მე ასეთ ფინალს ვისურვებდი

მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება სენეგალი-ნიდერლანდების მატჩით, ოღონდ გახსნის თამაში კატარი-ეკვადორია, რომელიც ექვსი საათით გვიან გაიმართება.
ჯგუფური ეტაპის 48 მატჩიდან დაახლოებით ნახევარს, ალბათ, სასხვათაშორისოდ ვნახავ, თუმცა ამ პატარა ტექსტში სხვა რამის თქმას ვაპირებ: მინდა, რომ 18 დეკემბერს, ფინალში, არგენტინამ და პორტუგალიამ ითამაშონ.

იმ შემთხვევაში, თუ ორივე მოიგებს თავის ჯგუფს, და ეს შეუძლებელი ნაღდად არაა, მათი გზები ფინალამდე არ გადაიკვეთება, მაგრამ თუ ფეხი დაუცდათ, შესაძლოა, მანამდე დაეჯახონ ერთმანეთს.

ახლა რატომ მინდა არგენტინის და პორტუგალიის ფინალი. მე არცერთს ვქომაგობ, თუმცა ეს ორი გუნდი ჩემთვის კარგა ხანია ორ დიადთან ასოცირდება – ლეო მესისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან. კატარშიც სწორედ მათ გამო ვუქომაგებ ამ გუნდებს.

ლეო და კრიშტიანუ ყველა დროის უდიდესებად მიმაჩნია (კიდევ რამდენიმესთან ერთად). ორივეს მოუგია თავის კონტინენტის ჩემპიონატი და კიდევ ერთი სანაკრებო ტიტული, ოღონდ მსოფლიოზე მათი თამაში აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს და მინდა, რომ ჯგუფური ეტაპი დაძლიონ და მოჯადოებულ ფლეი ოფშიც გაიბრწყინონ თვით ფინალის ჩათვლით.

ორივეს ხომ უამრავი გოლი გაუტანია ნაკრებში, კრიშტიანუ საერთოდ ყველა დროის ნომერ პირველი გოლეადორია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატების ჯგუფური ეტაპის იქით მათ ჯერ არ გაუხარიათ. დაუჯერებელია, მაგრამ ასეა: ლეომ 6 გოლი შეაგდო 2006, 2014 და 2018 წლებში, კრიშტიანუმ 7 გერმანია 2006ის მერე.

მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილ ამდენ გოლს ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა ინატრებდა, მაგრამ ესენი მწვერვალზე დგანან და ამიტომაც მგონია, რომ ხსენებული შედეგები გამოსასწორებელი აქვთ.

დიდი ალბათობით, კატარი 2022 მათი უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. ჰოდა გამეხარდება თუ დიდ ავიაციას სუპერთამაშით და არაერთი სუპერგოლით გამოეთხოვებიან.

თხუთმეტ წელზე მეტია საოცრად თამაშობენ, თუ რამ მოსაგები იყო, ყველაფერი ჩაიხუტეს, მაგრამ მსოფლიოზე ჯერ ერთმაც ვერ დაიქუხა და ამიტომ მინდა, რომ ახალი წლის წინა დღეებში მათი ფინალი ვნახო. ამდენ წელიწადზე გაშლილი თვალისმომჭრელი კარიერა ნაღდად საუკეთესო დასასრულს იმსახურებს.

იტალიას რომ ეთამაშა კატარში, სხვა რამეს დავწერდი, მაგრამ ფსევდოსაფეხბურთო ქვეყნებს აპენინებზე, როგორც ჩანს, არ სწყალობენ.

მოკლედ, 18 დეკემბერს ლეო კრიშტიანუს წინააღმდეგ. ჩემთვის კატარი 2022ის საუკეთესო დასასრული ასეთი იქნება.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 2 აპრილი)
ფოტოკოლაჟი: Goal.com

ka_GEGeorgian