მადრიდი: სურვილების მაღაზია

ეს კოხტა მაღაზია ძველ მადრიდში ვიპოვე, როცა ამ ულამაზესი ქალაქის გულში, ოპერასთან ვსეირნობდი. კედელი უამრავი თეთრი ფურცლით იყო მორთული, იქვე მოტრიალე წყვილები, ახალგაზრდები და ძველგაზრდები, ერთ ამბავში იყვნენ, დროგამოშვებით ზარის ხმაც მესმოდა და ვიფიქრე, ბოლოს და ბოლოს რა ხდება ამისთანა ჩვენს ზევით ან ჩვენს ქვევით-მეთქი.

La Tienda de los Deseos – ეს სიტყვები ამოვიკითხე წითელ აბრაზე. უღალატო თარჯიმანს დავეკითხე, რას ნიშნავს-თქო და წამში ტელეფონის ეკრანზე ქართული შესატყვისი ამონათდა – სურვილების მაღაზია.

სულ ერთი ბეწო ოთახი აღმოჩნდა, ათობით ძველი წიგნით, რამდენიმე სავარძლით, საბეჭდი მანქანით, ტელეფონის აპარატით, ორი სარკით, პაწაწინა სუვენირებით, ბლოკნოტებით და უთვალავი თეთრი ფურცლით გამოტენილი.

მასპინძელი იქ როგორ მოძრაობს არ ვიცი, მაგრამ მთავარი იდეაა, რასაც ის გოგო და მისი მაღაზია ემსახურება. გოგონამ ღიმილით მითხრა: ჩვენ სურვილებს „ვყიდით“, თქვენგან მიღებული თანხით კი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ვეხმარებით.

სურვილის „შეძენის“ წესიც შევიტყვე. თქვენც გეტყვით, ვინიცობაა და იქ მოხვდეთ, გეცოდინებათ რა უნდა ქნათ: აიღებთ თეთრ ოთხკუთხა ფურცელს, სურვილს დაწერთ, შემდეგ იმ ფურცელს კედელზე ან მაღაზიაში ჩამოკიდებულ სამაგრზე დატოვებთ, ყულაბაში რა თანხაც გსურთ, იმას ჩააგდებთ, ოღონდ მთავარი არ უნდა დაგავიწყდეთ – კართან ჩამოკიდებული ზარის თოკი უნდა შეარხიოთ. სურვილი მხოლოდ მაშინ ასრულდება, თუ ზარის ხმას გაიგონებთ.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 29 იანვარი

ka_GEGeorgian