მატიის დე ლიხტის გამოწვევა: ნიდერლანდური ხუთეული

67.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი – იუვენტუსმა ეს თანხა გადაიხადა მატიის დე ლიხტის სანაცვლოდ.
19 წლის ნიდერლანდელი მცველი მომდევნო 5 სეზონის განმავლობაში იტალიის ყველაზე ტიტულიანი კლუბის მაისურით ითამაშებს.
დე ლიხტი ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. 19 წლის ასაკში აიაქსის კაპიტნის სამკლაურს რომ განდობენ, ბევრ რამეზე მიუთითებს.
სამშობლოში მოგებული ყველა ტიტული და ნაკრების დაცვის ცენტრში დამკვიდრება უდაოდ დიდი მიღწევაა, მაგრამ ერედივიზიონისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ სერია ა და იუვენტუსი ახალგაზრდა მცველისთვის არნახული გამოწვევაა.
მისი მონაცემების ფეხბურთელს, წესით და რიგით, იუვენტუსის ძირითადში დამკვიდრება არ უნდა გაუჭირდეს. მერე რა, რომ ტურინელთა დაცვის ცენტრში ორი ვარსკვლავია – ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი. ისინი უკვე ვეტერანები არიან, დე ლიხტი – მომავალია!
პირველი ნიდერლანდელი, რომელმაც იტალიური კლუბის მაისური მოირგო, ფრანსუა მენო კნოოტი გახლდათ. 1906 წელს მან 2-ჯერ ითამაშა მილანის შემადგენლობაში. II მსოფლიო ომამდე აპენინებზე კიდევ რამდენიმე ნიდერლანდელმა ითამაშა, 80-90-იან წლებში კი, როცა სერია ა საუკეთესო საფეხბურთო ლიგა იყო, იტალიურ კლუბებში მხოლოდ უდიდესები თამაშობდნენ.
დღეს სერია ა-ს ისტორიაში 5 საუკეთესო ნიდერლანდელს გავიხსენებთ. მიუახლოვდება თუ არა იუვენტუსის თინეიჯერი ახალწვეული დიად თანამემამულეებს, ამას მომავალი გვიჩვენებს.

მარკო ვან ბასტენი
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ნიდერლანდელი მილანს 1987 წელს, კლუბის პრეზიდენტის სილვიო ბერლუსკონის ძალისხმევით და მილიონობით დოლარის სანაცვლოდ შეუერთდა.

ვან ბასტენი მილანმა 1995 წელს დატოვა, არადა 2 წლის განმავლობაში ერთხელაც არ უთამაშია. მიზეზი კოჭის ტრავმაა, რომლის მოსარჩენად „მფრინავმა ჰოლანდიელმა“ რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა.

კარიერის ასეთი დასასრულის მიუხედავად, 28 წლის მარკოს ლეგენდობისთვის 4 სრული და 2 არასრული სეზონი ეყო: შავ-წითელი მაისურით 201 მატჩში 125 გოლი შეაგდო, კლუბს კი სერია ა-ს 3-ჯერ მოგებაში დაეხმარა, 2-2-ჯერ აღმართა იტალიის სუპერ, ჩემპიონთა, ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასები, და რაც მთავარია: 1988, 1989 და 1992 წლებში ევროპის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიგო – ფრანს ფუტბოლმა „ოქროს ბურთით“ დააჯილდოვა!

მარკო ერთმნიშვნელოვნად უდიდესი ნიდერლანდელია, რომელსაც სერია ა-ში უთამაშია.

რუუდ გულიტი
ევრო 88-ის ჩემპიონი ნაკრების კაპიტანი 80-90-იანი წლების მილანის ლეგენდარული ნიდერლანდური ტრიოს მეორე კაშკაშა ვარსკვლავი გახლდათ.

სილვიო ბერლუსკონიმ მის სანაცვლოდ 18 მილიონი დოლარი გადაუხადა პსვ ეინდჰოვენს. ამ ტრანსფერით გულიტი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა!

ფიზიკურად გამორჩეული და უნივერსალის თვისებებით დაჯილდოებული რუუდ გულიტი 1987 წელს ევროპის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, 1987 და 1989 წლებში კი უორლდ სოკერმა დაასახელა მსოფლიოში უძლიერესად.

ვან ბასტენთან და რაიკაარდთან ერთად მან ლეგენდარული სამეული ჩამოაყალიბა, რომელმაც 1989 და 1990 წლებში მილანს 6 საერთაშორისო ტიტული მოუტანა!

კარიერის დასრულების შემდეგ რუუდ გულიტი ჯერ მილანის, რამდენიმე წელიწადში კი იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრი გახდა.

მილანი

დიდი მილანის ნიდერლანდელი სუპერვარსკვლავები: რუუდ გულიტი, მარკო ვან ბასტენი და ფრენკ რაიკაარდი

კლარენს ზეედორფი
მესამე უდიდესი ნიდერლანდელი სერია ა-ში: მისტერ დისციპლინა, თაობის გამორჩეული ნახევარმცველი, ბრწყინვალე შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი, მოუღლელი და საიმედო.

კლარენს ზეედორფი მილანის ინტერმა 1999 წლის ზაფხულში 24.35 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გადაიბირა მადრიდის რეალიდან, თუმცა სახელ-დიდება ქალაქის მეორე კლუბში მოიპოვა. ბერლუსკონის გუნდმა ზეედორფი ინტერს ფრანჩესკო კოკოში გაუცვალა. თუ ვინ მოიგო ამ გარიგებით, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს.

10 სრული სეზონი მილანის მაისურით, 431 მატჩში გატანილი 63 გოლი და 10 ტიტული, მათ შორის 2 ჩემპიონთა ლიგა, ამდენივე სკუდეტო, იტალიის და ევროპის სუპერთასები და ფიფას საკლუბო ჩემპიონის თასი. სერია ა-ს ყველა დროის უდიდეს ნიდერლანდელთა შორის მე-3 ნომრად დასახელებისთვის ეს ჩამონათვალი, ვფიქრობთ, საკმარისია.

მოთამაშის კარიერის დასრულებისთანავე ზეედორფმა მილანის დიდების დარბაზში შეაბიჯა.

ფრენკ რაიკაარდი
არავისთვისაა ახალი, რომ ბერლუსკონის პირველი ილ გრანდე მილანი, არიგო საკის გუნდი, ბრწყინვალე ნიდერლანდელების გარშემო აიგო.

1988 წელს მილანელებმა სერია ა მარკო ვან ბასტენის და რუუდ გულიტის ბრწყინვალე თამაშით მოიგეს, საერთაშორისო გამარჯვებები კი მათი თანამემამულის ფრენკ რაიკაარდის გადაბირების შემდეგ იზეიმეს. რაიკაარდი ჩრდილოიტალიურ კლუბს ბრწყინვალედ მოგებული ევრო 88-ის შემდეგ შეუერთდა.

იდეალური მონაცემების მქონე ნახევარმცველმა შავ-წითელი მაისურით 1988-93 წლებში 5 სრული სეზონი ითამაშა და მშობლიურ აიაქსს 10 ტიტულით დაუბრუნდა: 2-2-ჯერ მოიგო სკუდეტო და იტალიის სუპერთასი, 1989 და 1990 წლებში კი თავისი წვლილი შეიტანა ზედიზედ მოგებულ ჩემპიონთა, ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასებში. 1990 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალში ლისაბონის ბენფიკასთან სწორედ მან შეაგდო ერთადერთი გოლი.

1988 და 1989 წლებში, როცა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მარკო ვან ბასტენმა მოიგო, რაიკაარდი ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთის“ რეფერენდუმში მე-3 ადგილზე გავიდა.

ჩვენი რეიტინგის პირველი სამეულის მსგავსად, დღეს ისიც მილანის დიდების დარბაზის წევრია.

ედგარ დავიდსი
ამსტერდამის აიაქსმა 90-იანი წლების დასაწყისში ორი ევროჯილდო მოიგო: 1992 წელს უეფას თასი აღმართა, 1995 წელს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფაბიო კაპელოს ლეგენდარული მილანი დაამარცხა. ედგარ დავიდსი ორივე გამარჯვების თანამონაწილეა.

1996 წლის გაზაფხულზე ამსტერდამელებმა კიდევ ერთხელ ითამაშეს საუკეთესო ევროტურნირის ფინალში, თუმცა იუვენტუსთან დამარცხდნენ. იმ წაგების შემდეგ ნიდერლანდური გრანდის ახალგაზრდა ვარსკვლავები სხვადასხვა კლუბებმა დაიტაცეს, აიაქსელთა დაუღლელი ნახევარმცველი ედგარ დავიდსი კი მილანში გადაბარგდა.

„პიტბულის“ კარიერა სან სიროზე ვერ აეწყო და 1997 წლის დეკემბერში მეორე გრანდში – იუვენტუსში გადაინაცვლა. ტურინელებმა ის 5,3 მილიონ გირვანქად შეიძინეს.

ჩვენ რჩეულთა შორის დავიდსი სწორედ იუვენტუსში ბრწყინვალე თამაშის წყალობით მოხვდა: 7 სეზონში 243-ჯერ მოირგო იუვენტუსის შავ-თეთრი მაისური და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 13 გოლი გაიტანა, 1997-2003 წლების დიდი იუვეს შეუცვლელ მოთამაშედ იქცა.

ტურინელებთან ერთად მან 3-ჯერ მოიგო სკუდეტო და 2-ჯერ იტალიის სუპერთასი, 1998 და 2003 წლებში კი კლუბს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში დაეხმარა.

2004-05 წლების სეზონი დავიდსმა მესამე აპენინურ გრანდში – ინტერში გაატარა, სადაც იტალიის თასი აღმართა. ის ერთადერთი ნიდერლანდელია, რომელმაც მილანში, ინტერსა და იუვენტუსში ითამაშა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 17 ივლისი)

ka_GEGeorgian