენებმა საერთო მონაგარი ვერც გუშინ გაზარდეს. ბერძნულ-რომაული სტილით 74კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა, ვინც ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრია, მართლა კარგად დაიწყო: კორეელი ჯინჰეიკ კიმი დიდი უპირატესობით დაამარცხა და ამერიკელი ბენჯამინ პროვისორიც ორ სეტში დასცა, მაგრამ… 1/4 ფინალში დათუნაშვილი ემინ აჰმადოვთან გადამწყვეტ, მესამე სეტში დასანანად დამარცხდა და რადგან ნახევარფინალში აზერბაიჯანელმაც წააგო, ზურაბმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.
დღეს საჭიდაო ხალიჩაზე ჩვენი გუნდის კიდევ სამი წევრი გავა: 60კგ წონაში რევაზ ლაშხი პირველი წრიდან თავისუფალია, 1/8-ფინალში კი 23 წლის ეგვიპტელ საიედ აბდელმომენ საიედ ჰამედს დაეჭიდება; 84კგ-ში ქართველი ქომაგების გახარებას ვლადიმერ გეგეშიძე ეცდება. ჭაბუკთა შორის ევროპის ორგზის ჩემპიონის, 27 წლის ქართველი ფალავნის მეტოქე აზერბაიჯანელი სალმან აჰმან ტაჰმასებია. ლაშხის არ იყოს, ისიც მერვედფინალიდან იწყებს ასპარეზობას. რაც შეეხება მძიმე წონას (120კგ), აქ გურამ ფერსელიძეს ვიხილავთ. მას ჩილელი ანდრეს ანტონიო აიუბ ვალენსუელა ერგო.
ჭიდაობის სპეციალისტები თუ ვეტერანი სპორტსმენები ამბობენ, რომ ბეგი დარჩიას გაწვრთნილი გუნდი ლონდონში რამდენიმე მედალს აუცილებლად მოიპოვებს და მათ შორის ერთი, მინიმუმ, ოქრო იქნება. პროგნოზები რომ უმადური საქმეა, ეს უჩემოდაც გეცოდინებათ, ასე რომ, დაველოდოთ. დღეს საღამოს ბევრი რამ გვეცოდინება…
სპორტის დედოფალი კი სულ უფრო მომხიბვლელი ხდება: გუშინ გოგონებმა ლონდონის ქუჩებში მარათონის ოქრო გაითამაშეს, ჩემპიონი გამოვლინდა უროს ტყორცნაში და კიდევ რამდენიმე დისციპლინაში, მაგრამ მთავარი შეჯიბრება დღის ბოლოს ვიხილეთ: დედამიწის ყველაზე სწრაფი ბიჭები 100 მეტრზე სირბილში გაეჯიბრნენ ერთმანეთს.
უსეინ ბოლტი, ჯასტინ გეტლინი, ტაისონ გეი, ასაფა პაუელი, იოჰან ბლეიკი, რაიან ბეილი… ისინი ამ დისციპლინის ლეგენდები არიან, უამრავი ოქროს მედალი მოუგიათ და მონაცვლეობით უმარჯვიათ ოლიმპიურ თამაშებსა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე, მაგრამ…
როგორ გითხრათ? როცა სარბენ ბილიკზე ტანმაღალი იამაიკელი დგება, ყველა მის ჩრდილში ექცევა. ხვალ რა იქნება კაცმა არ იცის, მაგრამ დღეს ბოლტი უკონკურეტოა! კი ბატონო, იოჰან ბლეიკმა 100 მეტრზე სირბილში შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ისიც გეცოდინებათ, ამ სეზონში საუკეთესო შედეგი მას რომ ჰქონდა, მაგრამ როცა სპრინტერებმა ფინიში გადაკვეთეს, ტაბლოზე პირველად უსეინის გვარი აინთო – 9.63! ეს ოლიმპიური თამაშების ახალი რეკორდი და ყველა დროის მეორე შედეგია! ბოლტმა პეკინში დამყარებული თავისივე ოლიმპიური მიღწევა გააუმჯობესა!
„მწვრთნელმა მითხრა, სტარტზე ნუ ინერვიულებ, შენი კოზირი ფინიშია და ამაზე იფიქრეო“, – ჟურნალისტების ალყაში მოქცეულმა ახლა უკვე 4-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა პირველად ეს თქვა. პეკინის თამაშების სამგზის ტრიუმფატორს სტარტი მართლა არ გამოუვიდა – საწყის 20 მეტრზე პირველი მისი ვეტერანი თანამემამულე ასაფა პაუელი იყო, მაგრამ ფინიში… იცოცხლეთ! ისე, პაუელს კუნთი რომ არ დაჭიმვოდა, მძლეოსნობის ისტორიაში ახალი ოქროს ფურცელი ჩაიწერებოდა – ფინალის ყველა მონაწილე 10 წამზე ნაკლებ დროში ჩაეტეოდა. პაუელმა ფინიში რომ გადაკვეთა, წამზომმა 11.99 დააფიქსირა.
უსეინ ბოლტს ოლიმპიური სტადიონის ბილიკებზე კიდევ ორჯერ ვიხილავთ. „ელვა“ 200 მეტრზეც ეცდება პეკინში მოგებული ოქროს შენარჩუნებას, ხოლო ესტაფეტაში, 4X100-ზე მისი იამაიკა პირველი რომ იქნება, ამაში მძლეოსნობის ისეთ მოყვარულსაც არ ეპარება ეჭვი, როგორიც… მე ვარ.
ბოლტის გარდა გუშინ კიდევ ორმა სპორტსმენმა გააუმჯობესა თამაშების რეკორდი: ქალთა მარათონი 2:23.07 საათით მოიგო 24 წლის ეთიოპიელმა ტიკი გელანამ, ჩინელმა ძალოსანმა ლულუ ჟუმ კი +75კგ-ში 187-კილოიანი შტანგა დაძლია (ორჭიდის ჯამში მან სულაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა – 333კგ)!
გუშინვე დასრულდა ჩოგბურთელთა ტურნირი. ჩემპიონები პირველად გოგონათა წყვილებს შორის გამოვლინდნენ: ამერიკელი დები უილიამსები მესამედ გახდნენ ამ დისციპლინაში ოქროსმედალოსნები. ამჯერად ფინალში მათ ჩეხები, ანდრეა ჰლავაცკოვა და ლუსი ჰრადეცკა დაამარცხეს – 6:4, 6:4. ვინუსმაც და სერენამაც კარიერაში მე-4 ოლიმპიური ოქრო მოიგეს!
მერე კორტზე უიმბლდონის წლევანდელი ტრიუმფატორი როჯერ ფედერერი და ფინალისტი ენდი მარი გავიდნენ. ცენტრალურ არენაზე შეკრებილი ბრიტანელი ქომაგების გასახარად, შოტლანდიელმა სამ სეტში იოლად სძლია ფედერერს – 6:2, 6:1, 6:4. „ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა“! – განაცხადა მარიმ, რომელიც 1908 წლის შემდეგ პირველი ბრიტანელი ვაჟია, ოლიმპიური ოქრო ერთეულთა შორის რომ მოიგო. მას ზედიზედ მეორე ოქროს მოგებაც შეეძლო, თუმცა მიქსის ფინალში მისი და ლაურა რობსონის წყვილი ბელარუსებთან, მაქს მირნისთან და ვიქტორია აზარენკასთან დამარცხდა – 6:2, 3:6, 8:10.
გუშინვე თამაშების ისტორიაში ჩაეწერა კიდევ ერთი ბრიტანელი: აფროსანმა ბენ ენსლიმ ფინის კლასში ზედიზედ მე-4 ოლიმპიური ოქრო მოიგო! ატლანტის თამაშების ვიცე-ჩემპიონი პირველი იყო სიდნეიში, ათენში და პეკინში.
სანამ უძლიერესები მედლებს იხვეჭენ, ლონდონი 2012-ის საორგანიზაციო კომიტეტმა სიამაყით განაცხადა, რომ თამაშების დაწყების შემდეგ სპორტულმა არენებმა 4 მილიონამდე გულშემატკივარს უმასპინძლა, უშუალოდ ოლიმპიურმა პარკმა კი მილიონზე მეტი სტუმარი მიიღო. საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ლორდი სებასტიან კოე ამაყია და ამბობს, რომ მეორე ნახევარში, ანუ დღეიდან, ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება.
და კიდევ: გაირკვა, რომ 5 აგვისტოს ჩათვლით ოლიმპიური მედლები 58 ქვეყნის სპორტსმენებს მოუგიათ, დამყარებულა თამაშების 85 რეკორდი, მათ შორის 32 მსოფლიოსი.
ვერაფერს იტყვი, შესანიშნავია!
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 6 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympic.org/london-2012
მედალოსნები: 5 აგვისტო
აფროსნობა
ვაჟები – ფინი
1.ბენ ეინსლი (დიდი ბრიტანეთი)
2.იონას ჰიოგ-ქრისტენსენი (დანია)
3.ჯონათან ლობერი (საფრანგეთი)
ვაჟები – ვარსკვლავი
1.ფრედრიკ ლიოოფი და მაქს სალმინენი (შვედეთი)
2.იეინ პერსი და ენდრიუ სიმპსონი (დიდი ბრიტანეთი)
3.რობერტ შაიდტი და ბრუნო პრადა (ბრაზილია)
ბადმინტონი
ვაჟები
1.ლინ დანი (ჩინეთი)
2.ლი ჩონგ ვეი (მალაიზია)
3.ჩენ ლონი (ჩინეთი)
ვაჟები – წყვილები
1.საი იუნი და ფუ ჰაიფენი (ჩინეთი)
2.მათიას ბოე და კარსტენ მოგენსენი (დანია)
3.იუნ იაე-სუნი და ლი იონ-დაე (სამხრეთი კორეა)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
55კგ
1.ჰამიდ სურიანი (ირანი)
2.როვშან ბაირამოვი (აზერბაიჯანი)
3.პეტერ მოდოსი (უნგრეთი) და მინგიან სემენოვი (რუსეთი)
74კგ
1.რომან ვლასოვი (რუსეთი)
2.არსენ ჯულფალაკიანი (სომხეთი)
3.ალექსანდრ კაზაკევიჩი (ლიტვა) და ემინ აჰმადოვი (აზერბაიჯანი)
*-ზურაბ დათუნაშვილი
კვალიფიკაცია – კიმ ჯინ-ჰეოკი (სამხრეთი კორეა) – 5:0, 1:0
1/8 – ბენ პროვიზორი (აშშ) – 1:0, 6:0
1/4 – ემინ აჰმადოვი (აზერბაიჯანი) – 2:0, 0:3, 0:4
ველოსპორტი
ვაჟები – ომნიუმი (ექვსჭიდი)
1.ლასე ნორმან ჰანსენი (დანია) – 27 ქულა
2.ბრაიან კოკარი (საფრანგეთი) – 29 ქულა
3.ედ კლენსი (დიდი ბრიტანეთი) – 30 ქულა
მძლეოსნობა
ვაჟები – 100მ
1.უსეინ ბოლტი (იამაიკა) – 9.63წმ (ოლიმპიური რეკორდი)
2.იოჰან ბლეიკი (იამაიკა) – 9.75წმ
3.ჯასტინ გეტლინი (აშშ) – 9.79წმ
ვაჟები – 3 000მ წინაღობებით
1.ეზეკიელ კემბოი (კენია) – 8:18.56წთ
2.მაიედინ მეხისი-ბენაბადი (საფრანგეთი) – 8:19.08წთ
3.აბელ მუტაი (კენია) – 8:19.73წთ
ვაჟები – უროს ტყორცნა
1.კრიშტიან პარსი (უნგრეთი) – 80.59მ
2.პრიმოჟ კოზმუსი (სლოვენია) – 79.36მ
3.კოჯი მუროფუში (იაპონია) – 78.71მ
გოგონები – 400მ
1.სანია რიჩარდ-როსი (აშშ) – 49.55წმ
2.კრისტინ ოჰურუგუ (დიდი ბრიტანეთი) – 49.70წმ
3.დიიდიი ტროტერი (აშშ) – 49.72წმ
გოგონები – მარათონი
1.ტიკი გელანა (ეთიოპია) – 2:23:07სთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.პრისკა ჯეპტოო (კენია) – 2:23:12სთ
3.ტატიანა პეტროვა არხიპოვა (რუსეთი) – 2:23:29სთ
გოგონები – სამხტომი
1.ოლგა რიპაკოვა (ყაზახეთი) – 14.98მ
2.კატერინ იბარგუენი (კოლუმბია) – 14.80მ
3.ოლგა სალადუხა (უკრაინა) – 14.79მ
სპორტული ტანვარჯიში
ვაჟები – ტაიჭზე ვარჯიში
1.კრიშტიან ბერკი (უნგრეთი) – 16.066 ქულა
2.ლუის სმიტი (დიდი ბრიტანეთი) – 16.066 ქულა
3.მაქს უაითლოკი (დიდი ბრიტანეთი) – 15.600 ქულა
ვაჟები – თავისუფალი ვარჯიში
1.ზუ კაი (ჩინეთი) – 15.933 ქულა
2.კოჰეი უჩიმურა (იაპონია) – 15.800 ქულა
3.დენის აბლიაზინი (რუსეთი) – 15.800 ქულა
გოგონები – ბჯენითი ხტომა
1.სანდრა იზბაშა (რუმინეთი) – 15.191 ქულა
2.მაკკეილა მაროუნი (აშშ) – 15.083 ქულა
3.მარია პასეკა (რუსეთი) – 15.050 ქულა
ტყვიის სროლა
ვაჟები – პისტოლეტი (50მ)
1.ჯინ იონგ-ო (სამხრეთი კორეა) – 662,0 ქულა
2.ჩოი იანგ-რაე (სამხრეთი კორეა) – 661,5 ქულა
3.ვან ჟივეი (ჩინეთი) – 658,6 ქულა
ფარიკაობა
ვაჟები – რაპირა, გუნდური
1.იტალია (ვალერიო ასპრომონტე, ჯორჯო ავოლა, ანდრეა ბალდინი, ანდრეა კასარა)
2.იაპონია (სუგურუ ავაჯი, კენტა ჩიდა, რიო მიაიაკე, იუკი ოტა)
3.გერმანია (პეტერ იოპიხი, სებასტიან ბახმანი, ბენჯამინ კლაიბრინკი, ანდრე ვესელსი)
ჩოგბურთი
ვაჟები
1.ენდი მარი (დიდი ბრიტანეთი)
2.როჯერ ფედერერი (შვეიცარია)
3.ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა)
გოგონები – წყვილები
1.სერენა უილიამსი და ვინუს უილიამსი (აშშ)
2.ანდრეა ჰლავაცკოვა და ლუსი ჰრადეცკა (ჩეხეთი)
3.მარია კირილენკო და ნადია პეტროვა (რუსეთი)
*-ანა ტატიშვილი/მაკა ჩახნაშვილი
1/32 – თავისუფლები იყვნენ
1/16 – კატარინა სრებოტნიკი/ანდრეა კლეპაჩი (სლოვენია) 6:7, 6:3, 2:6
შერეული წყვილები
1.ვიქტორია აზარენკა და მაქს მირნი (ბელარუსი)
2.ლაურა რობსონი და ენდი მარი (დიდი ბრიტანეთი)
3.ლიზა რეიმონდი და მაიკ ბრაიანი (აშშ)
ძალოსნობა
გოგონები – +75კგ
1.ჟუ ლულუ (ჩინეთი) – 333კგ (146+187 ორ) (მსოფლიო რეკორდი)
2.ტატიანა კაშირინა (რუსეთი) – 332კგ (151 მრ+ 181)
3.იანგ მი-რანი (სომხეთი) – 289კგ (125+164)
წყალში ხტომა
გოგონები – ტრამპლინი (3მ)
1.ვუ მინშია (ჩინეთი) – 414.00 ქულა
2.ჰე ზი (ჩინეთი) – 379.20 ქულა
3.ლაურა სანჩესი (მექსიკა) – 362.40 ქულა