მადლობა დედოფალს

ეს ფოტოები გუშინ, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, ნონა გაფრინდაშვილის პირველი მსოფლიოს ჩემპიონობისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციაზეა გადაღებული.
„დედოფალი“ პირველი წიგნია, რომელიც ჭადრაკის თემაზე მოვამზადე და ის კონკრეტულად 1962 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ამბებს მივუძღვენი, მოსკოვში გამართულ მატჩს, რომელიც ზუსტად 60 წლის წინ, 1962 წლის 17 ოქტომბერს, 21 წლის პრეტენდენტის, ნონა გაფრინდაშვილის დიდებული გამარჯვებით დასრულდა. 9:2 – ამ ანგარიშით, დაუმარცხებლად, ვადამდე ადრე სძლია ნონამ 49 წლის ელიზავეტა ბიკოვას და პირველად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის წოდება, რომელიც შემდეგ კიდევ ოთხჯერ მოიპოვა.

რა მოვლენები უძღოდა იმ მატჩს და როგორ გაგრძელდა ქალბატონი ნონას კარიერა მოსკოვური ტრიუმფის შემდეგ, ეს ამბები წიგნშია გაერთიანებული, მე კი ამ პატარა ჩანახატით მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩანაფიქრის განხორციელებაში დამეხმარა და გუშინდელი იუბილე მოგვილოცა.

პირველ რიგში მადლობას გადავუხდი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას და პირადად პრეზიდენტს, ბატონ გია გიორგაძეს, რომელსაც პირველს გავუზიარე ამ წიგნის იდეა. მიხარია, რომ ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი ასე დასრულდა.

მადლობა სოფო ნიკოლაძეს და ელენე ბილიხოძეს კონსულტაციებისთვის და თანადგომისთვის და მთლიანად ჭადრაკის ფედერაციას დახმარებისთვის, ასევე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის მხარდაჭერისთვის.

მადლობა ყველა სტუმარს, დიდებულ მოჭადრაკეს ქალბატონ ნანა იოსელიანს, ოლიმპიურ ჩემპიონს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, ჩვენი ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებლებს, ჩემს უფროს კოლეგებს თენგიზ გაჩეჩილაძეს და პაატა ნაცვლიშვილს, ასევე ოფიციალურ პირებს, გულშემატკივრებს, კოლეგებსა თუ მეგობრებს გუშინ საღამოს ნათქვამი თითოეული თბილი სიტყვისთვის. მადლობა მათ, ვინც ვერ მოახერხა სტუმრობა, თუმცა მაინც მოგვილოცა გუშინდელი დღე. მიხარია, რომ ჩვენი სპორტის ისტორიაში ერთი გამორჩეული თარიღი – 17 ოქტომბერი, ყველამ ერთად კოხტად და ლამაზად აღვნიშნეთ.

მთავარი მადლობა კი პირადად ქალბატონ ნონას უამრავი გამარჯვებისთვის და წარმატებებით მონიჭებული ულევი სიხარულისთვის.

ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ პროექტზე მუშაობა.

ლაშა გოდუაძე
2022 წლის 18 ოქტომბერი
ფოტო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

ka_GEGeorgian