ლონდონი 2012: ოლიმპიადის 5 ვარსკვლავი

წლის მთავარი სპორტული მოვლენის – ლონდონის ოლიმპიადის დაწყებამდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა.
ტაბულა იმ 5 სპორტსმენს გაგაცნობთ, რომელთაგან ოთხწლეულის მთავარ სპორტულ შეჯიბრებაზე არამხოლოდ გამარჯვებას, სასწაულებს ელიან.

ლებრონ ჯეიმსი (აშშ; კალათბურთი)
ამერიკელები ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის – NBA – გამარჯვებულს მსოფლიოს ჩემპიონს უწოდებენ.
მაიამი ჰითი NBA-ს წლევანდელი ჩემპიონია.
ლებრონ ჯეიმსი ზღვისპირელთა ლიდერია, NBA-ს ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე და რეგულარული სეზონის ყველაზე სასარგებლო კალათბურთელი.
ლებრონ ჯეიმსი უბრალოდ საუკეთესოა!
და საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიადაზე ითამაშებს.
ამბობენ, რომ ამერიკელთა ეს Dream Team ლეგენდარული 92-ის ჯადოქრების ნაკრების შემდეგ უძლიერესია. ამას ძალიან მალე ვნახავთ.
2004 წელს ამერიკა ათენიდან ბრინჯაოთი დაბრუნდა. ის გუნდი იყო NBA-ს პროფესიონალთა პირველი ნაკრები, რომელმაც ოლიმპიადა ვერ მოიგო. ლებრონი იმ რჩეულთა რიგითი წევრი იყო – საშუალოდ 14 წუთს ატარებდა პარკეტზე და 5 ქულას აგროვებდა.
2008 წელს ამერიკელებმა ოქრო დაიბრუნეს: ფინალში ესპანეთი 118:107 დაამარცხეს. ლებრონმა ევროპელებს 14 ქულა ჩაუგდო და 6-ჯერ მოუხსნა ბურთი, მაგრამ არც იმ გუნდში იყო ლიდერი.
დღეს 2012 წელია, ამერიკა კვლავ ოლიმპიადაზეა და ეს უკვე ჯეიმსის გუნდია. მერე რა, რომ მასთან ერთად კობი ბრაიანტი, კარმელო ენტონი, ტაისონ ჩენდლერი, კევინ დურანტი და სხვა ოსტატები ითამაშებენ.

მაიკლ ფელპსი (აშშ; ცურვა)
ჟურნალმა TIME 8 წლის წინ, ათენის ოლიმპიადის სპეცგამოშვების გარეკანი მაიკლ ფელპსის ფოტოთი დაამშვენა და ამერიკელი მოცურავე ზვიგენს შეადარა.
მაშინ ფელპსი 19 წლის იყო, მაგრამ საბერძნეთში 6 ოქრო და 2 ბრინჯაო მოიგო!
ათენში მაიკლმა ლეგენდარული მარკ სპიცის რეკორდი გაიმეორა: მხოლოდ და მხოლოდ მეორე მოცურავე გახდა, ვინც ერთ თამაშებზე 2-ზე მეტი ინდივიდუალური ოქრო მოიგო – სპიცის დარად, 4.
2008 წელს „ზვიგენი“ ჩინეთში ჩავიდა: 8 დისციპლინაში 8 ოქრო 7 მსოფლიო რეკორდით!!!
17 აგვისტოს მან სპიცის „უკვდავი“ რეკორდი გააუმჯობესა – თანაგუნდელებთან ერთად 4X100 კომბინირებულ ესტაფეტაში იმარჯვა და მერვედ ავიდა ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. გემახსოვრებათ: მიუნხენის 1972 წლის თამაშებიდან სპიცი 7 ოქროთი დაბრუნდა შინ.
აწ უკვე 14-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ფელპსი ლონდონში 7 დისციპლინაში იასპარეზებს და თუ 3 მედალი მოიპოვა (სინჯს მნიშვნელობა არ აქვს), ამჯერად რუსი ტანმოვარჯიშის ლარისა ლატინინას „უკვდავ“ მიღწევას დაამხობს – ოლიმპიური თამაშების 19 მედალი დაუგროვდება!
ლონდონი 2012-ის შემდეგ ფელპსი კარიერას დაასრულებს. ნისლიანი ალბიონის დედაქალაქში ის უკანასკნელად გაცურავს.

უსეინ ბოლტი (იამაიკა; მძლეოსნობა)
უსეინ სენტ ლეო ბოლტი მხოლოდ და მხოლოდ მე-7 მძლეოსანია სპორტის ისტორიაში, ვინც მსოფლიოს ჩემპიონი იუნიორებშიც გახდა, ახალგაზრდებშიც და დიდებშიც.
იამაიკელი ოლიმპიადის 3-გზის ტრიუმფატორია: ოთხი წლის წინ პეკინში მან 100, 200 და 4X100 მეტრზე სპრინტში იმარჯვა.
ამავე დიცსიპლინებში ბოლტმა ოქროს მედლები 2009 წელს, ბერლინში, მსოფლიო ჩემპიონატზეც მოიგო, შარშან, კორეის ქალაქ დაეგუში, იმავე ტურნირზე კი მხოლოდ 200 და 4X100 მეტრზე იპირველა. საყვარელი 100-მეტრიანი დისტანციიდან ტანმაღალი კუნძულელი ნაადრევი სტარტის გამო მოხსნეს.
ლონდონში ბოლტი შეცდომას აღარ გაიმეორებს. პირიქით, მისსავე საარაკო რეკორდების გაუმჯობესებას ეცდება: 2009 წელს ბერლინში 100 მეტრი 9.58, 200 კი 19.19 წამში გაირბინა!
მალე გამომცემლობა HarperCollins მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ადამიანის ავტობიოგრაფიას დასტამბავს – იამაიკელის მოგონებები 2010 წლიდან იწერება.

ელენა ისინბაევა (რუსეთი; მძლეოსნობა)
ყველა დროის საუკეთესო ჭოკით მხტომელი ქალი ლონდონში მესამედ ეცდება ოლიმპიური ოქროს მოგებას: ათენში და პეკინში ის პირველი იყო.
ისინბაევა ერთწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება სარბიელზე: შარშან დაიჩივლა, რომ გადაიღალა და შეისვენა. დღეს მას ევგენი ტროფიმოვი წვრთნის, ვისთანაც 15 წლიდან ვარჯიშობს და უამრავ წარმატებას მიაღწია.
წელს ელენამ ერთადერთ დიდ ტურნირზე იასპარეზა: სტამბოლში, ჭერქვეშა მსოფლიო ჩემპიონატზე 4.80 მეტრს გადაევლო და ოქრო ჩაიბარა.
რუსი მძლეოსანი 1999 წლიდან მონაწილეობს ევრო-მსოფლიო ჩემპიონატებზე, ოლიმპიადებზე და მას შემდეგ 24 უდიდესი შეჯიბრებიდან 21 მოიგო! ამ ჩამონათვალში საერთაშორისო ტურნირებს და ბრილიანტის ლიგის ეტაპებს არ ვთვლით – იქ ისინბაევას გამარჯვებების თვლას აზრი არ აქვს.
მსოფლიოს 28-გზის რეკორდსმენი რუსეთის შეიარაღებული ძალების კაპიტანია. ეს წოდება 4 წლის წინ, პეკინში ტრიუმფის შემდეგ მიანიჭეს.
2009 წლის 28 აგვისტოს, ციურიხში, ბრილიანტის ლიგის მორიგ ეტაპზე ელენამ მსოფლიო რეკორდი კიდევ ერთხელ გააუმჯობესა – 5.06 მეტრი დაძლია.
ელენა ამბობს, რომ ლონდონში ახალი რეკორდის დროა.

როჯერ ფედერერი (შვეიცარია; ჩოგბურთი)
8 ივლისს როჯერმა მეშვიდედ მოიგო უიმბლდონი და ATP-ის რეიტინგის სათავეში დაბრუნდა.
შვეიცარიელმა პირველ ნომრად 287-ე კვირა დაიწყო. ეს ყველა დროის რეკორდია!
მან დიდი მუზარადის 17 თასი აღმართა. არნახული მიღწევაა!
დიადმა ალპელმა 72 918 077 დოლარი მხოლოდ კორტზე გამოიმუშავა. საარაკო თანხაა!
მაგრამ როჯერს არასდროს მოუგია ოლიმპიური ოქრო ერთეულებში.
კი, 4 წლის წინ პეკინში ფედერერი ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა თანამემამულე სტანისლას ვავრინკასთან ერთად, მაგრამ ის წყვილთა შეჯიბრება იყო, მოსაგონრად საამო, თუმცა მისი დონის პროფესიონალისთვის მაინც არც ისე მაღალი რანგისა.
ლონდონში ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებს.
გარემო ნაცნობია: უიმბლდონის კორტები. მთავარ მეტოქეებს ხომ ლამის თვალდახუჭული ცნობს: სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ესპანელი რაფაელ ნადალი და ბრიტანელთა იმედი – ენდი მარი.
მხოლოდ ერთი რამ რჩება: გამარჯვება.
2000 წელს, სიდნეიში, მომავალი მეუღლე მირკა გაიცნო და ბრინჯაოს მედალი დათმო.
2004 წელს, ათენში, როჯერი შვეიცარიის მედროშე გახლდათ, მაგრამ მეორე წრეში დამარცხდა.
2008 წელს, პეკინში კვლავ ქვეყნის თეთრჯვრიანი დროშა ეპყრა, მაგრამ მეოთხედფინალში ამერიკელ ჯეიმს ბლეიკთან წააგო.
როჯერი ამბობს, რომ ლონდონში ოქროს ელის.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2020 წლის 16-22 ივლისი)

ka_GEGeorgian