მაია ჩიბურდანიძე – 63

დღეს 17 იანვარია, ერთ-ერთი უდიდესი მოჭადრაკის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის მაია ჩიბურდანიძის დაბადების დღე. ქალბატონი მაია 63 წლის გახდა.
მასზე წიგნებია დაწერილი. ახლის თქმა ძნელია, მაგრამ მაინც ვცდი და ამ საოცარი ქალბატონის დაბადების დღეს ერთი ნაკლებად ცნობილი ფაქტით და ერთი ძალიან, ძალიან უცნაური, თითქმის დაუჯერებელი ამბით გამოვეხმაურები, რომლებიც ჩვენი სპორტის მოყვარულებმა, შესაძლოა, არც იცოდნენ.

თავდაპირველად ფაქტის შესახებ: საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია 1964 წლიდან ავლენს წლის საუკეთესო სპორტსმენს. მაია ჩიბურდანიძე ერთადერთი ქალია, რომელიც განვლილი 60 წლის მანძილზე 5-ჯერ გახდა სპორტული მედიის რჩეული – 1978, 1984 და 1986 წლებში პირადად, 1982 და 1994 წლებში კი მოჭადრაკე ქალთა ნაკრების შემადგენლობაში. 1994 წლის რეფერენდუმი საერთოდ უნიკალურია: მაია, თანაგუნდელებთან ერთად, საუკეთესოდ დასახელდა, ინდივიდუალურად კი მეორე ადგილი დაიკავა. ასეთი რამ სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვის ისტორიას არ ახსოვს.

ხოლო რაც შეეხება ამბავს, რომელსაც ქვემოთ დავწერ, ის ქალბატონი მაიას ოჯახის წევრმა მიამბო.

* * *

დღეს ამ ადამიანის შესახებ თითქმის აღარაფერია ცნობილი, 70-იანი წლების დასაწყისში კი ის პერსპექტიულ მოჭადრაკედ ითვლებოდა. სევასტოპოლელ ლუბა შჩერბინაზე მოგახსენებთ.

მან პირველად 1972 წელს, ყირიმის ნახევარკუნძულის პირველობაზე გამოიჩინა თავი, შემდეგ არმიის სპორტული კლუბის საკავშირო ჩემპიონატში. მერე იყო გამარჯვება ქალთა საკავშირო პირველობის ნახევარფინალში და ბოლოს ფინალი, სადაც დებიუტი წარუმატებელი გამოდგა – 7 ქულა 19 შესაძლებლობიდან და XVIII ადგილი ოც მონაწილეს შორის.

გავიდა სამი წელიწადი და 1975 წელს ლუბა შჩერბინა, იმხანად ჯერ კიდევ ოსტატობის კანდიდატი, ჯერ უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი კიდევ ერთხელ იასპარეზა უძლიერესთა შორის და ამჯერად წარმატებით – ტალინელ ტატიანა ფომინასთან ერთად II-III ადგილები გაიყო. ისინი მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩნენ გამარჯვებულ ლუდმილა ბელავენეცს. ფრუნზეში გამართული რიგით XXXV სსრკ პირველობა, იმავდროულად, ზონალური ტურნირი იყო და მასში დღევანდელი იუბილარი, 14 წლის მაია ჩიბურდანიძეც მონაწილეობდა.

ფრუნზეში მაიამ სუსტად ითამაშა, VII-XI ადგილები დაიკავა და თბილისში დაგეგმილ საზონათშორისო ტურნირს მიღმა დარჩა. მაგრამ შჩერბინა, რომელსაც ჩვენთან უნდა ეთამაშა, უკვალოდ გაქრა! აი ასე, – იყო და აღარ არის! 1976 წლის შემდეგ საბჭოთა სპორტულ პრესაში მის შესახებ არაფერი დაწერილა, თითქოს ეს სევასტოპოლელი გოგონა არასდროს დაბადებულა. ჰოდა, მაიაც უკვალოდ გამქრალი მოჭადრაკის ნაცვლად დაუშვეს თბილისში გამართულ შეჯიბრებაში.

მაგრამ მე ხომ დეტექტივს არ ვყვები? ამ პატარა ჩანახატით იმ ქვეყანაში მომხდარ უცნაურ ამბავს ვიხსენებ, რომელიც დასავლეთისგან, ანუ თავისუფალი სამყაროსგან რკინის ფარდით იყო „დაცული“ და თავის მკაცრი წესები ჰქონდა. საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო ის, რის შესახებაც დასავლეთში უკვე ღიად საუბრობდნენ.

ლუბა შჩერბინას ამბავი სწორედ ასეთი იყო: ნაღდი, რეალური, მაგრამ კრემლის კაბინეტებში მოკალათებული პოლიტელიტისთვის მიუღებელი და მათ მიერვე ტაბუდადებული და აკრძალული.

ლუბა შჩერბინა ქალი არ იყო. ის ტრანსგენდერი გახლდათ, როგორც მაშინ ამბობდნენ – ჰერმოფროდიტი. მისნაირებზე კი ქვეყანაში, სადაც გვარწმუნებდნენ რომ მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა, მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრე თუ ისაუბრებდა.

თბილისში გამართული საზონათშორისო ტურნირის წინ ლუბა შჩერბინამ სქესი შეიცვალა და სწორედ ამიტომ, სამუდამოდ გაქრა საბჭოთა სპორტიდან. თუ ვიკიპედიაში მაია ჩიბურდანიძის გვერდს ჩახედავთ, იქ აღნიშნულია, რომ 1976 წლის საზონათშორისო ტურნირში მაია „საკანდიდატო სიით დაუშვეს“. დღეის შემდეგ იცოდეთ, რომ ამ სამი სიტყვის მიღმა ლუბა შჩერბინას ამბავი იმალება.

მერე რაც მოხდა, როგორც ასეთ დროს იტყვიან, ისტორიაა:

საზონათშორისო ტურნირში ზემოხსენებული მოვლენების გამო დაშვებულმა მაია ჩიბურდანიძემ დიდებულად ითამაშა და II-III ადგილები გაიყო, ამის წყალობით კი ჭადრაკის დედოფლის ტახტისკენ მიმავალ ბილიკს დაადგა:

პრეტენდენტთა მეოთხედფინალურ მატჩში ნანა ალექსანდრია დაამარცხა – 5,5:4,5.

ნახევარფინალში ელენა ახმილოვსკაიას მოუგო – 6,5:5,5.

ფინალში გამოცდილ ალა კუშნირს სძლია – 7,5:6,5.

და ბოლოს, 1978 წლის შემოდგომა, ბიჭვინთა და მატჩი მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინისთვის. მაიამ ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი დაამარცხა – 8,5:6,5 – და 17 წლისა, ქალთა ჭადრაკის ისტორიაში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 17 იანვარი
ფოტო: sport.gov.ge

ka_GEGeorgian