ლორია: მეკარე – რეკორდსმენი
დღეს საღამოს, ფარერებთან მატჩით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გიორგი ლორია გამოეთხოვება, მეკარე, რომელმაც 78-ჯერ დაიცვა „ჯვაროსნების“ კარი. მასზე ხშირად სხვა გოლკიპერს არ უთამაშია, საერთო ჯამში კი ის ნაკრების მეექვსე ყველაზე გამოცდილი წევრია გურამ კაშიას, ლევან კობიაშვილის, ჯაბა კანკავას, ზურაბ ხიზანიშვილის და კახი კალაძის შემდეგ.
39 წლის ლორიამ არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა გამართა ნაკრებში. პირველ რიგში თბილისში ესპანეთთან, საფრანგეთთან და დანიასთან მატჩები მახსენდება, ასევე 2018 წლის შემოდგომით ერთა ლიგაზე საიმედო ასპარეზობა.
ის მაშინ იყო ძირითადი მეკარე, როცა ჩვენი გუნდი, ჩემი შეხედულებით, გამორჩეულად მძიმე ფეხბურთს აჩვენებდა და არც შესარჩევებში ულხინდა. მიუხედავად ამისა, გიორგი რამდენიმე გამორჩეული მიღწევით ტოვებს ეროვნულ ნაკრებს და ქვევით სამ საინტერესო რეკორდსა და ფაქტზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.
ყველაზე მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, ესაა: გიორგი ლორიამ 30 სანაკრებო მატჩში არ გაუშვა გოლი და ამ რიცხვით ძალიან წინ დგას. შედარებისთვის: მეორე ადგილზე ნუკრი რევიშვილია 12 „მშრალი“ თამაშით.
პირველი, ვინც ნაკრებში მინიმუმ 10 მატჩში არ გაუშვა გოლი, გიორგი ლომაია გახლდათ. ლორიამ მისი შედეგი 2014 წლის 29 მაისს, ესპანეთის ქალაქ ხერეს დე ლა ფრონტერაში, საუდის არაბეთთან 2:0 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში გაიმეორა. 2019 წლის 8 სექტემბერს, თბილისში დანიასთან 0:0 დასრულებულ მატჩში, ის გახდა პირველი 20 გოლგაუშვებელი თამაშით, 2023 წლის 12 ოქტომბერს კი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ტაილანდთან 8:0 მოგებულ ამხანაგურში, მიღწევა 30 თამაშამდე გაზარდა.
მეორე რეკორდი არანაკლებ საინტერესოა: პირველია, რომელმაც ზედიზედ ოთხ სანაკრებო მატჩში არ გაუშვა გოლი – 2018 წელს, უეფას ერთა ლიგაში, ყაზახეთში (2:0), ლატვიასთან (1:0) ანდორასთან (3:0) და ლატვიაში (3:0) მოგებულ მატჩებში კარში ის იდგა.
მესამე საინტერესო ფაქტად კი ეს მიმაჩნია: ლორია ნაკრების მხოლოდ მეორე მეკარე-კაპიტანია. 2020 წლის 14 ოქტომბერს, როცა ჩვენმა გუნდმა ჩრდილოეთ მაკედონიაში 1:1 ითამაშა, „ჯვაროსნებს“ მინდორზე ის გაუძღვა. პირველი მეკარე-კაპიტანი კი ირაკლი ზოიძე გახლავთ.
და ბოლოს: დიდი იმედი მაქვს ამ საღამოს ჩვენების გამარჯვებით გავიხარებთ. და თუ ასე მოხდა, გიორგი ლორია საქართველოს მთავარ საფეხბურთო გუნდს 30 მოგებული მატჩით დაემშვიდობება. ფარერებთან დაპირისპირებას ის 29 გამარჯვებით ხვდება და ცხადია, ამ შედეგითაც მეკარე-რეკორდსმენია.
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 5 ივნისი
ფოტო: ეროვნული ნაკრები