მარადონა: 11 ფოტოამბავი

დღეს 30 ოქტომბერია და დღეს დიეგო არმანდო მარადონას დაბადების დღეა – ლეგენდარული არგენტინელი 60 წლის გახდა.
მასზე რაიმე ახლის თქმა ძნელია: ძალიან დიდი რომ იყო, წლების წინ მიხვდნენ და აღიარეს კიდეც.
მას შემდეგ დიეგოზე მხოლოდ აღმატებით ხარისხში საუბრობენ და წერენ და მეც მორიგი სადღეგრძელო რომ არ გამომივიდეს, 11, ჩემი აზრით საინტერესო მოგონებას შემოგთავზებთ დიეგოს უამრავ ინტერვიუში რომ ამოვიკითხე.

მოგონება #1
განსაკუთრებული ბავშვობა ნაღდად არ მქონდა. ჩვეულებრივად ვიზრდებოდი, სხვებს ვგავდი… ერთი ეგაა, რომ მშობლები თითქმის ყველაფრის უფლებას მაძლევდნენ. ნუ, ცუდს მიშლიდნენ, ცხადია.
პელუ, წადი ითამაშე, ოღონდ დროზე დაბრუნდი! – მეტყოდა ხოლმე ჩემი საყვარელი დედიკო ტოტა და ბურთს გადმომიგდებდა.
რა თქმა უნდა დაღამებამდე არ ვბრუნდებოდი – ძალიან მიყვარდა ფეხბურთი!
ყველაფერი მსიამოვნებდა – ქუჩის ფეხბურთი, ეზოებს შორის მატჩები სულ სხვაა და იქ გამარჯვება დიდ ფეხბურთში მოგებულ თასებზე არანაკლებ გემრიელი იყო!
ზოგადად, ქუჩაში შეძენილი გამოცდილება მომავალში ძალიან დამეხმარა.

მოგონება #2
ჩემი პირველი გუნდი ესტრელა როხა (წითელი ვარსკვლავი) ტრეს ბანდერასთან თამაშობდა. ჩვენთვის, პატარა ბიჭებისთვის ქუჩის თამაშები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გულში ვფიქრობდით, რომ ბაირესის დერბი იყო – ზოგი ბოკა ხუნიორსის ფეხბურთელად წარმოიდგენდა თავს, სხვები რივერ პლეიტის ვარსკვლავებს ბაძავდნენ…
1969 წელი იყო და ის პერიოდი იმიტომ დამამახსოვრდა, რომ პირველი, ბავშვური წყენა მაშინ ვიწვნიე – ტრეს ბანდერასთან 7:1 გავიმარჯვეთ, მე რამდენიმე გოლი გავიტანე, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კი დაწერა, რომ პატარა დიეგო უკვე დიდი ვარსკვლავია!
თითქოს რა არის ამაში საწყენი? 9 წლის ბიჭი გაზეთში მოვხვდი და თან ვარსკვლავად მომნათლეს, მაგრამ ჟურნალისტის შეცდომის გამო ძალიან დამწყდა გული – გვარი დამიმახინჯა, მარადონას ნაცვლად კარადონად მომიხსენია და ეს ძალიან მეწყინა! კარადონა გეცოდინებათ, ძვირფას ქალბატონს ნიშნავს…

მოგონება #3
1970 წელს არხენტინოს ხუნიორსი ბოკა ხუნიორსს ხვდებოდა ველეს სარსფილდის მოედანზე. შესვენებისას ბავშვები მინდორზე შეგვიშვეს მაყურებელთა გასართობად.
როგორც ჩანს იმდენად კარგად ვკენწლიდი ბურთს, რომ გულშემატკივრებმა ტაშით დამაჯილდოვეს და რაც არანაკლებ მესიამოვნა – გუნდები რომ გამოვიდნენ, ქომაგებმა ფეხბურთელებს გასძახეს, აცალეთ, გაერთოსო!
წლების შემდეგ სწორედ ამ გუნდში მოვხვდი…
ერთ-ერთ ვარჯიშზე ფლაკო (სესარ ლუის მენოტის მეტსახელი) მოვიდა და მითხრა: კარგი ბიჭი ხარ და მინდა, რომ ყოველთვის ასეთად გიხილო.
მაშინ მისდამი სიმპათიით განვიმსჭვალე, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ყველაზე ძალიან სწორედ მენოტი მაწყენინებდა – არ დაგავიწყდეთ, ფლაკომ დამტოვა მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის მიღმა!

მოგონება #4
ერთ მშვენიერ დღეს მამამ მითხრა, წამო, ბუენოს აირესში გავისეირნოთო. იმ დროს მან უკვე იცოდა, რომ ბოკა ხუნიორსი და რივერ პლეიტი მეპატიჟებოდნენ…
დიეგო, შენ ზრდასრული ადამიანი ხარ და თავად უნდა აირჩიო, მე მხოლოდ ერთს გეტყვი – გულით მინდა, რომ ბოკა ხუნიორსში გიხილო, – მითხრა მამამ.
ის ბოკა ხუნიორსის თავგადაკლული ქომაგი გახლდათ, იმ ხანებში კი ბოკას ძალიან უჭირდა. ამიტომ ლა ბომბონერაზე გადასვლის ვარიანტი არ მხიბლავდა. რივერ პლეიტი უფრო ძლიერი იყო, თან ფინანსებსაც ხომ აქვს მნიშვნელობა – ეს კლუბი უფრო დიდ ანაზღაურებას მთავაზობდა…
საბოლოოდ მაინც ბოკა ხუნიორსში გადავედი. მამის აზრი ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მეც ხათრი ვერ გავუტეხე.
არასდროს დამავიწყდება ლა ბომბონერაზე პირველი ნაბიჯები – ტალიერესს ვხვდებოდით. ღმერთო, რა ლამაზი იყო იმ დღეს ბომბონერა!
გულშემატკივრების დანახვისთანავე ვიგრძენი, რომ ეს კლუბი ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ნაწილი გახდებოდა!
ბოკას მაისურით პირველი გოლი 1981 წლის 29 მარტს გავიტანე. იმ დღეს მეორედ ვითამაშე კლუბში. ჩემი პენალტის წყალობით ნიუელს ოლდ ბოიზთან დაპირისპირება 2:2 დასრულდა.

მოგონება #5
რაც დრო გადიოდა, სულ უფრო სახელოვანი ვხდებოდი. გულშემატკივრები ჩემზე გიჟდებოდნენ, ჟურნალ-გაზეთები კი წერდნენ, რომ მალე არგენტინული ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი გავხდებოდი.
ახლოვდებოდა მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატი. თამაში ისე მსურდა, რომ ლამის მაკანკალებდა! ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე და ძილის წინ მხოლოდ ნაკრებში მოხვედრაზე ვფიქრობდი. 17 წლის ვიყავი, მაგრამ უკვე პატივისცემით მეპყრობოდნენ. მეც იმედიანად ვიყავი, მჯეროდა, რომ მწვრთნელის რჩეულთა შორის მოვხვდებოდი.
არადა ვცდებოდი, ძალიან ვცდებოდი!
ის საშინელი დღე გუშინდელივით მახსოვს: 19 მაისს ნატალიოს სალვატორიზე შევხვდი, ნაკრების კანდიდატები სწორედ იქ გავდიოდით შეკრებას. სესარ ლუის მენოტის 25დან 3 უიღბლო უნდა დაესახელებინა – მწვრთნელს მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ 22 მოთამაშის წაყვანა შეეძლო.
ორი დაწუნებული ფეხბურთელი ჩემამდე დაასახელა და მერე ჩემი ჯერიც დადგა… არადა, როგორ მეგონა!.. როგორ მჯეროდა, რომ მენოტი არ გამწირავდა!..
საშინლად გულგატეხილი ვიყავი! როცა სია ამოიკითხა, მთხოვა, ერთი წუთით დარჩიო. როცა ბიჭები ოთახიდან გავიდნენ, მითხრა: დიეგო, 17 წლის ხარ და მსოფლიო ჩემპიონატზე არაერთხელ ითამაშებ. კინაღამ გული გამისკდა!
ავტირდი… სხვა ვერაფერი შევძელი…

მოგონება #6
არგენტინა მალე დავტოვე. ბოკა ხუნიორსთან ერთად ჩემპიონატი მოვიგე და ჩავთვალე, რომ საკუთარი შესაძლებლობების ევროპაში გამოცდისთვის შესაფერისი მომენტი იყო.
ერთ მშვენიერ დღეს ბოკას ბაზაზე ენრიკე ომარ სივორი მოვიდა. მას, ერთ-ერთ უდიდეს არგენტინელს და იუვენტუსის ლეგენდას ჩემი ტურინში წაყვანა სურდა. შეთავაზება კი მომეწონა, მაგრამ არ ავჩქარდი.
მალე ბარსელონა დამიკავშირდა და კატალონიელებმა ისეთი პირობები შემომთავაზეს, უარს ნაღდად ვერ ვიტყოდი!
ესპანეთში ჩასული კი მალევე მივხვდი, რომ მომატყუეს. თუ მანამდე თავისუფლებას დამპირდნენ, კლუბის ბაზაზე გადასული, საშინელ წნეხში მომაქციეს… იცით, რეჟიმის მკაცრი დაცვა ბევრს სჭირდება, მაგრამ მე ასეთთა შორის ნაღდად არ ვარ.
გამოძინებას არ მაცლიდნენ, დილის 7 საათზე წამომაგდებდნენ და მავარჯიშებდნენ… რომ დავიწუწუნებდი, მეტყოდნენ სასარგებლოაო… არადა ასეთი დამოკიდებულება გულს მირევდა…
ნელ-ნელა, ამ და სხვა არაერთი მიზეზის გამო, ჩემსა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობა გაფუჭდა, ეს კი თამაშზეც აისახა.
ბარსელონაში გამარჯვების იმედით გადავედი. ვფიქრობდი, რომ ის სტილი, რომელსაც ეს გუნდი მისდევდა, ჩემთვის ზედგამოჭრილი იყო და თავდაპირველად მეც ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ ნელ-ნელა ბევრი ცუდი რამ დავინახე. ამიტომაც, კატალონიაზე მალე ამიცრუვდა გული.
როცა მივხვდი, რომ ვერაფერს შევცვლიდი, საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი…
ლა ლიგის მორიგ ტურში ბილბაოს ატლეტიკს შევხვდით. სწორედ ამ გუნდში თამაშობდა ანდონი გოიკოეჩეა, ფეხბურთელი, რომელიც ჩემმა თანაკლუბელმა ბერნდ შუსტერმა წინა სეზონში ძალიან დაჩაგრა. ამის გამო გოიკოეჩეა დაბოღმილი იყო.
იმ თამაშში ის მხოლოდ იმას ცდილობდა, რომ შუსტერისთვის ტრავმა მიეყენებინა. ერთ მომენტში გერმანელს ძალიან ეუხეშა და ვუთხარი, ფრთხილად, თორემ მსაჯი გაგაფრთხილებს-მეთქი. და იცით რა გააკეთა? რამდენიმე წუთში, ბურთისკენ რომ მივრბოდი, ფეხებში გამეტებით ჩამარტყა! საჩინელად მეტკინა – აღმოჩნდა წვივი გადამიტეხა!
იმ ტრავმის გამო რამდენიმე თვე გამიცდა. იმთავითვე ნათელი იყო, რომ მკურნალობას დიდი დრო დასჭირდებოდა. ატლეტიკის მწვრთნელმა ხავიერ კლემენტემ კი იცით რა თქვა? არ ღირს ამ ამბავზე ამდენი პოლემიკა, უშველებელი არაფერი მომხდარა, იქნებ დიეგო სულაც ცრუობსო!
გოიკოეჩეას უხეშობა წლების შემდეგ კი ვაპატიე, მაგრამ კლემენტეს ის სიტყვები – არა!

მოგონება #7
რაც დრო გადიოდა, ბარსელონაში მდგომარეობა სულ უფრო რთულდებოდა. გუნდის ხელმძღვანელების მორიგი სიცრუის შემდეგ კი კლუბის გამოცვლა საბოლოოდ გადაწყვიტე – პირდაპირ პრეზიდენტთან, ხოსეპ ლუის ნუნიესთან შევედი და ვითხარი, უნდა გამიშვათ-მეთქი.
პრეზიდენტმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ზოგადად, ის უცნაური და, არ შემეშინდება ამის თქმის, ცბიერი კაცი იყო. ერთს ამბობდა და ხშირად მეორეს აკეთებდა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ საბუთებს არ მაძლევდნენ, პასპორტიც დამიმალეს…
ასეთმა დამოკიდებულებამ ძალიან გამაღიზიანა და ერთ დღეს, ნერვებმოშლილი კლუბის მუზეუმში შევედი, ნუნიესის მარჯვენა ხელი, ვიცე-პრეზიდენტი ჟოან გასპარის ნახვა მინდოდა.
არც მივესალმე, პირდაპირ მივახალე პასპორტი დამიბრუნეთ-მეთქი! მან კი მშვიდად მიპასუხა: ბოდიში დიეგო, ვერაფრით დაგეხმარებიო.
და მე რა გავაკეთე? იქვე მდგარი თასი ავიღე და ძირს დავანარცხე, ნამსხვრევებად ვაქციე!
ამას გასპარი არ ელოდა, შუსტერმა კი, ვინც თან მახლდა, მითხრა, სუფთა გიჟი ხარო!
დიახ, გიჟი ვარ და თუ ახლავე არ მომცემთ საბუთებს, ამ თასს სხვა დანარჩენებსაც მივაყოლებ-მეთქი!
ასეთ რამეს არ ელოდნენ, მაგრამ მათ სხვა გზა, უბრალოდ არ დამიტოვეს. მალე სიტუაცია შეიცვალა – პრეზიდენტი და მისი ხელქვეითები გონს მოეგნენ და ყველა საბუთი დამიბრუნეს. მეტიც, ახალი კონტრაქტიც შემომთავაზეს გაუმჯობესებული პირობებით, მაგრამ ის ხელშეკრულება არც გადამიფურცლავს. მახსოვს, ცარიელი საბანკო ქვითარი გამომიწოდეს, მე უნდა ჩამეწერა სასურველი ანაზღაურება…

მოგონება #8
ნაპოლის ვარიანტი მალე გამოჩნდა. დასასვენებლად ვიყავი, როცა იტალიელები აგენტს დაუკავშირდნენ. ხელშეკრულების პირობები მალე შევათანხმე და შვებულებიდან პირდაპირ ნეაპოლში ჩავედი.
არასდროს დამავიწყდება ის დღე, როცა პირველად შევაბიჯე სან პაოლოზე! ტრიბუნები გადაჭედილი იყო, ჩემ სანახავად ათიათასობით გულშემატკივარი მოვიდა! მაშინ, გვირაბიდან მინდორზე რომ გავდიოდი, ვფიქრობდი, რომ ნეაპოლში ერთი ან ორი სეზონი არ გავჩერდებოდი…
დიეგო, მგონი ათიანში მოარტყი! ვფიქრობდი გულში.
მიკროფონი რომ მომაჩეჩეს, ვერაფერი მოვიფიქრე და მხოლოდ ეს ვთქვი: მე ნეაპოლელი ვარ! ტრიბუნები კინაღამ ჩამოინგრა, ისეთი ხმაური ატყდა!
მალე ბურთი ავკენწლე, მერე ვიღაცებს ავტოგრაფი ჩამოვურიგე და ისევ გასახდელში გავუჩინარდი. ეს იყო და ეს. სტადიონზე სულ რამდენიმე წუთი დავყავი, მაგრამ ეს საკმარისი გამოდგა, რომ ნეაპოლელთა დამოკიდებულება და სიყვარული მეგრძნო!
ნეაპოლი პირადად მე მელოდა და ამას იქ გატარებულ ყოველ წუთს ნათლად ვგრძნობდი. და ეს სიყვარული წლიდან წლამდე სულ უფრო მძაფრი ხდებოდა!
ახლაც ვთვლი, რომ ნეაპოლში გატარებული პირველი წლები საუკეთესო პერიოდია ჩემ კარიერაში!
ეგებ ნაპოლი არ არის ბარსელონაზე დიდი კლუბი, მაგრამ ჩემთვის იტალიის ეს პატარა გუნდი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ბარსა. და ამას ვერაფერი შეცვლის.

მოგონება #9
მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალს ვერაფერს ვიტყვი: რაც იმ დღეებზე დაიწერა, მგონი, რამდენიმე ტომს ეყოფა…
ჩვენ, არგენტინელებმა მექსიკაში საოცარი დღეები გავატარეთ და ის ჩემპიონატი ჩემთვის ყოველთვის ყველაზე ტკბილ მოგონებად დარჩება!
ინგლისთან 1/4ფინალი ნაღდად არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი. ფოლკლენდის კუნძულების ცნობილი ამბების გამო არგენტინელები ამ თამაშს ლამის ომად განიხილავდნენ. გულშემატკივრების, რიგითი თანამემამულეების დამოკიდებულება ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით და ყველა ვგრძნობდით, რომ იმ თამაშის წაგების უფლება უბრალოდ არ გვქონდა!
ორჯერ გავუტანე შილტონს.
პირველ გოლს ჟურნალისტებმა ხუმრობით „ღმერთის ხელი“ უწოდეს, მეორეს კი ხორხე ვალდანომ „ღმერთის ფეხი“ დაარქვა.
ახლა პირველად ვამბობ: ის პირველი ბურთი მართლა ხელით გავიტანე. მაშინ კი არა, მერეც ძნელი იყო ამის აღიარება, მაგრამ ახლა საკმაო დრო გავიდა საიმისოდ, რომ სიმართლე ვთქვა…
მაგრამ იცით რა არის? იმ მომენტში, როცა მეკარეს ავუხტი, ხელით განზრახ არ მითამაშია, უბრალოდ, ასე მოხდა – აქნეული ხელი ახტომაში დამეხმარა, ბურთი კი უბრალოდ მომხვდა და კარში შევარდა…
იმდენად დაბნეული და გახარებული ვიყავი, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ! მსაჯმა ჩათვალა და მეც პატიოსნად გავაგრძელე თამაში…
რაც შეეხება მეორე გოლს, წლების შემდეგ ის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბურთად აღიარეს და მე ამით დრემდე ვამაყობ!
ისე, კარგი შედარება კი გამოვიდა – „ღმერთის ხელი“… „ღმერთის ფეხი“… მომწონს!

მოგონება #10
1994 წელს, ამერიკაში, მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრები უძლიერესი იყო. ვგრძნობდი, რომ მეც შესანიშნავ ფორმაში ვიყავი და ბიჭებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებოდით.
არ დაგიმალავთ – იმ ჩემპიონატის წინ ბევრ ძველ, საეჭვო ნაცნობს დავემშვიდობე, მსუბუქ ნარკოტიკებზე და სხვა ცდუნებებზეც უარი ვთქვი. მხოლოდ ერთი რამ მსურდა: კარგად თამაში და მსოფლიოს ჩემპიონობა!
ბერძნებთან პირველი თამაში 4:0 მოვიგეთ. 1986 წელს, მთელი მსოფლიო ჩემპიონატის მანძილზე არ ვყოფილვარ ისეთი კმაყოფილი, როგორც იმ დღეს, იმ გამარჯვების მერე! გოლმაც გამახარა – ძალიან ეფექტური ბურთი გავიტანე.
ხალხი მიხვდა, რომ ფავორიტები ვიყავით. მაგრამ მხოლოდ კეთილისმსურველები კი არა, მტრებიც იქვე იყვნენ ჩასაფრებულნი.
მეორე ტურში ნიგერიას 2:1 მოვუგეთ. თამაშის შემდეგ დოპინგზე შემამოწმეს და აღმოჩნდა, რომ თურმე ეფედრინი მიმიღია. დისკვალიფიკაციით დამსაჯეს! არათუ თამაშის უფლება, საერთოდ, ფეხბურთთან ყველანაირი შეხება ამიკრძალეს.
ახლა პირველად ვამბობ იმას, რაც არასდროს მითქვამს: ყველაფერში ერთადერთი კაცია დამნაშავე – ფიფას პრეზიდენტი ჟოაო აველანჟი, უაზროდ ამბიციური კაცი, ყოფილი ფრენბურთელი, ვისაც ფეხბურთისა არაფერი გაეგებოდა.
იმ წლების განმავლობაში, რაც აველანჟი ფიფას ხელმძღვანელობდა, ბრაზილიამ ერთხელაც ვერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. მას სურდა, რომ ოქროს თასი, ბოლოს და ბოლოს, მის თანამემამულეებს მოეგოთ. სურდა ერთია, მაგრამ ხვდებოდა, რომ მისი ბრაზილია ჩვენი გამჩერებელი არ იყოს. მეტიც, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები ჩვენ ვიყავით, ამას ყველა ხედავდა. ამიტომაც, ფიფას პრეზიდენტი ადგა და ის გააკეთა, რაც აწყობდა.
პირფერობაში ნუ ჩამომართმევთ და არგენტინის ნაკრებისთვის მართლა ძალიან დიდი ძალა ვიყავი, ბიჭებს ჩემი იმედი ჰქონდათ, ჩემმა დისკვალიფიკაციამ კი მათზე დამთრგუნველად იმოქმედა.
ძალიან მტკივა გული, როცა ვხვდები, რომ ხშირ შემთხვევაში კაბინეტებიდან მებრძოდნენ ის არაკაცები, რომლებიც ხვდებოდნენ, რომ ყველა სხვა ასპარეზზე უშანსოდ იყვნენ.

მოგონება #11
დიდი ხანია ფეხბურთიდან წავედი. მეტწილად ვისვენებ…
მშვენიერი ოჯახი მყავს, შვილები, ძალიან ძვირფასი მეგობრები… მინდა, რომ მათთან ერთად ბედნიერი ვიყო.
ფეხბურთმა ბევრი რამ მომცა და პირველ რიგში მატერიალური კეთილდღეობა, რაც არაერთი კარგი საქმის ჩუმად გაკეთების საშუალებას მაძლევს. ეს ძალიან მსიამოვნებს და მგონი, ამაზე კარგი ბევრი არაფერია.
ფეხბურთი?
მენატრება, მაგრამ ჩემი დრო წავიდა. რაც იყო, იყო. შეცდომებზე ფიქრის დრო აღარაა. მთავარია, რომ იმ წლებში უფრო მეტი ტკბილად მოსაგონარი ამბავი იყო. ეს ძალიან მახარებს.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 30 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian