მეფე და გაზეთები

პელე თუ არ მოკვდა, ყველაფერი აწყობილია!
90-ების ბოლოს, როცა სარბიელში ვმუშაობდი, ამ ფრაზით ვემშვიდობებოდით ბიჭები მორიგე რედაქტორს და ეს ნიშნავდა, რომ თუ მართლა რამე სასწაული და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არ მოხდა, გაზეთი დასაბეჭდად მზად იყო.

პელე გუშინ გარდაიცვალა და ამ ამბავს ასობით გამოცემა გამოეხმაურა, სპორტულიც და არასპორტულიც, გაძეტა დელო სპორტით და ა ბოლათი დაწყებული, ფაინენშენალ თაიმსით და ლიბერასიონით დასრულებული.

იმიტომ, რომ პელე მხოლოდ დიადი ფეხბურთელი არ იყო.

იმიტომ, რომ პელე მხოლოდ დიადი სპორტსმენი არ იყო.

იმიტომ, რომ პელე იყო პელე დედამიწის ნებისმიერ კუთხეში და ის თაობა, ვინც ახლა ევროპის თუ სამხრეთი ამერიკის, აზიის თუ აფრიკის, ჩრდილოეთი ამერიკის თუ ავსტრალიის სპორტული თუ არასპორტული გამოცემებისთვის წერს, მის ცქერაში გაიზარდა.

დილიდან დღევანდელ გაზეთებს ვათვალიერებ და ფეხბურთის მეფის ფოტოალბომში რამდენიმე საათის უკან გახსნილ საგანგებო ფოლდერში უკვე რამდენიმე ათეული გამოცემის პირველი გვერდი შევინახე.

სპორტსმენის გარდაცვალებას მსოფლიო პრესა ბოლოს ასე ორი წლის წინ გამოეხმაურა, როცა დიეგო წავიდა.

სარბიელის პირველი გვერდები და სათაურები კი ცალკე თემაა, რომელსაც თავის პელე ჰყავდა – ბატონი თამაზი.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 30 დეკემბერი)

ka_GEGeorgian