ლონდონი 2012: 7 აგვისტო

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხს ოქროს მოგება შეეძლო, მაგრამ 60კგ წონითი კატეგორიის ფინალში ირანელ ფალავანთან, ომიდ ჰაჯი ნორუზისთან დამარცხდა.

84კგ წონაში გურამ გეგეშიძეს ბრინჯაოს მედალი მსაჯებმა „ჩამოართვეს“: გადამწყვეტ სეტში ჯერ 2 ქულა მიაკუთვნეს, თუმცა ყაზახი მეტოქის პროტესტის შემდეგ, რატომღაც, უპირატესობა გაუუქმეს.

ბრინჯაოს მედალი უკანასკნელ ორთაბრძოლაში გაუშვა ხელიდან გურამ ფერსელიძემაც – რეპეშაჟიდან გავიდა დამამშვიდებელი წრის ფინალში, მაგრამ თურქ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა.

ძალოსნობაში, 105კგ წონაში გია მაჭავარიანი მედალთან კი არა, ოქროსთან იყო ახლოს, მაგრამ საბოლოო შედეგი ვერ დააფიქსირა – აკვრაში მოეცარა ხელი.

თქვენი არ ვიცი და მიუხედავად იმისა, რომ 6 აგვისტოს ლონდონის სპორტულ არენებზე ერთადერთმა ქართველმა მოიპოვა მედალი (არადა, კიდევ ერთხელ დავწერ – ყველას შეეძლო), გუშინდელი საშეჯიბრო დღით მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველაფერს თავი დავანებოთ, ხომ ვინერვიულე?! წინა დღეებში მსგავსი არაფერი ყოფილა.

იმედია, წინ კიდევ 2-3 ასეთი დღე მაინც გველის. ბეგი დარჩიას გაწვრთნილი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დღეს ოლიმპიადაზე გამოსვლას დაასრულებს, დღესვე ძალოსნობაში კიდევ ერთი ქართველი გავა ფიცარნაგზე, მერე კი ხალიჩებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები შევლენ. მოკლედ, სანერვიულო, იმედია, ჯერ კიდევ გველის და ვფიქრობ, გუნდის მონაგარიც გაიზრდება.

მედლების დათვლამდე ჯერ გვარიანად ადრეა და ამ საქმით ახლა ცოტა თუ იქცევს თავს. ამის დრო მალე მოვა, გუშინდელი დღის გმირი კი 25 წლის სამხრეთაფრიკელი მძლეოსანი ოსკარ პისტორიუსი იყო, რომელმაც 400 მეტრზე სპრინტში იასპარეზა.
თუ ტრიუმფატორთა ჩამონათვალში მის ძებნას დაიწყებთ, ახლავე გაფრთხილებთ, რომ ამაოდ გაირჯებით. პისტორიუსმა ნახევარფინალიდან ვერ გააღწია, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველა საინფორმაციო სააგენტო თუ ინტერნეტგამოცემა მასზე წერდა.

რატომ? იმიტომ, რომ ოსკარ პისტორიუსი პირველი სპორტსმენია ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს. გუშინწინ სპრინტერმა 400 მეტრი 46.54 წამში გაირბინა. მერე რა, რომ ბოლომ გადაკვეთა ფინიშის ხაზი? ბევრ გამარჯვებულს არ უგრძვნია ისეთი მხარდაჭერა, როგორიც სამხრეთაფრიკელს – ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე მისული 80 ათასი გულშემატკივარი ფეხზე იდგა და ბედთან მებრძოლს ტაშს უკრავდა!

პარალიმპური თამაშების 4-ზის გამარჯვებულს გულშემატკივრები კიდევ ერთხელ იხილავენ ოლიმპიურის სარბენ ბილიკზე – ოსკარი 4X100-ზე ესტაფეტაშიც იასპარეზებს.

11 თვის იყო, როცა მუხლს ქვემოთ ორივე ფეხი მოკვეთეს. მას შემდეგ პროთეზი მისი თანამდევია, მთავარი გატაცება კი სპორტია, რომელმაც ცხოვრებას აზრი შესძინა: ძალიან კარგად ვიცი, რომ ასე ყოფნა არავის უხარია, მაგრამ ხელი არასდროს ჩამიქნევია და ოცნება რეალობად ვაქციე – ოლიმპიადაზე გამოვედი“!

ისტორიული გარბენის დასრულებისთანავე პისტორიუსს ოლიმპიური ნიშანი გაუცვალა ნახევარფინალის გამარჯვებულმა, გრენადელმა კირანი ჯეიმსმა, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა: ოსკარის საჩუქარი საუკეთესო სუვენირია, დღევანდელი გარბენი კი დაუვიწყარი მოგონებაა“!

კირანი ჯეიმსმა გუშინ ოქრო მოიგო: 400 მეტრი 43.93 წამში ჩაიქროლა, მერე გულშემატკივრებს ჩაეხუტა, გრენადის დროშაც ააფრიალა, ჟურნალისტებს კი უთხრა, რომ ტრიუმფი პისტორიუსს მიუძღვნა. ცნობისათვის: გრენადამ პირველად მოიგო მძლეოსნობაში ოლიმპიური ოქრო.

გუშინ ჯეიმსის გარდა კიდევ რამდენიმე მძლეოსანმა გაიხარა: დომინიკელი ფელიქს სანჩესი 8 წლის შემდეგ მეორედ გახდა თამაშების ჩემპიონი – 400 მეტრზე ბარიერების გადალახვით გაიმარჯვა; ახალზელანდიელმა ვალერი ადამსმა ბირთვის კვრაში მოიგო ოქრო; ტუნისელმა ჰაბიბა ღრიბიმ 3 კილომეტრზე ბარიერებით სირბილში აჯობა ყველას, სიმაღლეზე ხტომაში ამერიკელი ჯენიფერ სური კი 4.75 მეტრს გადაევლო და მორიგი ოქრო მოუტანა ამერიკის მძლეოსანთა გუნდს.

და ელენა ისინბაევა? ყველაფრის მომგები რუსი გუშინ ფავორიტი იყო, გულშემატკივრები ფიქრობდნენ, რომ მსოფლიო რეკორდის მფლობელი – 5.06 მეტრი – კიდევ ერთ საოცრებას მოახდენდა, მაგრამ ელენა 4.70 მეტრს გაჭირვებით გადაევლო, მეტი ვეღარ დაძლია და ბრინჯაოთი „დაკმაყოფილდა“. 2004 წელს, ათენში, მან პირველად მოიგო ოლიმპიური ოქრო – 4.91 მეტრს გადააფრინდა. 2008 წელს, პეკინში 5.05 მეტრი დაძლია, მსოფლიოს და ოლიმპიური რეკორდები მიითვალა და მთავარი ჯილდოც მეორედ ჩაიბარა.

2012 წელს ოქროს მედალი სხვას ერგო. დიდმა ჩემპიონმა წლებს ხარკი გადაუხადა.

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 7 აგვისტო)
ფოტო:
თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი olympic.org/london-2012

მედალოსნები: 6 აგვისტო
აფროსნობა
ვაჟები – ლაზერი
1.ტომ სლინგსბი (ავსტრალია)
2.პავლოს კონტიდესი (კვიპროსი)
3.რასმუს მაირგრენი (შვედეთი)
გოგონები – ლაზერ რედიალი
1.შუ ლიჟია (ჩინეთი)
2.მარიტ ბუვმეესტერი (ნიდერლანდები)
3.ევი ვან აკერი (ბელგია)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
60კგ
1.ომიდ ნორუზი (ირანი)
2.რევაზ ლაშხი (საქართველო)
3.ზაურ კურამაგომედოვი (რუსეთი) და რიუტარო მაცუმოტო (იაპონია)
*-რევაზ ლაშხი
1/8 – საიედ აბდელმონეიმი (ეგვიპტე) – 2:0, 6:0
1/4 – ზაურ კურამაგომედოვი (რუსეთი) – 2:0, 1:0
1/2 – ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი) – 0:1, 3:0, 1:0
ფ – ომიდ ნორუზი (ირანი) – 0:1, 0:1
84კგ
1.ალან ხუგაევი (რუსეთი)
2.ქარამ გაბერი (ეგვიპტე)
3.დანიალ გაჯიევი (ყაზახეთი) და დამიან იანიკოვსკი (პოლონეთი)
*-ვლადიმერ გეგეშიძე
1/8 – სამან ტაჰმასები (აზერბაიჯანი) – 2:0, 0:3, 1:0
1/4 – ვასილ რაჩიბა (უკრაინა) – 2:1, 0:3, 1:0
1/2 – ალან ხუგაევი (რუსეთი) – 1:3, 0:3
III – დანიალ გაჯიევი (ყაზახეთი) – 1:0, 0:1, 0:2
120კგ
1.მიხაინ ლოპესი (კუბა)
2.ჰეიკი ნაბი (ესტონეთი)
3.რიზა ქაიაალფი (თურქეთი) და იოჰან ეურენი (შვედეთი)
*-გურამ ფერსელიძე
1/8ანდრეს აიუბი (ჩილე) – 2:0, 2:0
1/4 – მიხაინ ლოპესი (კუბა) – 0:1, 0:3
რეპეშაჟი – აბდელრაჰმან ელ-ტრაბელი (ეგვიპტე) – 0:3, 4:0, 3:0
III – რიზა ქაიაალფი (თურქეთი) – 0:1, 0:1

ველოსპორტი
ვაჟები – სპრინტი
1.ჯეისონ კენი (დიდი ბრიტანეთი)
2.გრეგორი ბოჟე (საფრანგეთი)
3.შეინ პერკინსი (დიდი ბრიტანეთი)

მძლეოსნობა
ვაჟები – 400მ
1.კირანი ჯეიმსი (გრენადა) – 43.94წმ
2.ლუხუელინ სანტოსი (დომინიკის რესპუბლიკა) – 44.46წმ
3.ლალონდე გორდონი (ტრინიდადი და ტობაგო) – 44.52წმ
ვაჟები – 400მ თარჯრბენი
1.ფელიქს სანჩესი (დომინიკის რესპუბლიკა) – 47.63წმ
2.მაიკლ ტინსლი (აშშ) – 47.91წმ
3.ხავიერ კალსონი (პუერტო რიკო) – 48.10წმ
გოგონები – 3 000მ წინაღობებით
1.ჰაბიბა ღრიბი (ტუნისი) – 9:08.37წთ
2.სოფია ასეფა (ეთიოპია) – 9:09.84წთ
3.მილკა ჩემოს ჩეივა (ეთიოპია) – 9:09.84წთ
გოგონები – ჭოკით ხტომა
1.ჯენიფერ სური (აშშ) – 4.75მ
2.იარისლი სილვა (კუბა) – 4.75მ
3.ელენა ისინბაევა (რუსეთი) – 4.70მ
გოგონები – ბირთვის კვრა
1.ვალერი ადამსი (ახალი ზელანდია) – 20.70მ
2.გონ ლიჟიაო (ჩინეთი) – 20.22მ
3.ლი ლინი (ჩინეთი) – 19.63მ

სპორტული ტანვარჯიში
ვაჟები – ბჯენითი ხტომა
1.იანგ ჰაკ-სეონი (სამხრეთი კორეა) – 16.533 ქულა
2.დენის აბლიაზინი (რუსეთი) – 16.399 ქულა
3.იგორ რადივილოვი (უკრაინა) – 16.316 ქულა
ვაჟები – რგოლებზე ვარჯიში
1.არტურ ძანეტი (ბრაზილია) – 15.900 ქულა
2.ჩენ იუიბინი (ჩინეთი) – 15.800 ქულა
3.მატეო მორანდი (იტალია) – 15.733 ქულა
გოგონები – ნაირსიმაღლის ორძელზე ვარჯიში
1.ალია მუსტაფინა (რუსეთი) – 16.133 ქულა
2.ჰე კეშინი (ჩინეთი) – 15.933 ქულა
3.ელიზაბეტ ტვიდლი (დიდი ბრიტანეთი) – 15.916 ქულა

ტყვიის სროლა
ვაჟები – შაშხანა 3 პოზიციიდან (50მ)
1.ნიკოლო კამპრიანი (იტალია) – 1 278,5 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.კიმ იონგ-ჰუნი (სამხრეთი კორეა) – 1 272,5 ქულა
3.მეთიუ ემონსი (აშშ) – 1271,3 ქულა
ვაჟები – სანგარი
1.ჯოვანი ჩერნოგორაზი (ხორვატია) – 146 ქულა (ოლიმპიური რეკორდის გამეორება)
2.მასიმო ფაბრიცი (იტალია) – 146 ქულა (ოლიმპიური რეკორდის გამეორება)
3.ფეჰაიდ ელ-დეეჰანი (ქუვეითი) – 145 ქულა

ცხენოსნობა
გუნდური კონკური
1.დიდი ბრიტანეთი
(სკოტ ბრაში, პიტერ ჩარლზი, ბენ მაჰერი, ნიკ სკელტონი)
2.ნიდერლანდები (მარკ ჰუცეგერი, გერკო შრიოდერი, მაიკელ ვან დერ ვლოტენი, იურ ვრიელინგი)
3.საუდის არაბეთი (რამზი ალ დუჰამი, აბდულა ბინ მუტაიბ ალ საუდი, ქამალ ბაჰამდანი, აბდულა ვალეედ შარბათლი)

ძალოსნობა
ვაჟები – 105კგ
1.ნავაბ ნასირშალალი (ირანი) – 411კგ (184+227)
2.ბარტლომეი ბონკი (პოლონეთი) – 410კგ (190+220)
3.არ გათამაშდა
*-გია მაჭავარიანი
შედეგი ვერ დააფიქსირა

ka_GEGeorgian