ლონდონი 2012: მსოფლიო ხუთ რგოლში

ოთხი დღეც და ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე თამაშების ცეცხლი აგიზგიზდება. რა არის ოლიმპიადა? როგორია მისი ისტორია? რას ველით ლონდონი 2012-გან? ამ სამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა შეუძლებელია და ეს თქვენც ძალიან კარგად იცით, თუმცა მოკლედ რომ მიმოვიხილოთ თემები, ამას წინ არაფერი დაუდგება.

ჩვენი ნებაა დავუჯერებთ ამ ამბავს თუ არა, მაგრამ ამბობენ, რომ ყველაფერი ასე დაიწყო: ერთ მშვენიერ დღეს ოლიმპოს მწვერვალზე დავანებულმა ღმერთთა ღმერთმა ზევსმა ვაჟიშვილის, ჰერაკლეს გამოცდა ინება.

მოკვდავი ქალის ალკმენეს და ჭექა-ქუხილის მეუფის ძემ – ჰერაკლემ ჯერ ნემეის ლომი განგმირა, შემდეგ ლერნეს ჰიდრა მოკლა, კერინიის ფურირემი ცოცხლად ჩაიყვანა მიკენში, ერიმანთოსის ტახიც დაიჭირა…

მოკლედ, ვაჟმა მამის 12 დავალება გმირულად შეასრულა. მერე ერთ მშვენიერ მინდორზე ორასი ნაბიჯი, როგორც მაშინ ამბობდნენ ერთი სტადიონი გაიარა, ტრიბუნები ააგო, ცოტა ხანში კი თამაშებიც მოაწყო, რომელსაც მამის და სხვა ღმერთების პატივსაცემად „ოლიმპიური“ უწოდა.

ამ ლეგენდას ოლიმპიურ თემატიკაზე გამოცემულ არაერთ წიგნში წაიკითხავთ. იქვე ისიც იქნება მითითებული, რომ ძველ საბრძნეთში ყველაზე პოპულარული დღესასწაული სწორედ ოლიმპიური თამაშები იყო – ის 4 წელიწადში ერთხელ ეწყობოდა…

დღეს სპორტის ყველა მკვლევარმა იცის, რომ პირველი, დოკუმენტურად დადასტურებული თამაშები საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში ჩვენ წელთაღრიცხვამდე 776 წელს ჩატარდა.

წლების შემდეგ ძლევამოსილი ელადა რომაელებმა დაპყრეს, მათ კი სხვა ინტერესი ჰქონდათ…

ოლიმპიური თამაშები

1894 წლის 23 ივნისს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, პედაგოგის, ისტორიკოსის და საზოგადო მოღვაწის ბარონ პიერ დე კუბერტენის ინიციატივით საერთაშორისო სპორტული კონგრესი გაიმართა, რომლის მთავარი მიზანი ანტიკური ოლიმპიური თამაშების აღორძინება იყო.

იქვე დაარსდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომლის წევრებმა თამაშების ჩატარება 1896 წელს გადაწყვიტეს. ტურნირის მასპინძელზე ბევრი არ უფიქრიათ – საბერძნეთი, ათენი, პანათენაიკის სტადიონი.

თანამედროვეობის პირველ ოლიმპიადაში 14 ქვეყნის 241 სპორტსმენი მონაწილეობდა.

დღეს თამაშები მხოლოდ სპორტული მოვლენა აღარაა – ეს ოთხწლეულის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნის ათასობით სპორტსმენს და მილიარდობით გულშემატკივარს აერთიანებს. კარსმომდგარი თამაშებიც ამის დასტურია: ლონდონში ასპარეზობის უფლება უკვე მოიპოვა 201 ქვეყნის 10 ათასზე მეტმა სპორტსმენმა. ჯერჯერობით, სოკ-ის მხოლოდ სამი წევრია დარჩენილი წლევანდელი თამაშების ლიცენზიის გარეშე: ეკვატორული გვინეა, მავრიტანია და სან ტომე და პრინსიპი.

ლონდონი 2012

თანამედროვე ოლიმპიადების სათავეებთან მდგომი ბარონი პიერ დე კუბერტენი ვერც იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ თამაშები სპორტსმენისთვის და ვთქვათ, იგივე პოლიტიკოსისთვის ან ხელოვანისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი და საინტერესო, ოლიმპიური კომიტეტი კი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი საერთაშორისო ორგანიზაცია გახდებოდა.

1972 წელს, როცა სოკ-ის მეხუთე პრეზიდენტმა, ამერიკელმა ეივრი ბრენდიჯმა თანამდებობა დატოვა, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე მხოლოდ 2 მილიონი დოლარი ირიცხებოდა. ის 1952 წლიდან ხელმძღვანელობდა სოკ-ს და ოლიმპიური მოძრაობის კომერციალიზაციის წინააღმდეგი იყო.

1980 წელს, მოსკოვში გამართულ სესიაზე პრეზიდენტად ესპანელი ხუან ანტონიო სამარანჩი აირჩიეს. მადრიდის გაზეთ ლა პრენსას ყოფილმა ჟურნალისტმა პირველ რიგში ოლიმპიადის სპონსორების ძიება დაიწყო.

შედეგი? 1984 წელს, ლოს ანჯელესის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა იმ დროისთვის არნახული მოგება ნახა – 225 მილიონი დოლარი, თავად სოკ-ის აქტივები კი თითქმის 40-ჯერ გაიზარდა.

ახლა ის 225 მილიონიც სასაცილოა: ლონდონი 2012-ის ბიუჯეტი ყველაზე შთამბეჭდავია თამაშების ისტორიაში – 14,8 მილიარდი დოლარია, საორგანიზაციო კომიტეტი კი მაინც მოგებას ელის.

დღეს სოკ-ს რამდენიმე ზღაპრული კონტრაქტი აკავშირებს ტრანსკონტინენტალურ მეგაკომპანიებთან, სატელევიზიო მედიის სწრაფმა განვითარებამ კი ოლიმპიური თამაშების არნახულ პოპულარიზაციას და შესაბამისად, კომერციალიზაციას შეუწყო ხელი.

მაგალითად, თუ მეხიკოს 1968 წლის თამაშების ტელეაუდიტორია 600 მილიონი იყო და ეს რიცხვი 1984 წლამდე „მხოლოდ“ 300 მილიონით გაიზარდა, 1992 წელს, ბარსელონაში გამართულ თამაშებს უკვე 3,5 მილიარდი ტელემაყურებელი ჰყავდა.

ბოლო, პეკინის 2008 წლის ოლიმპიადა 4,7 მილიარდმა იხილა.

და სადაც ამდენი გულშემატკივარია, აღარავის უკვირს, რომ სატელევიზიო უფლებებიც საარაკოდ ძვირია: 1999 წელს NBC-მ სოკ-ისგან 3,5 მილიარდ დოლარად შეიძინა 2000-2012 წლების ოლიმპიური თამაშების ტრანსლირების უფლება!

სწორი მენეჯმენტის პირობებში მეგა-ფორუმის მასპინძელ ქალაქს მოგება გარანტირებული აქვს, მაგრამ ისტორიას კატასტროფული შეცდომებიც ახსოვს: მონრეალის 1976 წლის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა საბანკო დავალიანება მხოლოდ 30 წლის შემდეგ, 2006 წელს გაისტუმრა.

რაც შეეხება ათენის 2004 წლის თამაშებს, ექსპერტთა დასკვნით ოლიმპიადის საერთო ღირებულების და შემდგომი ვალების გამო არამარტო საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტი, მთლიანად ქვეყანა დაზარალდა.

ოლიმპიური თამაშები

უამრავჯერ უთქვამთ, რომ პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, მაგრამ უმეტესად ეს სიტყვები მხოლოდ მოწოდებად რჩება. ოლიმპიური თამაშები ამის ნათელი დადასტურებაა – პოლიტიკური მოვლენები ყველაზე უკეთ სწორედ ოთხწლეულის მთავარ სპორტულ თამაშებზე აირეკლება.

1916 წელს ბერლინის ოლიმპიადა პირველი მსოფლიო ომის გამო ჩაიშალა, 1940 წლის ტოკიოს და 1944 წლის ლონდონის თამაშები კი უკვე მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარდა.

უცნაურია, მაგრამ ასეა: 1896 წლიდან დღემდე ზაფხულის ოლიმპიადებზე უცვლელად მხოლოდ 5 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს – საბერძნეთის, ავსტრალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და შვეიცარიისა.

თამაშების ისტორიას არაერთი ბოიკოტი ახსოვს:

1956 წელს, მელბურნში, ნიდერლანდების და ესპანეთის გუნდები საბჭოთა ჯარების უნგრეთში შეჭრის გამო არ ჩავიდნენ, კამბოჯამ, ეგვიპტემ, ერაყმა და ლიბანმა კი სპორტსმენები სუეცის არხის კრიზისის გამო არ გაუშვეს ავსტრალიაში. განზე გადგა ჩინეთიც, რადგან სოკ-მა ტაივანს თამაშებში მონაწილეობის უფლება დართო…

ფრანგი ბარონის ძალისხმევით აღორძინებულ სპორტულ მოძრაობაზე XX საუკუნის 70-80 წლების ცივი ომი ყველაზე მძიმედ აისახა: აშშ-ის ინიციატივით, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადას 65-მა ქვეყანამ გამოუცხადა ბოიკოტი. საბჭოთა კავშირში მხოლოდ 81 გუნდი ჩავიდა – ყველაზე ცოტა მელბურნის ხსენებული თამაშების შემდეგ.

თავის მხრივ, სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმა მომდევნო, ლოს ანჯელესის 1984 წლის თამაშებს აქციეს ზურგი – საბჭოთა კავშირის გარდა ატლანტიკის ოკეანის გაღმა კიდევ 14 ქვეყნის ნაკრები არ გაემგზავრა.

2004 წელს ირანელმა ძიუდოკამ არაშ მირესმაელიმ ისრაელის ნაკრების წარმომადგენელთან პაექრობა პოლიტიკური მოტივით იუარა (ირანი ყველგან უარობდა ისრაელთან დაპირისპირებას, მათ შორის სპორტშიც). მირესმაელი, ცხადია თამაშებიდან მოკვეთეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნებული უხვად დაასაჩუქრეს: ხელისუფლებამ ზუსტად ის თანხა უბოძა, რაც ჩემპიონებს – 125 ათასი დოლარი.

პროტესტის გარეშე არც ბოლო, პეკინის 2008 წლის თამაშებს ჩაუვლია: არაერთი ქვეყნის ხელისუფალი დაიმუქრა თამაშების ბოიკოტით – აქაოდა, ჩინეთის მთავრობა უხეშად არღვევს ტიბეტელთა უფლებებსო.

ეს თამაშების დაწყებამდე იყო, უშუალოდ შეჯიბრების დღეებში კი, გემახსოვრებათ: ჩვენმა ნაკრებმა საქართველოში რუსეთის აგრესია გააპროტესტა.

ლონდონი 2012

თამაშების ხანგრძლივ და ძალიან საინტერესო ისტორიას, სამწუხაროდ, სისხლისღვრაც ახსოვს.

1972 წელს, მიუნხენში, პალესტინელ ტერორისტთა ჯგუფმა – შავი სექტემბერი – ისრაელის ოლიმპიური გუნდის 11 წევრი აიყვანა მძევლად: ორი მალევე მოკლა, დანარჩენები კი სამაშველო ოპერაციის დაწყებისთანავე გამოასალმა სიცოცხლეს. ტრაგედიას 5 ტერორისტის გარდა ერთი გერმანელი სამართალდამცავიც შეეწირა. ამ მოვლენას მოგვიანებით ძალიან საინტერესო მხატვრული ფილმიც მიეძღვა…

1996 წელს, ატლანტაში, ცენტრალურ ოლიმპიურ პარკში ნაღმის აფეთქებას 2 ადამიანი შეეწირა, 111 კი დაშავდა. უსაფრთხოების სამსახურმა მალევე დააკავა ერიკ რობერტ რუდოლფი. ის დღემდე ციხეშია – სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

იქიდან გამომდინარე, რომ გასული საუკუნის მეორე ნახევარში ოლიმპიური თამაშები რიგითი სპორტული შეჯიბრებიდან ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად იქცა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უსაფრთხოების მოთხოვნებიც გაამკაცრა.

ლონდონი 2012-ზე პასუხისმგებელი ჯგუფის ხელმძღვანელის სერ სებასტიან კოეს თქმით, სპორტსმენებს და გულშემატკივრებს პოლიციის 10 ათასი ოფიცერი დაიცავს, გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის კი შეიარაღებული ძალების კიდევ 13 ათასი წევრია მზად.

თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ლონდონი 2012-ის ბიუჯეტში  უსაფრთხოებაზე თავდაპირველად 282 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოყო, თუმცა მოგვიანებით ეს თანხა თითქმის გაორმაგდა – 553 მილიონამდე გაიზარდა.

14 ივლისიდან სამეფო საჰაერო და სახმელეთო ძალებმა დედაქალაქის გარშემო 45 კილომეტრიანი ზონის კონტროლი დაიწყეს – კომერციული ავიარეისების გარდა ქალაქის თავზე ყველანაირი გადაფრენა აიკრძალა.

ოლიმპიური თამაშები, ერთი ჩინებული ამერიკელი მწერლის არ იყოს, თანამდევი დღესასწაულია.

საქართველოს ნაკრები მეთექვსმეტედ იასპარეზებს ოლიმპიადაზე, სახელმწიფო დროშით კი მეხუთედ.

ოლიმპიური ცეცხლი 27 ივლისს აინთება. ხოლო როცა ცეცხლი ინთება, გემახსოვრებათ: თამაშიც იწყება!

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 23-29 ივლისი)

ka_GEGeorgian