ლუიჯი რივა – 1944-2024

იმ წუთებში, როცა მილანის ინტერი და ნაპოლი იტალიის სუპერთასის მფლობელს საუდის არაბეთში არკვევდნენ, კალიარიში, სან მიქელეს საავადმყოფოში 79 წლისა გარდაიცვალა იტალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ლუიჯი რივა. ევროპის 1968 წლის ჩემპიონის და მსოფლიოს 1970 წლის ვიცე-ჩემპიონის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

მისი თამაში აბა საიდან მემახსოვრება, მაგრამ სამაგიეროდ, ის ოთხჯერ ვნახე თბილისში. 1997, 2001, 2006 და 2009 წლებში, როცა სკუადრა აძურა მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატების შესარჩევებში გვესტუმრა, რივა ყველა შემთხვევაში გუნდთან ერთად იყო.

ის 1988 წელს დაინიშნა ნაკრების დირექტორად და 2013 წლამდე ასრულებდა ამ საპატიო, ჩემი დაკვირვებით, სიმბოლურ მოვალეობას. კიდევ ის მახსოვს, რომ ფაბიო კანავარომ ერთ ძველ ინტერვიუში თქვა, 2006-ში მსოფლიოს ჩემპიონები რომ გავხდით, რივას დიდი დამსახურებაცაა, ლიპი გასახდელში ალაგებდა სიტუაციას, ყველა სხვა სიტუაციაში კი გადამწყვეტ სიტყვას რივა ამბობდაო.

მან მთელი კარიერა კალიარიში გაატარა და ამ პატარა კლუბთან ერთად მოიგო ოთხივე ტიტული: სკუდეტო და სერია ა-ს ბომბარდირის სამი ჯილდო. 1969 წელს ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთის რეფერენდუმში მეორე ადგილზე გავიდა – მხოლოდ ჯანი რივერას ჩამორჩა, 1970-ში კი მესამე იყო, გერდ მიულერის და ბობი მურის შემდეგ.

2005 წელს კალიარიმ მე-11 ნომერი სამუდამოდ მას მიაკუთვნა, 2011 წელს იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრი გახდა, 2015 წელს კი უკვე ლეგენდარულ იტალიელ სპორტსმენთა დარბაზში შეიყვანეს.

1973 წლის 9 ივნისს იტალიამ მსოფლიოს ჩემპიონი ბრაზილია რომში, ამხანაგურ შეხვედრაში 2:0 დაამარცხა, რივამ კი ანგარიში გახსნა და იმ ბურთით სკუადრა აძურას ყველა დროის ბომბარდირს ჯუზეპე მეაცას გაუთანაბრდა. მილანის და ინტერის ლეგენდამ მაშინ ორაზროვნად თქვა, რივა კარგია, ნამდვილად ბევრი გოლი გაუტანა კვიპროსს და თურქეთსო.

იმავე წელს კალიარელმა ბომბარდირმა კიდევ სამი ბურთი მიითვალა ლურჯი მაისურით და მას შემდეგ, აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა, 42 მატჩში 35 გოლით იტალიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია. მას კიდევ ერთი საინტერესო სანაკრებო მიღწევა ეკუთვნის – ერთადერთია, ვინც 3-ჯერ შეასრულა ჰეთ-თრიქი.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სერია ა-ს მომდევნო ტურის თამაშები წუთიერი დუმილით დაიწყება.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 23 იანვარი
ფოტო:
Cagliari Calcio

ka_GEGeorgian