მე პიზაში რა მინდოდა ანუ გალილეიდან კიელინიმდე

პიზაში ფლორენციიდან მოვხვდი.

ტოსკანის გულში მეგობრებმა პატარა და კოხტა ფიატი ვიქირავეთ და ორი დღის განმავლობაში ფლორენციის ირგვლივ ძირითადი ტურისტული ადგილები რაც იყო, ყველა ვნახეთ: პიზა, სიენა, ზღაპრული სან ჯიმინიანო…

ტოსკანა ისეთი ლამაზი და მშვენიერია, რომ სანახავს აბა რა გამოლევს, მაგრამ როცა მხოლოდ ორი დღე გაქვს თავისუფალი, კარგად თუ არ დაგეგმე, შეიძლება ვერაფერიც მოასწრო.

ამიტომაც, პიზა პირველი იყო ჩვენ სიაში. გასაგებია რატომაც: დახრილი კოშკი, სამახსოვრო ფოტოები და ასე შემდეგ. ეგეც არ იყოს: მაღალი მატერიები, კულტურა… და თან, იტალიაში მოხვდე და პოპულარულ ადგილებში არ დაჩეკინდე, ვინ გაპატიებს?!

პიზა პატარა ქალაქია, თუმცა პოპულარობით ძალიან ბევრ გაცილებით დიდ დასახლებას გაეჯიბრება. ტურისტულ ბუკლეტში ამოვიკითხე, რომ ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას – საოცრებათა მოედანს (Piazza dei Miracoli), წელიწადში თითქმის ორ მილიონამდე დამთვალიერებელი სტუმრობს. ხოლო რამდენი ცდილობს სამახსოვრო ფოტოზე დახრილი სამრეკლოს შეკავებას, ეს უცნობია. ისე, გალავანში შესვლისთანავე პირველად ზუსტად ეს სცენა მომხვდა თვალში – უამრავი ადამიანი ჩამწკრივებულიყო უცნაურ პოზაში და კოშკის დაჭერას ცდილობდა: ზოგი ხელებით, სხვები – ზურგით, ვინ – თავით და ვინ – ბეჭებით… განსაკუთრებით „ორიგინალურები“ პიზის კოშკს ნაყინით და… ენითაც ამაგრებდნენ!

მაგრამ ეს კოშკი სულაც არაა საოცრებათა მოედნის ერთადერთი მშვენება – ქათქათა გალავანშია მოქცეული დიდი და ლამაზი ტაძარი, წმინდა ჯოვანის სახელობის ბაპტისტერიუმი და კამპო სანტოს სასაფლაო. დახრილი კოშკი კი სხვა არაფერია, თუ არა მთავარი ტაძრის სამრეკლო.

იქიდან გამომდინარე, რომ არცთუ დიდი დრო გვქონდა, პირველად პიზის სამრეკლოს ტური ავიღეთ, შემდეგ კი მთავარ ტაძარში შევედით.

კოშკის თავზე ასვლა განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა. ერთის მხრივ, გახსოვს რომ საკმაოდ დახრილ შენობაზე დგახარ და უსიამოვნო შეგრძნებაც თან გსდევს, მეორე მხრივ კი მთელი პიზა ხელის გულზეა, მათ შორის პიზის საფეხბურთო კლუბის სტადიონიც (ცნობისათვის: კარგა ხანია პიზა სერია ა-ში აღარაა).

ისიც უნდა ვთქვა, რომ იქ, კოშკის თავზე მხოლოდ 15 წუთით შეგიძლია დარჩე – იმდენად ბევრი მსურველია, რომ სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი მასპინძლები, დროის გასვლის შემდეგ, კულტურულად განიშნებენ: როგორც მოსვლით გაგვახარე, ისე წასვლით… მოკლედ, როგორც ერთ კარგ ქართულ ანდაზაშია.

სხვათა შორის, სამრეკლოს კენწერო მავთულებითაა შემორტყმული. გიდის თქმით, წლების წინ ერთ გადარეულს, რატომღაც, მაინცდამაინც იქიდან და უამრავი ტურისტის თვალწინ გადახტომით უცდია თვითმკვლელობა. სწორედ ცხოვრებით ფრუსტრირებულთა შესაკავებლად გადაუდგამთ ეს ნაბიჯი საოცრებათა მოედნის მცველებს…

სამრეკლოს და მთავარი ტაძრის მონახულება ხომ ერთი სიამოვნებაა, მაგრამ არანაკლებია მწვანე ბალახზე წამოწოლა და უგემრიელესი იტალიური ნაყინის დაგემოვნება, თან ნანახის გააზრება და ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეზე ფიქრი.

ამ დაუვიწყარი ამბისთვის მაქსიმუმ 5 ევროდ შეძენილი რა გინდა რა გემოს და ფერის ნაყინის ბურთულები, კოხტად მოკალათება და უმშვენიერესი ნაგებობებით ტკბობაა საჭირო. მეტი არაფერი.

ანდრეა ბოჩელი ხომ იცით ვინ არის? ძალიან კარგი.

გალილეო გალილეიც იქაურია.

ლეონარდო ფიბონაჩიც.

ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის, ვინიცობაა დაინტერესდნენ რომელიმე პიზელს თუ იცნობთ პირადად ან სიმპოზიუმ-კონცერტებიდან.

აი ჯორჯო კიელინი კი, თუ ფეხბურთი არ გიყვართ, მეეჭვება იცოდეთ.

ისიც ამ პატარა ქალაქში დაიბადა. და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ბურთს დასდევს, დღეს გალილეის, ფიბონაჩის, ბოჩელის და სხვა საპატიო პიზელთა შორის იხსენიებენ.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
პიზა, იტალია; 2013 წლის 4 ოქტომბერი

ka_GEGeorgian