მათიის დე ლიხტი ნიდერლანდების სეზონის მოთამაშედ აღიარეს
მათიის დე ლიხტი 2018-19 წლების სეზონის ნიდერლანდების ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ტურინის იუვენტუსის მცველს ჯილდო გუშინ, ამსტერდამში გამართულ დაჯილდოებაზე გადაეცა.
„მადლობა ყველას, ვინც ჩემი თამაში დააფასა და საუკეთესოდ დამასახელა. ეს ტიტული ძალიან ძვირფასია და მიხარია, რომ დიდებული ფეხბურთელების მხარდამხარ ჯილდო მეც მერგო“, – განაცხადა დე ლიხტმა, ვინც ცერემონიას დაესწრო კიდეც.
2017-18 წლების სეზონში მათიის დე ლიხტი ნიდერლანდების საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა და იოჰან კრუიფის პრიზით დაჯილდოვდა.
1982 წლიდან ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეს საფეხბურთო გამოცემა ვოეტბალ ინთერნეშენალი ავლენდა, 1984 წლიდან კი დე ტელეგრააფი. 2005 წელს ორი გამოკითხვა გაერთიანდა და მას შემდეგ ორივე გამოცემა ნიდერლანდების ერედივიზიეს რჩეულს ავლენს.
დე ლიხტი მეშვიდე აიაქსელია, რომელმაც ეს წოდება მოიპოვა. გასულ წლებში ამსტერდამელთაგან საუკეთესოები გახდნენ: 2008 – ჯონ ჰეიტინგა, 2010 – ლუის სუარესი, 2012 – იან ვერტონგენი, 2014 – დელეი ბლინდი, 2016 – დევი კლაასენი, 2018 – ჰაკიმ ზიეჩი.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 3 სექტემბერი)