ლონდონი 2012: ვარსკვლავები

2012 წლის 27 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი მსოფლიოს ცენტრად იქცა. ლონდონი პირველი ქალაქია, სადაც ოლიმპიური თამაშები მესამედ გაიმართა.
XXX ოლიმპიადა არაერთი ფაქტის გამო შევიდა ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში: 8 სახეობაში მსოფლიოს 32 რეკორდი დამყარდა; არაერთი ოლიმპიური შედეგი გაუმჯობესდა; საუდის არაბეთმა, კატარმა და ბრუნეიმ პირველად გააგზავნეს ოლიმპიადაზე გოგონები; დიდი ბრიტანეთის გუნდმა 1908 წლის შემდეგ ყველაზე მეტი მედალი მოიპოვა; პირველად მოხვდა ოლიმპიურ პროგრამაში გოგონათა კრივი და ამით ლონდონი 2012 გახდა პირველი თამაშები, სადაც სპორტის ყველა სახეობაში მონაწილეობდა სუსტი სქესი…
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა. სახალისო ფაქტები თავისებურ ელფერს მატებს თამაშებს, მაგრამ როცა ამ ოლიმპიადას გაიხსენებენ, გულშემატკივრებს სტატისტიკური მონაცემები კი არა, ის სპორტსმენები მოაგონდებათ, რომელთა ბრწყინვალე ასპარეზობაც სამუდამოდ ჩაიბეჭდა გონებაში.

ვინ იყო ლონდონი 2012-ის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი? ვფიქრობ, ასეთი რამდენიმეა: ლეგენდარული მოცურავე მაიკლ ფელპსი; სპრინტერი უსეინ ბოლტი; ველომრბოლები ბრედლი უიგინსი და კრის ჰოი; სტაიერი მო ფარა; ჩოგბურთელი სერენა უილიამსი… ამ და კიდევ არაერთმა სპორტსმენმა დაუვიწყარი წამები აჩუქეს გულშემატკივრებს, გაიმარჯვეს და სამუდამოდ შეაბიჯეს მსოფლიო სპორტის ისტორიაში, მაგრამ ლონდონი 2012-ის ჩემპიონებზე არანაკლებ შთამბეჭდავი იყო სამხრეთაფრიკელი მძლეოსნის ოსკარ პისტორიუსის გარბენი 400 მეტრზე.

ის არ გამხდარა ჩემპიონი. ვერც რეკორდს შეწვდა. მის გვარს ვერც პრიზიორთა შორის იპოვით. მიუხედავად ამისა, აგვისტოს პირველ დღეებში ყველა მის შესახებ საუბრობდა და წერდა. რატომ? ოსკარ პისტორიუსი პირველი უნარშეზღუდული სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიადაზე იასპარეზა.

25 წლის სამხრეთაფრიკელმა 400-მეტრიანი დისტანცია ყველაზე ბოლომ დაძლია. მერე რა? ბევრ ჩემპიონს არ უგრძვნია ისეთი მხარდაჭერა, როგორც მას – ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე შეკრებილი 80 ათასი გულშემატკივარი ფეხზე იდგა და ბედთან მებრძოლს ტაშს უკრავდა. პეკინის 2008 წლის პარალიმპური თამაშების სამგზის ჩემპიონი (100, 200 და 400 მეტრზე სირბილში) 11 თვის იყო, როცა მუხლებს ქვემოთ ფეხები მოკვეთეს…

ამ ისტორიულ გარბენამდე ერთი დღით ადრე მოცურავეთა შეჯიბრებები დასრულდა: მაიკლ ფელპსმა და მისმა თანამემამულე მისი ფრანკლინმა ყველაზე მეტი, 4-4 ოქროს მედალი მოიპოვეს!

ფრანკლინი 17 წლისაა. კალიფორნიელმა გოგონამ პირველად გაცურა ოლიმპიადაზე, 27 წლის ფელპსისთვის კი ლონდონი 2012 მე-4 და უკანასკნელი თამაშები იყო: სპორტის ლეგენდამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე განაცხადა, რომ წლევანდელი ოლიმპიადით კარიერას დაასრულებდა.

მაიკლ ფელპსი ლონდონს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ოლიმპიონიკის სტატუსით ეწვია, სამშობლოში კი უდიადესის რანგში დაბრუნდა! 4 აგვისტოს საღამოს, როცა თანაგუნდელების დახმარებით მე-18 ოლიმპიური ოქრო მოიგო, ცურვის საერთაშორისო ფედერაციის – FINA – პრეზიდენტმა ხულიო მალიონემ მას სპეციალური ჯილდო გადასცა, რომელზეც ეწერა: „ყველა დროის უდიდეს ოლიმპიონიკს“.

22 ოლიმპიური მედალი… 18 ოქრო… ამდენი ჯილდო თამაშების ისტორიაში არავის მოუგია. სპორტსმენებს თავი დავანებოთ, ბევრი გუნდისთვის სანატრელია ასეთი მონაგარი. მაიკლი ლონდონში დამოუკიდებელი ქვეყანა რომ ყოფილიყო, არაოფიციალურ ჩათვლაში მე-20 ადგილს გაიყოფდა ჩრდილოეთ კორეასთან და გაასწრებდა ესპანეთს, ბრაზილიას, არგენტინას, დანიას, ხორვატიას, რუმინეთს, პორტუგალიას, ნორვეგიას, კანადას, ოლიმპიადების სამშობლო საბერძნეთს…

კარგა ხანია ამბობენ, რომ მაიკლი მოვლენაა და ასეთი სპორტსმენები საუკუნეში ერთხელ იბადებიან. ცხადია ასეა – შედეგები ყველაფერზე მეტყველებს. ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემა წერდა, რომ ფელპსის სხეული მეცნიერებმა შეისწავლეს და დაადგინეს: ფეხებთან შედარებით უჩვეულოდ გრძელი ტორსი, ელასტიური კუნთები და გრძელი მკლავები ხელის დიდ მტევნებთან ერთად სწორედ ის „საიდუმლოა“, რომელსაც უამრავი ოქროს მედალი მოაქვს.

ვერ გეტყვით ესაა თუ არა მაიკლის ზღაპრული წარმატების საიდუმლო, მაგრამ მთავარი მაინც ის რეჟიმი მგონია, რითაც ფელპსი თითქმის 20 წელიწადია ცხოვრობდა და რის გამოც სპორტს თავი დაანება: დილიდან საღამომდე მომქანცველი ვარჯიში აუზსა და სატრენაჟორო დარბაზში. როცა 27 წლის ხარ და ცხოვრება უამრავ სიხარულს გჩუქნის, როცა მსოფლიო გიცნობს და გოგოებსაც ლამაზი ფეხები აქვთ, ძნელია ყველაფერზე უარი თქვა და მხოლოდ ცურვაზე იფიქრო.

ლონდონი 2012

ლონდონი 2012-ის 2-გზის ჩემპიონი, ბრიტანელი სტაიერი მო ფარა და 3-გზის ტრიუმფატორი, იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტი

იუარებ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… მაგრამ როდემდე? მაიკლმა ძალიან დიდხანს ითმინა და ახლა, როცა მოიგო ათობით ოქროს მედალი, წავიდა. „როცა მეუბნებიან, როგორ მივაღწიე ამდენს, მარტივად ვპასუხობ: ძალიან მინდოდა პირველი ვყოფილიყავი! იოლია ამის თქმა, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ როგორი შრომა იმალება ამ სიტყვების უკან“, – ლონდონში ჩასვლამდე ფელპსმა მთელ ამერიკას CNN-ის საშუალებით გადაუშალა გული.

4 წლის შემდეგ რიოში ფელპსი არ იქნება, მაგრამ იქნება ლონდონი 2012-ის მეორე მშვენება, მუტანტად წოდებული იამაიკელი უსეინ ბოლტი. დღეს ის ერთადერთი სპრინტერია, 6 ოლიმპიური ოქრო რომ მოუგია და ასევე ერთადერთი მძლეოსანი, რომელმაც ორ თამაშებზე ზედიზედ მოიგო 100, 200 და 4X100 მეტრზე გარბენი!

5 აგვისტოს ბოლტმა 100 მეტრზე იმარჯვა. უსეინ ბოლტი, ჯასტინ გეტლინი, ტაისონ გეი, ასაფა პაუელი, იოჰან ბლეიკი – ისინი სპორტის დედოფლის ყველაზე საინტერესო დისციპლინის ლეგენდები არიან, უამრავი ოქროს მედალი მოუგიათ, მაგრამ როცა სარბენ ბილიკზე ტანმაღალი იამაიკელი დგება, ყველა მის ჩრდილში ექცევა.

რა იქნება 2016 წელს რიოში, ეს არავინ იცის, მაგრამ დღეს ბოლტი უკონკურენტოა. კი ბატონო, იოჰან ბლეიკმა 100 მეტრზე შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ისიც გეცოდინებათ, ამ სეზონში საუკეთესო შედეგი მას რომ ჰქონდა, მაგრამ როცა სპრინტერებმა ოლიმპიურ სტადიონზე ფინიში გადაკვეთეს, ტაბლოზე პირველად უსეინის გვარი აინთო – 9.63 წამი! ეს ოლიმპიური თამაშების ახალი რეკორდი და ყველა დროის მეორე შედეგია! ბოლტმა პეკინში დამყარებული თავისივე მიღწევა გააუმჯობესა!

9 აგვისტოს მან 200 მეტრზეც იმარჯვა: 19.32! კვლავ 20 წამზე ნაკლებ დროში გაირბინა, მაგრამ საკუთარ მსოფლიო რეკორდს – 19.19 – მაინც ჩამორჩა. „დღეს მე უკვე ლეგენდა ვარ“, – განაცხადა ბოლტმა მეორე ტრიუმფის შემდეგ. 11 აგვისტოს ესტაფეტის დრო დადგა: 4X100-ზე მთავარი ფავორიტი იამაიკა რომ იყო, ეს ყველამ იცოდა. იმასაც ხვდებოდნენ, რომ კუნძულელები მსოფლიო რეკორდს შეუტევდნენ, მაგრამ 36.84 წამი? ის, რაც იამაიკელებმა შეძლეს, საოცრება იყო! დაახლოებით ისეთივე სასწაული, რაც მექსიკის ოლიმპიადაზე ბობ ბიმონის „საუკუნის ნახტომი“. პირველი ნესტა კარტერი იდგა. მაიკლ ფრეტერი – მეორე. მერე იოჰან ბლეიკი იყო. ბოლოს ბოლტი. საბოლოოდ 36.84! საწყის ორას მეტრზე ამერიკელებმა იძალეს, მაგრამ ბლეიკთან და ბოლტთან ვერაფერი გააწყვეს…

ორი ოქრო მოიგო სტაიერმა მო ფარამ და ბრიტანეთის გმირი გახდა. წარმოშობით სომალელმა მძლეოსანმა შარშან, მსოფლიო ჩემპიონატზეც სცადა 5 და 10 ათას მეტრზე პირველობა, მაგრამ მაშინ მხოლოდ პირველ დისტანციაზე იმარჯვა. ამჯერად ოცნება აიხდინა: პირველად 10 კილომეტრზე იპირველა – ბრიტანეთის ნაკრებს ამ დისციპლინაში ისტორიაში პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანა, ერთ კვირაში კი 5 ათას მეტრზეც ყველაზე ადრე გადაკვეთა ფინიში.

გაერთიანებული სამეფოს წარმატებაში ლომის წილი დაიდო გუნდის მედროშემ, ველომრბოლმა კრის ჰოიმ. 36 წლის შოტლანდიელმა 2 ოქრო მოიგო: ჯერ გუნდურ სპრინტში იმარჯვა და ლეგენდარული ნიჩბოსნის სერ სტივ რედგრეივის საერთობრიტანული რეკორდი გაიმეორა – მე-5 ოქროს დაეუფლა, 7 აგვისტოს კი კეირინი მოიგო და თამაშების 6-გზის ჩემპიონი პირველი ბრიტანელი გახდა!

ჰოი 7 ოლიმპიური მედლის მფლობელია, ეს კი დიდი ბრიტანეთის რეკორდია. მაგრამ მას თანამფლობელიც ჰყავს: კიდევ ერთი ველომრბოლი, ტურ დე ფრანსის პირველი ბრიტანელი გამარჯვებული ბრედლი უიგინსი. მან საგზატკეცილო რბოლაში იმარჯვა და გახდა პირველი, რომელმაც ერთ წელს მოიგო ტურ დე ფრანსი და ოლიმპიური ოქრო!

ლონდონი 2012-ის მთავარ ვარსკვლავად ჩაითვლება ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსიც: ერთეულებში და წყვილებში (დაიკო ვინუსთან ერთად) იპირველა. ლეგენდარული გერმანელი შტეფი გრაფის შემდეგ სერენა მეორეა, რომელმაც საკარიერო დიდ სლემს ერთეულთა შორის ოლიმპიური ოქროც დაურთო.

2016 წელს XXXI თამაშებს რიო დე ჟანეირო უმასპინძლებს.

ახლა მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სამხრეთ ამერიკაში ოლიმპიადა პირველად გაიმართება.

ლაშა გოდუაძე (2012 წლის 14 აგვისტო)

ka_GEGeorgian