მარია წასვლაზე დაფიქრდა

„რაოდენ გულდასაწყვეტიც უნდა იყოს, ვფიქრობ, ძველ მარიას ვეღარ ვიხილავთ. ის ჩინებული მოთამაშე იყო, მაგრამ ოპერაციის შემდეგ ძალიან დასუსტდა. გულახდილად ვამბობ: გული მწყდება ასეთ დღეში რომ ვხედავ. მას გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო“, – ეს სიტყვები ლეგენდარულ კრის ევერტს ეკუთვნის.

დიდი სლემის ტურნირების 18-გზის ჩემპიონი ავსტრალიის ღია პირველობის სტარტზე მარია შარაპოვას მარცხს გამოეხმაურა. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მე-19 ნომრად განთესილ დონა ვეკიჩთან უშანსოდ – 3:6, 4:6 – დამარცხდა. ამ წაგებით გაირკვა, რომ WTA-ის რეიტინგში შარაპოვა 350 საუკეთესოს შორისაც აღარ იქნება.

32 წლის მარია შარაპოვა ერთ-ერთია იმ 10 ჩოგბურთელს შორის, რომელთაც კარიერის განმავლობაში ყველა, სლემის ყველა ტურნირი მოუგიათ. მისდა სამწუხაროდ, საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა – მხრის ოპერაციის შემდეგ, რასაც ხანგრძლივი დისკვალიფიკაციაც დაერთო, შარაპოვამ ფორმა ვერ დაიბრუნდა.

„ნამდვილად არ მაქვს ჯადოსნური ალმასი, რომ შევიტყო რა მოხდება მომავალში. ახლა ძალიან მიჭირს და წასვლაზეც ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მინდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ვნახოთ რას ვიზამ, მოსაფიქრებლად დრო მჭირდება და თუ რამე მაქვს ახლა, ეს სწორედ დროა“, – განაცხადა რუსმა ჩოგბურთელმა.

მარია შარაპოვა პროფესიონალთა შორის 2001 წელს გამოჩნდა. 2004 წელს დიდი სლემის პირველი ტურნირი – უიმბლდონი მოიგო, ამ დროისთვის კი 36 თასს ფლობს. საპრიზოს სახით მან 39 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 22 იანვარი)

ka_GEGeorgian