მე პიზაში რა მინდოდა ანუ გალილეიდან კიელინიმდე

პიზაში ფლორენციიდან მოვხვდი. მეგობრებმა ტოსკანის გულში კოხტა ფიატი ვიქირავეთ და ამ ზღაპრული ქალაქის ირგვლივ ძირითადი ტურისტული ადგილები რაც იყო, თითქმის ყველა ვნახეთ: პიზა, სიენა, ლივორნო, მშვენიერი სან ჯიმინიანო…

ტოსკანა ისეთი თვალწარმტაცია, სანახავს რა გამოლევს! მით უმეტეს, როცა რამდენიმე დღე გაქვს თავისუფალი. კარგად თუ არ დაგეგმე ყველაფერი, შეიძლება ვერაფერი მოასწრო. სწორედ ამიტომ, პიზა ჩვენ სიაში პირველი ეწერა. თუნდაც მხოლოდ დახრილი კოშკის გამო.

პიზა პატარა ქალაქია, მაგრამ პოპულარობით ძალიან ბევრ დიდ დასახლებას გაეჯიბრება. გზამკვლევში ამოვიკითხე, რომ მის მთავარ ღირსშესანიშნაობას, საოცრებათა მოედანს (Piazza dei Miracoli), წელიწადში თითქმის ორ მილიონამდე დამთვალიერებელი სტუმრობს. ხოლო რამდენი ცდილობს სამახსოვრო ფოტოზე დახრილი სამრეკლოს შეკავებას, ეს არავის დაუთვლია.

ისე, გალავანში შესვლისთანავე პირველად ზუსტად ეს სცენა მომხვდა თვალში, უამრავი ადამიანი ჩამწკრივებულიყო და იმ ცნობილი კოშკის „დაჭერას“ ცდილობდა. ზოგი ხელებით, სხვები – ზურგით, ვინ თავით და ვინ – ბეჭებით… განსაკუთრებით „ორიგინალურები“ პიზის კოშკს ნაყინით და… ენითაც ამაგრებდნენ!

მაგრამ ეს კოშკი სულაც არ არის საოცრებათა მოედნის ერთადერთი მშვენება. ქათქათა გალავანშია მოქცეული დიდი და ლამაზი ტაძარი, წმინდა ჯოვანის სახელობის ბაპტისტერიუმი და კამპო სანტოს სასაფლაო.

იქიდან გამომდინარე, რომ დიდი დრო არ გვქონდა, პირველად სამრეკლოს ტური ავიღეთ, შემდეგ კი მთავარ ტაძარში შევედით. კოშკზე ასვლა განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა. წამით არ გავიწყდება რომ გვარიანად დახრილ შენობაზე ადიხარ და უსიამოვნო შეგრძნებაც თან გსდევს, მეორე მხრივ კი მთელი პიზა ხელის გულზეა, მათ შორის საფეხბურთო კლუბის სტადიონიც, არენა გარიბალდი.

ისიც უნდა ვთქვა, რომ კოშკის თავზე მხოლოდ თხუთმეტი წუთით შეგიძლია დარჩე. იმიტომ, რომ ბევრი მსურველია და სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი მასპინძლები, დროის გასვლის შემდეგ, დასწავლული ღიმილით განიშნებენ: როგორც მოსვლით გაგვახარე, ისე წასვლით…

სამრეკლოს კენწერო წვრილი მავთულითაა გარშემორტყმული. წლების წინ ერთ გადარეულს უამრავი ტურისტის თვალწინ უცდია თვითმკვლელობა. ჰოდა, საოცრებათა მოედნის მცველებმაც ცხოვრებაზე ხელჩაქნეულთა შესაკავებლად ეს ნაბიჯი გადადგეს.

სამრეკლოს და მთავარი ტაძრის მონახულება ხომ ერთი სიამოვნებაა, მაგრამ არანაკლებ საამოა კოხტად გაკრეჭილ მინდორზე დასვენება და უგემრიელესი ნაყინით გაგრილება.

ანდრეა ბოჩელი ხომ იცით ვინც არის? ძალიან კარგი. გალილეო გალილეიც პიზელია. ლეონარდო ფიბონაჩიც. აი, ჯორჯო კიელინი კი, თუ კალჩო არ გიყვართ, მეეჭვება რომ იცოდეთ. ისიც პიზაში დაიბადა. და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ბურთს დასდევს, დღეს გალილეის, ფიბონაჩის, ბოჩელის და სხვა საპატიო ქალაქელების გვერდით იხსენიებენ.

ლაშა გოდუაძე
პიზა, იტალია
2013 წლის 4 ოქტომბერი

ka_GEGeorgian