მაიამის მასტერსი: დიადი შვეიცარიელის მორიგი რეკორდი

უბერებელმა როჯერ ფედერერმა მორიგი რეკორდი მიითვალა: პირველია, ვინც მასტერსის სერიის 50-ე ფინალში ითამაშებს! მაიამის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში მან მორიგი იდეალური შეხვედრა ჩაატარა და 19 წლის კანადელ დენის შაპოვალოვს 6:2, 6:4 აჯობა.

„როცა სიამოვნებით ვთამაშობ, ყოველთვის ყველაფერი ჩინებულად გამომდის. დღესაც ასე იყო. რა თქმა უნდა ვიცოდი დენისის შესაძლებლობების შესახებ, ის ნიჭიერი და სახიფათო მოთამაშეა, მაგრამ როგორც ჩანს, დღეს მე უნდა მომეგო“, – განაცხადა 37 წლის ფედერერმა, ვინც ინდიან უელსის შემდეგ ზედიზედ მეორე მასტერსის ფინალში ითამაშებს. თავში ხსენებულ რეკორდამდე ის საუკეთესო მიღწევას – 49 მასტერსული ფინალი – რაფაელ ნადალს უყოფდა.

49 გადამწყვეტი მატჩიდან როჯერმა 27 მოიგო, 22-ჯერ კი დამარცხდა. მაიამის ფინალში მას ჯონ ისნერი ელის, რომელმაც 1/2-ფინალში ტურის აღმოჩენა, 18 წლის ფელიქს ოჟე-ალიასიმი დაამარცხა. ისნერი მაიამის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონია – ეს მის კარიერაში ერთადერთი მასტერსია, როჯერი კი იქ მეოთხე ტიტულისთვის ითამაშებს.

ფედერერსა და ისნერს 7-ჯერ უთამაშიათ. შვეიცარიელი წინაა – 5:2. ბოლოს ისინი 2015 წელს, პარიზის მასტერსზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ისნერმა ძალიან დაძაბული პაექრობა მე-3 სეტში მოიგო. როჯერისგან განსხვავებით ჰარდ როქ სთედიუმზე დანიშნული გადამწყვეტი მატჩი ისნერისთვის მე-5 მასტერსული ფინალია.

ვაჟთა წყვილებს შორის მაიამის VI ტიტულისთვის ითამაშებენ ამერიკელი ტყუპები ბობ და მაიკ ბრაიანები. მათი მეტოქეები ნიდერლანდელი უესლი კოოლჰოფი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი არიან. წყვილებს შორის ეს უკანასკნელები პირველ ფინალს თამაშობენ, ბრაიანები კი, გამარჯვების შემთვევაში, 118-ე ტიტულს მოიხვეჭენ.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 30 მარტი)

ka_GEGeorgian