მეფე და მარკები

„პელეს ნეიტრალიზებისთვის ფეხბურთის ნებისმიერ გუნდს სჭირდება, სულ ცოტა, სამი დამცველი: ერთი, რომელიც შეეცდება წაართვას ბურთი, მეორე, რომელიც პირველის დაზღვევაზე ითამაშებს, და მესამე, რომელიც კარში გაემართება ბადიდან ბურთის გამოსატანად“ – არაპუა, ბრაზილიელი იუმორისტი.

ეს პელესადმი მიძღვნილი ჩანახატის „იცნობდეთ: პელე“ წინასიტყვაობაა იგორ ფესუნენკოს ძალიან კარგი წიგნიდან „პელე, გარინჩა, ფეხბურთი“ (1974, გიორგი სუხიშვილის თარგმანი). თითქმის ორმოცი წელიწადია საფეხბურთო გამოცემებს ვკითხულობ და ჩემთვის ფესუნენკოს წერილების კრებული ერთ-ერთი საუკეთესოა.

მიზეზთა გამო სხვა ქვეყნის ნაკრების გულშემატკივარი ვარ, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ ფეხბურთი თუ მიყვარს, ეს ამ წიგნის დამსახურებაცაა. და კიდევ ერთისა, „მე, პელე“ რომ ეწოდება და რომელიც ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს ერთ-ერთი პირველი ავტობიოგრაფიაა. ის ქართულად დალი კოკაია-ფანჯიკიძემ თარგმნა, გამომცემლობა ნაკადულმა კი „გულშემატკივრის თანამგზავრის“ ბიბლიოთეკის სერიაში დასტამბა 1963 წელს. ლეგენდარული ფეხბურთელის მონათხრობი იმდენად პოპულარული გამოდგა, რომ ერთი წლის შემდეგ უკვე ნილტონ სანტოსის ისტორიასთან ერთად გამოიცა.

ეს ყველაფერი ძველი ამბებია და ახლა უკვე პელეზეც წარსულ დროში ვლაპარაკობ, რადგან ფეხბურთის მეფე გუშინ გარდაიცვალა, 82 წლისა. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი მსხვილი ნაწლავის სიმსივნეა. მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში რამდენჯერმე გავრცელდა საავადმყოფოში ბურთით მოთამაშე პელეს ფოტო და ვიდეოც, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ ეს დიადი ბრაზილიელის ბოლოს თამაში იყო, რომელსაც ერთი, მხოლოდ სევდიანი დასასრული ექნებოდა.

პელეს საფეხბურთო კარიერა თავბრუდამხვევი და შთამბეჭდავი გამოდგა, თითქმის მეოთხედ საუკუნეს გასწვდა, ათასზე მეტი თამაში, ათასზე მეტი გოლი, ათობით ჯილდო და საპატიო წოდება დაიტია, მთავარი კი მაინც ეს მგონია: XX საუკუნის უდიდესი ათლეტი.

ეს ტიტული ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 1999 წელს მიანიჭა. და მხოლოდ იმიტომ არა, რომ პელე ასწლეულის ნომერ პირველი ფეხბურთელი გახლდათ ან მსოფლიოს ერთადერთი სამგზის ჩემპიონი. ცხადია ამიტომაც, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ სწორედ პელე იყო პირველი სპორტსმენი-სუპერვარსკვლავი, რომელიც გასცდა სპორტის ჩარჩოებს და ვის გამოც, ეგებ დაუჯერებლად გეჩვენოთ, ომიც კი შეწყდა! იმ ძველ წიგნებში წერია ამის შესახებ.

პელეს ძალიან ბევრს ადარებდნენ, მაგრამ მე თუ მკითხავთ, მხოლოდ რამდენიმემ შეძლო მის გვერდით დადგომა. და არ არსებობს მათ შორის პირველი, მეორე ან მეათე, ისინი ერთნაირად დიადები არიან, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.

ფეხბურთის მეფის პანაშვიდები მისი მშობლიური კლუბის სანტოსის სტადიონზე 2 და 3 იანვარს გაიმართება. ეს კი ჩემს კოლექციაში პელესადმი მიძღვნილი მარკებია. უმეტესობა სერიაში გამოიცა, რამდენიმე ცალკე. ასჯერ ნანახი ფოტოების გამოფენას, ისევ ესენი ვამჯობინე.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 30 დეკემბერი)

ka_GEGeorgian