მეფე პელე – 80
დღეს 23 ოქტომბერია და დღეს ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს, პელეს დაბადების დღეა.
ფეხბურთის მეფე, XX საუკუნის უდიდეს მოთამაშედ აღიარებული ბრაზილიელი და, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, 80 წლის გახდა.
პელემ ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერის განმავლობაში უდიდესი აღიარება მოიპოვა, ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ კი ლამის ყველა მარადიული სპორტული ტიტულიც მოიგო.
ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღიარება მგონია – სოკმა პელე XX საუკუნის ნომერ პირველ ათლეტად დაასახელა!
დღეს პელეს შესახებ რამდენიმე ჩანახატს შემოგთავაზებთ, ეს წერილი კი ხორხე ვალდანოს გემრიელი წიგნიდანაა, ზღაპარი, სახელად ფეხბურთი რომ ჰქვია.
არგენტინელის ძალიან კარგი ჩანახატები, რომელიც დავით კოვზირიძემ თარგმნა, რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნდებოდა ყოველკვირეულ ჟურნალ ფეხბურთში, 2004 წელს კი წიგნადაც გამოიცა.
მაშ ასე, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონის ხორხე ვალდანოს ჩანახატი მსოფლიოს ერთადერთ სამგზის ჩემპიონ პელეზე:
ცოცხალი ლეგენდა ეროვნებით ბრაზილიელია, მაგრამ პირადად მე პელე მიმაჩნია ზოგადსაკაცობრიო მონაპოვრად. ის სამოცდაათწლიან ზღვარს მიუახლოვდა, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა – ის მარადიულია!
ბრაზილიელმა მწერალმა არმანდო ნოგეირამ ზუსტად თქვა: პელე რომ ადამიანად არ დაბადებულიყო, ბურთი იქნებოდაო…
თუმცა, ჩვენდა სასიხარულოდ, პელე ადამიანია და ის 1940 წლის 23 ოქტომბერს მოევლინა ქვეყნიერებას მინას ჟერაისის შტატში, ქალაქ ტრეს კორასოესში. დაიბადა იმისთვის, რომ ფეხბურთი სპორტის მეფედ ექცია, ხოლო თავად ფეხბურთის ხელმწიფე გამხდარიყო.
მის სხეულში აღმოცენდა პირველყოფილი ზანგური რიტმიკა და ამის ხარჯზე, მოედანზე მყოფი პელე ყველაფერს აკეთებდა, ნებისმიერ ორიგინალურ ჩანაფიქრს რეალობად აქცევდა. მასსა და ბურთს შორის სრული ჰარმონია სუფევდა, თითქოს ბურთი სხეულის ერთ-ერთი ნაწილი იყო.
პელეს დებიუტი სანტოსში 1956 წლის 7 სექტემბერს შედგა და პირველი გოლიც იმ დღეს გაიტანა. მას შემდეგ, მთელი 20 წლის განმავლობაში მას თვითმფრინავში ეძინა, რათა მსოფლიოს სტადიონებზე წარუშლელი კვალი დაეტოვებინა.
ამის შედეგი იყო 1 363(!) მატჩი, ხოლო იმის ახსნა, თუ როგორ მოახერხა 1 283 გოლის გატანა, მხოლოდ ბრაზილიელი ფეხბურთელის, მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონთა კაპიტნის მაუროს სიტყვებით შეიძლება: პელეს მხოლოდ სარკე ირეკლავდა. ისე არ ჩანდა.
პელემ ნაკრებშიც გამოიჩინა თავი. არა მარტო იმიტომ, რომ 111 შეხვედრაში 95 გოლი შეაგდო, არამედ იმიტომაც, რომ პელეს წყალობით ბრაზილიელები გამარჯვებას მიეჩვივნენ, ბრაზილიური ფეხბურთი აღარ იყო მხოლოდ ლამაზი და განსხვავებული, ის საჩემპიონო იყო!
თავად პელეში, ძალიანაც რომ მოვინდომო, ვერცერთ თვისებას გამოვყოფ, ნაკლი კი მას, როგორც ფეხბურთელს, არ ჰქონდა.
მოკლედ, ასე ვიტყვი:
პელე, ეს არის ნიჭი პლუს ტექნიკა, პლუს არაორდინალურობა პლუს მონდომება, პლუს ფიზიკური ექსპრესია და პლუს, სამშობლოსგან მიღებული საოცარი გრძნობა – ფეხბურთით ტკბობა.
ხორხე ვალდანო
(წიგნიდან „ზღაპარი, სახელად ფეხბურთი“)