მბაპეს ასიანი

ლიგა 1ის ბოლო ტურში პარი სენ-ჟერმენმა მონპელიე მისსავე მოედანზე 3:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა სუპერფორვარდმა კილიან მბაპემ 91ე წუთზე გაიტანა გოლი, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო – ანგარიში 3:1 გახდა.
და ეს ზუსტი დარტყმა მის პარიზულ კარიერაში საიუბილეო, მე100 გამოდგა!
100 ზუსტი დარტყმა პარი სენ-ჟერმენის მაისურით ჩატარებულ 137 თამაშში – დიდებულია!

მბაპე 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა ფრანგული ფეხბურთის გრანდს მონაკოში ჩატარებული საჩემპიონო სეზონის შემდეგ და თუ სადებიუტო 12 თვე 21 გოლით დაასრულა, მას შემდეგ მინიმუმ 30 ბურთი გააქვს – 39 გოლი 2018-19 და 30 2019-20 წლებში. ისიც გემახსოვრებათ, რომ ბოლოსწინა სეზონში მას საკმაო ხანი გაუცდა, თორემ ისეთ ჯანზე იყო, პირად რეკორდს შეუტევდა.

ამ ჩემპიონატში კი მბაპე დიდებულ ფორმაშია, მაგრამ ჯერ მხოლოდ ლიგა 1ში გააქვს. მონპელიესთან შეგდებული ბურთი, გარდა იმისა, რომ მე100 იყო, საფრანგეთის ჩემპიონატში გატანილი 90ე გოლი გამოდგა – 74 „პარიზულ“ გოლამდე მან 16ჯერ მონაკოს გულშემატკივრები გაახარა.

ბარემ აქვე დავწერ: მონეგასკურ კლუბში შეგდებული 27 გოლით 21 წლის კილიან მბაპეს პროფესიული კარიერის სტატისტიკა ასეთ სურათს იღებს – 127 გოლი უმაღლეს დონეზე ჩატარებულ 197 ოფიციალურ თამაშში!..

პსჟს დიდი ისტორია აქვს, კლუბი სულ რაღაც ნახევარი საუკუნის წინ დაარსდა, მაგრამ მაინც: მბაპე მხოლოდ და მხოლოდ მე5 ფეხბურთელია, ვინც პარი სენ-ჟერმენის მაისურით მინიმუმ 100 გოლი გაიტანა. ყველაზე ახალგაზრდა რომაა, ამას კი მიხვდებოდით.

და რაც შეეხება დანარჩენ 4ს, გოლეადორთა ჩამონათვალი ასეთია:
ედინსონ კავანი (ურუგვაი) – 200
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი) – 156
პედრუ პაულეტა (პორტუგალია) – 109
დომინიკ როშტო (საფრანგეთი) – 100

მბაპე პაულეტას, სავარაუდოდ, ამ სეზონშივე გადაასწრებს, იბრაჰიმოვიჩისა და კავანის შედეგებს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუტევს, საფრანგეთის დედაქალაქში თუ დარჩა. არაერთხელ დაწერილა, რომ ფრანგული ფეხბურთის სუპერვარსკვლავს მდიდარი ევროგრანდები იწვევენ და მათ შორის მადრიდის რეალი, ვინც ათეულობით მილიონი ევროს გადამხდელია.

ყოველი შემთხვევისთვის, ამასაც შეგახსენებთ: პარი სენ-ჟერმენმა მბაპეს კონტრაქტი 2018 წელს 180 მილიონ ევროდ გამოისყიდა და ამ გარიგების წყალობით კილიანი ყველა დროის მე2 უძვირფასესი მოთამაშე გახდა, თინეიჯერთა შორის კი პირველი.

ბოლოსთვის 21 წლის მბაპეს მთავარ კარიერულ მიღწევებს შეგახსენებთ:
მსოფლიოს ჩემპიონი – 2018
მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 2018
ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე (კოპას თასი) – 2018
ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე (ბრავო) – 2017
ლიგა 1ის 4გზის ჩემპიონი – 2017, 2018, 2019, 2019
საფრანგეთის თასის და ლიგის თასის 2-2გზის მფლობელი – 2018, 2020
საფრანგეთის წლის მოთამაშე – 2018, 2019
ლიგა 1ის საუკეთესო ფეხბურთელი – 2019
ლიგა 1ის 3გზის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 2017, 2018, 2019
ლიგა 1ის 2გზის საუკეთესო ბომბარდირი – 2019, 2020

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 7 დეკემბერი)

ka_GEGeorgian