ლონდონი 2012: 28 ივლისი
გულახდილად რომ ვთქვა, ლონდონი 2012-ის გახსნის საზეიმო ცერემონია პეკინის ოთხი წლის წინანდელ სანახაობას რომ ვერ აჯობებდა, ეს ჯერ კიდევ 2008 წელს ვიცოდი. ჩინელებმა ზღაპრული შოუ დადგეს და მე კი არა, ლონდონი 2012-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლორდმა სებასტიან კოემაც თქვა: ვეჭვობ, პეკინის მასშტაბებს გავწვდეთო.
კაცმა რომ თქვას, ოლიმპიადების გახსნის ცერემონიალების შედარება დიდი უმადური საქმეა: ერთს ჩინელების წარმოდგენა მოსწონს, მეორეს – ავსტრალიელებისა… მოკლედ, გემოვნების ამბავია, რომელზეც სულ ტყუილად ამბობენ, რომ არ დავობენ.
მთავარი ამბები დღეს იწყება – 28 ივლისს მედლების პირველი კომპლექტები თამაშდება, მაგრამ დღევანდელი ამბებისას ხვალ გეტყვით, მანამდე ის ვთქვათ, თუ რა უძღოდა თამაშებს წინ.
ყოვლისმცოდნე ექსპერტები ამბობენ, რომ ლონდონი 2012 ყველაზე ძვირადღირებული თამაშები იქნება. წინასწარი გათვლებით, ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება, თუმცა ერთია ვარაუდი და მეორე რეალობა. ამის შესახებ ბრიტანელებმა ჩინებულად უწყიან და დამატებითი ხარჯებისთვისაც მზად არიან. მაგალითად, ლონდონის მერი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ თამაშებს საფრთხე არ შეექმნება და ქალაქის მესვეურები, ორგკომიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ყველაფრისთვის მზად არიან. გულშემატკივრებით დაწყებული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსნებით დასრულებული, ყველა დარწმუნებულია, რომ თანამედროვე ბაბილონი წარმატებით ჩააბარებს უმკაცრეს გამოცდას და თუ მოხდა და რაიმე პრობლემა მაინც წარმოიშვა, ეს არ იქნება მონრეალის მასშტაბებისა. გეცოდინებათ: 1976 წლის ოლიმპიადის ბიუჯეტმა წინასწარ განსაზღვრულს 750%-ზე მეტით გადააჭარბა და მონრეალის მერიამ საბანკო დავალიანება მხოლოდ 30 წლის შემდეგ, ახლახანს, 2006 წელს გაისტუმრა…
ბრიტანელთათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება უსაფრთხოება. სამწუხაროდ, ოლიმპიადებს საშინელებებიც ახსოვს – 1972 წლის მიუნხენის ტრაგედია; 1996 წელს, ატლანტაში აფეთქებული ნაღმი… ამიტომ, მონაწილეთა თუ უბრალოდ, თამაშების სტუმრების უსაფრთხოებაზე რეკორდულად ბევრი ადამიანი ზრუნავს. სებასტიან კოეს თქმით, სპორტსმენებს და გულშემატკივრებს 10 ათასი პოლიციელი დაიცავს(!), გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის კი შეიარაღებული ძალების კიდევ 13 ათასი წევრია მზად. უხეშად რომ ვიანგარიშოთ, თითო სტუმარზე თითო სამართალდამცავი! საორგანიზაციო კომიტეტმა საამისოდ ბიუჯეტში თავდაპირველად 282 მილიონი გირვანქა გამოყო, თუმცა მოგვიანებით ეს თანხა თითქმის გააორმაგა – 553 მილიონამდე გაზარდა.
14 ივლისიდან სამეფო საჰაერო და სახმელეთო ძალებმა გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქის გარშემო 45-კილომეტრიანი ზონის კონტროლი დაიწყეს – კომერციული ავიარეისების გარდა ქალაქის თავზე ყველანაირი გადაფრენა აიკრძალა.
მიუხედავად სამართალდამცავთა ასეთი მობილიზებისა, შეთქმულების თეორიის მოყვარულებში მაინც ძალიან პოპულარულია აზრი, რომ ფარული ორგანიზაციები თამაშების დღეებში ტრაგედიას დაატრიალებენ – ილუმინატები თუ მასონები ან ლონდონის სიმბოლო ბიგ ბენს ააფეთქებენ, ან ახალაგებულ ოლიმპიურ სტადიონს, ანაც სხვა სამიზნეს გამოძებნიან. მოკლედ, დიდი და საყოველთაო პრობლემის შექმნას არ დაიზარებენ.
რას ეფუძნება „საიდუმლო ორგანიზაციების მამხილებელი“ ჯგუფების „მოსაზრება“? ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების სიმბოლოებს – ცალთვალა ვენლოკს და მანდევილს. ამბობენ, რომ მათში პირდაპირაა კოდირებული ყოვლისმხედველი თვალი, რაც სხვა არაფერია, თუ არა ილუმინატებისა და მასონების სიმბოლო.
ფარული ორგანიზაციების „შემსწავლელი“ ჯგუფები ამტკიცებენ, რომ დაგეგმილ ტერაქტებამდე კარგა ხნით ადრე „ისინი“ სხვადასხვა სახით ყოველთვის აკეთებენ მინიშნებებს. ამის გათვალისწინებით, თანამედროვე სუპერმენები ვარაუდობენ, რომ 2006 წელს გადაღებულ ფილმში V for Vendetta პარლამენტის შენობის და ბიგ ბენის აფეთქება მხოლოდ მხატვრული მოსაზრების გამო არ შევიდა.
იმის დასამტკიცებლად, რომ ოლიმპიური თამაშების დღეებში ბიგ ბენი დაინგრევა, არაერთი „მკვლევარი“ მულტფილმ „მანქანები 2“-ის სარეკლამო პლაკატსაც იყენებს: მასზე საათისკენ მოძრავი თვითმფრინავია დახატული.
ასევე ყურადღებას იქცევს ფილმ „2012“-ის ერთ-ერთ ეპიზოდში მთავარი გმირის უცნაური მოქმედება: იმის მაგივრად, რომ დამღუპველ ლავას გაეცალოს, მანქანაში შემთხვევით ლონდონის მეტროს რუკას პოულობს, რომელიც მას იმ მომენტში არაფერში არგია. იმის მაგივრად, რომ მოისროლოს და თვითმფრინავისკენ გაიქცეს, ის, რატომღაც, მთლიანად შლის რუკას და ათვალიერებს…
ვინც წლევანდელ თამაშებზე ტრაგედიას და არეულობას ელის, ფარული ორგანიზაციების მესიჯად განიხილავს ამ ამბებსაც: 2008 წლის აგვისტოში BBC-ით გადაიცა პროგრამების სერია Spooks: Code 9. ერთ-ერთ ეპიზოდში ნაჩვენებია ლონდონის ოლიმპიადის დროს მომხდარი ბირთვული ტერორისტული აქტი, რომელსაც ფილმის გმირის თქმით, 100 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა… მწერალ ტომ კეინის 2010 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ნოველაში მოთხრობილია ლონდონის ოლიმპიურ სტადიონსა და ტრაფალგარის სკვერში მომხდარი ბირთვული აფეთქების შესახებ… შარშან, ლონდონის არეულობას, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებთან კავშირი არ ჰქონდა, ბრიტანული ჟურნალი Private Eye ერთი შეხედვით უცნაურად გამოეხმაურა: აგვისტოს ნომერი ასე დაასათაურა – „ოლიმპიური რეპეტიცია“, გარეკანზე გამოტანილ ფოტოს კი – ხალხით გარშემორტყმული ალმოდებული მანქანა – მიაწერა: „ეს არის თამაშების გახსნის ყველაზე ცუდი ცერემონია“…
„მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ოლიმპიადის დღეებში უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მივიღებთ“, – განაცხადა ლონდონის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა სებასტიან კოემ და დასძინა – „როცა ასეთი ხმები მესმის, ყოველთვის ალბერტ აინშტაინი მახსენდება. მან თქვა, რომ ამ ქვეყნად ორი რამაა უსასრულო: სამყარო და ადამიანთა სისულელე. მერე კი დასძინა, რომ სამყაროს უსასრულობაში ეჭვი ეპარება“.
ახლა, როცა ამ სიტყვებს კითხულობთ, სავარაუდოდ, პირველი ჩემპიონებიც გეცოდინებათ. მათ შესახებ ხვალ გეტყვით, მე კი ის მინდა მხოლოდ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დევიზი, რომელიც 1996 წლიდან 2008 წლის ჩათვლით ამართლებდა, კიდევ ერთხელ გამოდგეს იღბლიანი.
ოთხი წლის წინ ჩვენი ოლიმპიური გუნდი პეკინიდან 3 ოქროთი და ამდენივე ბრინჯაოთი დაბრუნდა.
ახლა ლონდონის ჯერია.
მოკლედ, როგორც ჩვენში იტყვიან: უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე, პეკინში!
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 28 ივლისი)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympic.org/london-2012