ლონდონშიც: ფორცა იტალია!

რობერტო მანჩინის იტალია ლამის ერთი თვეა მახარებს და მეც, მატჩიდან მატჩამდე, რაღაცებს ვწერ ჩემთვის, სკუადრა აძურასთან დაკავშირებულ ტკბილ ამბებს ვიხსენებ.
დღეს ევრონახევარფინალია ესპანეთთან, მათთან დაკავშირებით კიდე იმდენი რამეა მოსაგონარი რომ საიდან დავიწყო არ ვიცი. მაგრამ ვეცდები მოკლედ ვთქვა და თან, მხოლოდ გემრიელი ამბები გავიხსენო. თორემ გარდასულ ომებში ერთი ისეთი თამაშია, ნეტა არასდროს მენახა – ყველაფრიდან ამოვარდნილი, სრულიად ალოგიკური შედეგით.

თუ ოლიმპიადებს არ ჩავთვლით, იტალია და ესპანეთი დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე ზუსტად ათჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და პირველი სამის გარდა ყველა, ბოლო შვიდი ჭიდილი პირდაპირ ეთერში ვნახე.

ამ შვიდიდან ერთს, ევრო 2012ის გადამწყვეტ მატჩს, პრინციპულად არ მივუბრუნდები – დიდ ტკივილთან და იმედგაცრუებასთან ასოცირდება, ხოლო მეორეს – 2013 წლის ფიფას კონფედერაციათა თასის ნახევარფინალს, უბრალოდ გვერდს ავუვლი. იმ ტურნირს ცალი თვალით ვუყურებდი და თამაშიც, თუ გახსოვთ, დიდი ვერაფერი გამოდგა.

ბევრს აღარ გავაგრძელებ და როგორც შალიკო ხვინგიაძე იტყოდა, თქვენთვის ხუთი თამაში შევაუკეთესე და მათ მოგართმევთ.

ჩემი პირველი იტალია-ესპანეთი ევრო 88ის ეგიდით გაიმართა და რადგან ზაფხულის არდადეგებს სოფელში ვატარებდი, ჯგუფური ეტაპის მატჩს ბაბუის, ბიძის და კიდევ რამდენიმე მეზობლის გარემოცვაში ვუყურე. ის თამაში იტალიამ ჯანლუკა ვიალის ლამაზი გოლით მოიგო. წლების მერე ლუკა იუვენტუსში გადმოვიდა, კაპიტანი გახდა და ჩვენი ბოლო (ჯერჯერობით) ჩემპიონთა თასიც პირველად მან შემართა. ამის გამო მას განსაკუთრებულად ვაფასებ. ეგეც არ იყოს, ვიალი დღეს მანჩინის თანაშემწეა და იმ რუხ, ბეარზოტისეულ კოსტიუმშიც სიმპათიურად გამოიყურება – ჩემპიონობას იმსახურებს!

მეორე იტალია-ესპანეთი მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალი გამოდგა. ის თამაშიც სოფელში ვნახე, ოღონდ უკვე იტალიაზე ჩემსავით შეყვარებულ ძმაკაცთან ერთად. ზაფხული იყო, დენი შედარებით იშვიათად მიდიოდა და გამიმართლა, რომ იმ საღამოს ავადსახსენებელმა მეცხრე ბლოკმა არ გააფრინა.

არიგო საკის გუნდმა ის მსოფლიო ძალიან მძიმედ დაიწყო და ბეწვის ხიდზე იარა. მერვედფინალში ნიგერიასთან გადავრჩით – რობერტო ბაჯომ ბოლო წუთებზე, უზუსტესი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, დამატებითში პენალტიც შეაგდო და… მოკლედ, მეოთხედფინალში გავძვერით.

იქ იტალიამ შედარებით უკეთ ითამაშა. დინო ბაჯომ, იმხანად ჩვენში ბევრი რობერტოს ძმად რომ თვლიდა, შორიდან გახვრიტა სუბისარეტას კარი. მეორე ტაიმში ესპანელებმა გაათანაბრეს – ხოსე ლუის პერეს კამინეროოოოო! ახლაც მახსოვს მისი სახელი და გვარი…

1:1ის მერე ესპანეთმა უკეთ ითამაშა, მაგრამ თამაშის ბოლოს საკის ბიჭებმა კონტრშეტევა გაშალეს, ბეპე სინიორიმ რობერტო ბაჯოს გადაუგდო ბურთი და მანაც, სუბისარეტას მოტყუების შემდეგ, კიდევ ერთი გამარჯვების გოლი გაიტანა, 2:1! (ზუსტად ათი წლის შემდეგ ღვთაებრივი ცხენისკუდა ესპანეთთან ამხანაგურში გამოეთხოვება ნაკრებს). ჩემი თაობის ტიფოზებს იმ თამაშიდან მაურო ტასოტის იდაყვი და ცხვირგატეხილი ლუის ენრიკეც გემახსოვრებათ…

გავიდა თოთხმეტი წელიწადი და მეტოქეები კვლავ მეოთხედფინალში, თუმცა ამჯერად ევროჩემპიონატზე გადაიკვეთნენ. რობერტო დონადონის იტალია ავსტრია-შვეიცარიაში საქართველოს გავლით მოხვდა, პირველ ტურში ნიდერლანდებთან კი განადგურდა, მაგრამ მერე გამოცოცხლდა და ამიტომ, იმედიანად გახლდით.

დაძაბული თამაში კი იყო, მაგრამ სახიფათო მომენტები – ნაკლებად. 0:0 და საბოლოოდ პენალტები. წავაგეთ. ლუის არაგონესის ის გუნდი ჩემპიონი გახდა, იტალია კი ერთადერთ მეტოქედ დარჩა, რომელიც იმ ესპანეთმა თასამდე სავალ გზაზე ვერ დაამარცხა.

მერე ევრო 2012 იყო – ჯგუფში 1:1 და ის მწარე ფინალი…

აი ბოლო იტალია-ესპანეთს კი თბილისში, ძალოსნობაში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ვუყურე. 2016 წლის ივნის-ივლისში იმ შეჯიბრების საორგანიზაციო კომიტეტში ვმუშაობდი და ლამის ორი კვირა დიღომში, ტანმოვარჯიშეთა დარბაზში გავატარე, იტალიამ და ესპანეთმა კი სტად დე ფრანსზე ითამაშეს.

ევრო 2016 მთლიანობაში მძიმე გამოდგა, თუმცა იმ მერვედფინალს ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად მივიჩნევ. ანტონიო კონტეს ის იტალია მშვენიერი გუნდი იყო და დიდი იმედი მქონდა, რომ თასსაც შემართავდა, ესპანელებთან ის 2:0 კი უჰ, ძალიან, აი ძალიან გამეხარდა! იმ დღეს იტალიას უფრო დიდი სხვაობითაც უნდა მოეგო – აშკარად აჯობა იმხანად ჯერ კიდევ მოქმედ ევროპის ჩემპიონს.

ხუთი წლის წინანდელის მსგავსად, დღეს სკუადრა აძურას უკანა ხაზში ისევ ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი დგანან, დაცვის პროფესორები, როგორც ჟოზე მოურინიუმ თქვა. მათ გარშემო კი ბევრი საინტერესო ბიჭია და ზუსტად მათი, დიდ გამარჯვებას მოწყურებული ნიჭიერი ახალგაზრდების იმედი მაქვს.

როცა იტალია შემტევ ფეხბურთს თამაშობს – და ამ ევროზე ზუსტად რომ ასეთია, სკუადრა აძურა ძალიან სახიფათოა. მანჩინის გუნდის ძალა უკვე ხუთმა მეტოქემ იწვნია და ვიმედოვნებ ესპანეთიც ბელგიის, ავსტრიის და სხვების ბედს გაიზიარებს.

როგორც სპორტის ხორცმეტი ბონდო დოლაბერიძე იტყოდა: არ დაივიწყოთ ჩემი სტილი – შეტევა!

ასე რომ, უკვე ლონდონშიც: ფორცა იტალია!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 6 ივლისი)
ფოტო:
UEFA.com

ka_GEGeorgian