ლურჯი ნეაპოლური ნაყინი

„სპალეტი, კვარაცხელია და ოსიმენი განსხვავებული გემოვნების შემოქმედები არიან, თუმცა სამივე ერთად ხატავს იმ ტილოს, რომელიც ერთგულ გულშემატკივრებს საოცარ სიამოვნებას ანიჭებს.
მათი ნაპოლი აგვისტოში, ვერონაში 5:2 გამარჯვების შემდეგ ერთი ამოსუნთქვით მიუყვება კალჩოს ბილიკებს, განვლილი ოცდასამი ტურიდან ოცი მოიგო და დღეს უკვე თვრამეტი ქულით ლიდერობს სერია ა-ს. ასეთი შთამბეჭდავი უპირატესობა სკუდეტოსთვის ბრძოლას აზრს უკარგავს.
ლურჯი ნეაპოლური ნაყინი არ მოსწონთ მხოლოდ მეტოქეებს, თორემ სხვებისთვის ის ძალიან გემრიელია“, – ეს გაძეტა დელო სპორტის სიტყვებია, რომელიც წუხელ, სასუოლოსთან გამარჯვების შემდეგ დაიწერა.

იტალიის ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა გამოცემამ ამ სიტყვებით მიულოცა მორიგი გამარჯვება ნაპოლის ტიფოზებს და ერთი საინტერესო ფაქტიც გვამცნო – ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელისთვის სასუოლოსთან მატჩი კარიერაში საიუბილეო, მეათასე ყოფილა.

ისევე როგორც პირველ წრეში, 29 ოქტომბერს, ლუჩანო სპალეტის ნაპოლიმ კვლავ მშვიდად დაამარცხა სასუოლო. ტაბლოზე კვლავ კვარაცხელიას და ოსიმენის გვარები ენთო, ერთადერთი სხვაობა ის იყო, რომ ქართველმა და ნიგერიელმა ამჯერად მხოლოდ თითო გოლი იკმარეს.

იტალიის მეორე პოპულარულმა სპორტულმა გაზეთმა კორიერე დელო სპორტმა ძალიან ლამაზად აღწერა ხვიჩას გოლი და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი უდიდეს იტალიელ სამთო მოთხილამურეს, ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს ალბერტო ტომბას შეადარა: „მან ის ჩაურბინა მეტოქეებს, რომ თვით ტომბასაც შეშურდებოდა. ლა ბომბა მოთხილამურე გახლდათ, თუმცა მასაც კი უჭირდა სლალომი, აი კვარაცხელიას პლასტიკა კი უმარტივესია, თუმცა ეს ერთი შეხედვით – ყველა ხვდება, რომ ასე სირბილი ძალიან, ძალიან რთულია. უმრავლესობამ, როცა მიმართულებას სწრაფად შეიცვლის, შესაძლოა კოჭები იტკინოს, ხვიჩა კი… ის ვერც სასუოლოს ფეხბურთელებმა შეაჩერეს. კვარა ყველას ატყუებს“!

ზედიზედ მეშვიდე გამარჯვების შემდეგ ნაპოლი უკვე 18-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს ჩემპიონატს და მინიმუმ ოცდამერვე ტურამდე პირველი ადგილი განაღდებული აქვს. თუმცა ლურჯები ისე თამაშობენ, დიდი ეჭვი მაქვს ლუჩანო სპალეტის ბიჭები კიდევ დიდხანს დარჩებიან სერია ა-ს მწვერვალზე. და ვინ იცის, სამხრეთულმა ქალაქმა მაისში, ეგებ, მესამე სკუდეტოთიც გაიხაროს. ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც კამპანიის დედაქალაქში სიხარულმა დაისადგურა. იმ დროს ნაპოლის მაისურით ჯერ კიდევ დიეგო არმანდო მარადონა თამაშობდა.

სხვათა შორის წუხელ, სასუოლოსთან მატჩის შემდგომ ამბებს რომ ვკითხულობდი, ფეისბუქმა ერთ-ერთი ნეაპოლური მაღაზიის პროდუქცია შემომთავაზა – მესამე სკუდეტოთი დამშვენებული ნაპოლის საკლუბო დროშა? სულ რაღაც ათ ევროდ იყიდებოდა. ამით იმის თქმა მსურს, რომ ნეაპოლელთა სკუდეტო ნამდვილად აღარ განეკუთვნება ფანტასტიკის სფეროს, ამხელა უპირატესობის შემხედვარე ხვდები, რომ ცოტა მონდომება და ოცნებაც ახდება.

თამაშის შემდეგ სპალეტიმ სწორედ მონდომებაზე გაამახვილა ყურადღება. დღეს ნამდვილად კარგად ვითამაშეთ, გონივრულად ვუტევდით და თავსაც ჩინებულად ვიცავდით, ახლა მთავარია კონცენტრაცია შევინარჩუნოთ და მომდევნო თამაშებშიც სასურველ მიზანს მივაღწიოთო.

ასეც მოხდება, რადგან ნაპოლის შემჩერებელს სერია ა-ში ვერ ვხედავ. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ვარსკვლავური წყვილია – ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, რომლებმაც გუშინ მშვენიერი გოლები შეაგდეს და მორიგი პატარ-პატარა რეკორდებიც დაწერეს.

ხვიჩათი დავიწყებ, რომელმაც კიდევ ერთი გოლი დახატა და ჩვენი ფეხბურთის რეკორდიც დაისაკუთრა – პირველი ქართველია, რომელმაც ევროპის საუკეთესო ხუთი ჩემპიონატიდან ერთ-ერთში ათი გოლი ერთ სეზონში შეაგდო! ძველ მიღწევას გია გურული და ალექსანდრე იაშვილი იყოფდნენ: 1992-1993 წლების საფრანგეთის ლიგა ერთში გურულმა ჰავრის მაისურით გაიტანა 9 ბურთი (30 თამაშში), 2003-2004 წლების ბუნდესლიგა კი ანალოგიური სტატისტიკით დაასრულა ფრაიბურგში მოთამაშე იაშვილმა.

რაც შეეხება ოსიმენს, 1994-1995 წლების სეზონიდან დაწყებული ის პირველი ნეაპოლელია, რომელმაც სერია ა-ს ზედიზედ შვიდ თამაშში გაიტანა გოლი.

ოცდაოთხი წლის ნიგერიელი თვრამეტი ბურთით ლიდერობს ბომბარდირთა სიას და დიდი შანსია კალჩოს ოქროს ბუციც დაისაკუთროს. და ბარემ აქვე დავწერ, რომ კაპოკანონიერეს ტიტული აფრიკელს ჯერ არ მოუგია.

სასუოლოსთან მატჩის მსვლელობისას გაძეტა დელო სპორტმა ნაპოლის ორივე ლიდერს მიუძღვნა ფოტოკოლაჟი და უნდა ვთქვა, რომ ასეთი რამ პირველად არ მოხდა. კვარა კიდევ ერთხელ შეადარეს კარავაჯოს – ქართველი ამჯერად სკუდეტოს ხატავს, ოსიმენი კი მჭედლად გამოსახეს, რომელიც ოქროს ბუცს ადნობს…

სამშაბათს, 21 თებერვალს, ნაპოლი მიმდინარე სეზონში ოცდამეთერთმეტე მატჩს ჩაატარებს: სპალეტის ბიჭები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში აინტრახტს ფრანკფურტში, დოიჩე ბანკ არენაზე დაუპირისპირდებიან.

ლაშა გოდუაძე (2023 წლის 18 თებერვალი)
ფოტოკოლაჟი:
Gazzetta dello Sport

ka_GEGeorgian