მედლები ქართული სპორტის მუზეუმს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უშუს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდის წევრები დღეს ქართული სპორტის მუზეუმში მიიღო.

უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ვერულიძემ ქართული სპორტის მუზეუმს ევროპის ჩემპიონატისათვის დამზადებული მედლები და სხვა სამახსოვრო პრიზები უსახსოვრა, ხოლო ტარიელ ხეჩიკაშვილს ევროპის უშუ-კუნგფუს ფედერაციის პრეზიდენტის რეიმონ სმიტის სამადლობელი წერილი გადასცა.

„პირველ რიგში ვულოცავ საქართველოს უშუს ნაკრებს ამ დიდ წარმატებას – ევროპის ჩემპიონატზე 30-ზე მეტი მედლის მოგება ნამდვილად არაა სახუმარო ამბავი! ასევე მსურს უშუს ეროვნულ ფედერაციას მივულოცო ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარება და მომავალში კიდევ არაერთი საერთაშორისო შეჯიბრის მიღება ვუსურვო. დღეს უშუს ფედერაციის ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგიმ ქართული სპორტის მუზეუმს მედლები და სამახსოვრო პრიზები გადასცა. მიხარია, რომ მუზეუმში ბოლო დროს სულ უფრო მეტი პრიზი თუ ჯილდო იყრის თავს. აშკარაა, რომ უახლოეს მომავალში ქართული სპორტის მუზეუმის გაფართოება მოგვიწევს, რის გამოც, ცხადია, მოხარულები ვართ“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ევროპის II ჩემპიონატი ვინჩუნში და IV ჩემპიონატი კუნგფუში (ტრადიციული უშუ) თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში 11-21 მაისს გაიმართა. კონტინენტის პირველობაზე 28 ქვეყნის 758-მა სპორტსნმა იასპარეზა.

საქართველოს ნაკრებმა ჯამში 8 ოქროს, 3 ვერცხლის და 20 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ვინჩუნში, უფროსებს შორის მედლებს დაეუფლნენ: თორნიკე ნანიკაშვილი (ოქრო და ბრინჯაო), ზაზა ზაზარაშვილი (ოქრო), ავთანდილ კაკულია (ოქრო), ლიკა წულუკიძე (ოქრო), ნიკა სანაია (2 ბრინჯაოს მედალი).

ტრადიციულ უშუში, ახალგაზრდებს შორის მედალოსნები გახდნენ: ელენე მახარაძე (ოქრო და ბრინჯაო), რაულ მამედოვი (ვერცხლი), მარიამ თურმანიძე (2 ბრინჯაო), ლუკა ხუტიაშვილი (ბრინჯაო), გიორგი გერმანოზაშვილი (ოქრო), ალექსანდრე კუჭავა (ბრინჯაო), ნიკოლოზ გლახოშვილი (ბრინჯაო), მარიამ მეცხვარიშვილი (ოქრო), პეტრე წიკლაური (ბრინჯაო), სერგი დოღონაძე (ვერცხლი), კონსტანტინე ბერძენიშვილი (ბრინჯაო), თეკლა კობახიძე (ბრინჯაო), ლუკა ბალანჩივაძე (ბრინჯაო), ამირან ადამაძე (ოქრო).

უფროსებს შორის წარმატებას მიაღწიეს: ნინო ჩიხლაძემ (ბრინჯაო), დავით გულისაშვილმა (ვერცხლი), მაკა გაბესკირიამ (ბრინჯაო), მანუჩარ კვაშილავამ (ბრინჯაო), ბიძინა ონოფრიშვილმა (ბრინჯაო), ლევან გასვიანი (ბრინჯაო), ლუკა მასხულია (ბრინჯაო), გიორგი ბანცური (ბრინჯაო).

ჩემპიონატის დღეებში, ევროპის უშუ-კუნგფუს ფედერაციის კონგრესის გადაწყვეტილებით, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ვერულიძე ევროპის უშუ-კუნგ ფუს ფედერაციის გამგეობის წევრად აირჩიეს.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2017 წლის 16 ივნისი)
ფოტო:
ქართული სპორტის მუზეუმი

ka_GEGeorgian