მალდინების 1000
სერია ას XVI ტურის უკანასკნელ მატჩში ლიდერმა მილანმა ბოლო 9 სეზონის ჩემპიონ იუვენტუსს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა: ფედერიკო კიეზამ დუბლი შეასრულა, უესტონ მაკენიმ ერთი გოლი შეაგდო, ამ 3 ბურთს კი მასპინძელთაგან მხოლოდ დავიდე კალაბრიამ უპასუხა.
მილანი კი ისევ ლიდერია – ქულით უსწრებს ინტერს, მაგრამ მშვიდად ყოფნის საშუალება ნაღდად არ აქვს, რადგან მდევრები ძალიან მიუახლოვდნენ.
იუვენტუსის წინააღმდეგ 19 წლის დანიელ მალდინი 81ე წუთზე გამოჩნდა – დიოგო დალოტი შეცვალა.
და მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მილანური გრანდის ისტორიაში ერთი ძალიან მაგარი ამბავი მაინც მოხდა – სერია აში მალდინების ოჯახის წევრმა მეათასედ ითამაშა!
დანიელის ბაბუა, რკინისებურ მცველად წოდებული ჩეზარე მალდინი 1954-66 წლებში თამაშობდა სან სიროზე და ჩემპიონატში 347ჯერ გამოჩნდა.
ჩეზარეს ვაჟი და დანიელის მამა, ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მცველად აღიარებული პაოლო 1985-2009 წლებში დაქროდა შავ-წითელი მაისურით და სერია აში 647 თამაშით კარგა ხანს იყო იტალიის რეკორდსმენი.
დანიელი შარშან დააწინაურეს პირველ გუნდში, 2019-20 წლების სეზონში 2ჯერ გამოჩნდა სერია აში, გუშინ იუვესთან კი მიმდინარე ჩემპიონატში მეოთხედ ითამაშა.
347 + 647 +6 = 1000!
ჩეზარემ და პაოლომ მილანთან ერთდ უამრავი ტიტულები მოიგეს, ყველაფერთან ერთად ისინი ერთადერთი მამა-შვილი არიან, რომლებმაც კაპიტნის რანგში აღმართეს ჩემპიონთა თასი.
შეძლებს თუ არა დანიელი ბაბუის და მამის გზის გაგრძელებას, ამას დრო გვიჩვენებს.
ჯერ კი მისი მთავარი გამარჯვება იტალიის 16წლამდელთა ჩემპიონატის ოქროს მედალია 2016-17 წლების სეზონში.
მალდინების საოცარი მიღწევის გარდა მილანი-იუვენტუსის მატჩიდან ეს 3 ფაქტიც მნიშვნელოვანი მგონია:
1: სერია აში მილანის 27მატჩიანი წაუგებელი სერია ამ 1:3ით დასრულდა.
შავ-წითლები ჩემპიონატში ბოლოს 305 დღის წინ, მარტში შინ ჯენოსთან დამარცხდნენ.
2: მილანმა ჩემპიონატის ზედიზედ 36ე მატჩში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი და ეს მე3 საუკეთესო შედეგია სერია ასში.
პირველი 2 მიღწევა იუვენტუსს ეკუთვნის – 43 მინიმუმ ერთგოლიანი თამაში 2014 წელს და 44 2017 წელს.
3: უესტონ მაკენი პირველი ამერიკელია, რომელმაც სან სიროზე მილანურ გუნდს გაუტანა.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 7 იანვარი)