მეფე წავიდა. ვის გაუმარჯოს?

დიეგო არმანდო მარადონა 60 წლისაა.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფეხბურთიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის წინ წავიდა, ის მხოლოდ სამშობლოში კი არა, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ძველებურად უყვართ და აღმერთებენ, მათ შორის ჩვენთან, საქართველოში.
მთავარ საფეხბურთო კითხვას კი, ვინ უფრო დიდია – პელე თუ დიეგო, კვლავ არ აქვს ერთი პასუხი. ალბათ, არც არასდროს ექნება.
პირადად ჩემთვის ამ უპასუხო კითხვას დიდი მნიშვნელობა აქ აქვს: პელეც საუკეთესოდ მიმაჩნია და მარადონაც. და ფეხბურთის მეფის იმ წარმოსახვით ტახტზე ჩემთვის ორივე მშვენივრად ეტევა. მეტიც, იქვეა კიდევ 2-3 ფეხბურთელი, მაგრამ ეს სხვა ამბავია და ახლა არ განვავრცობ.
ეს წერილი კი, დღეს რომ ვაქვეყნებ დიეგოს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 19 წლის წინ დავწერე ჟურნალ ფეხბურთში.
2001 წლის ნოემბერში დიეგო არმანდო მარადონას გამოსათხოვარი მატჩი გაიმართა ბუენოს აირესში და ჩანახატიც იმ ამბავს მიეძღვნა. მეტიც, ჟურნალმა ფეხბურთმა დიეგოს წასვლას ერთი სპეციალური ნომერი მიუძღვნა რამდენიმე საინტერესო წერილით…

 

10 ნოემბერს დიეგო არმანდო მარადონა ფეხბურთიდან გააცილეს.

დიდი ეპოქა დასრულდა. მაგრამ როგორც ყველაფერი ამ ქვეყნად, დროის სვლასთან ერთად ეს ამბავიც გახუნდება და რამდენიმე წლის შემდეგ მარადონას ფეხბურთიდან წასვლას აღარ ექნება ისეთი მნიშვნელობა, როგორიც დღეს აქვს.

დიდი ფეხბურთისა და დიდი დიეგოს გზები 2001 წლის ნოემბერში საბოლოოდ გაიყარა.

დიეგო მარადონას ფეხბურთიდან წასვლა, ეგებ, უფრო მტკივნეული ყოფილიყო გამოსათხოვარი შეხვედრა 5-6 წლის წინ რომ შემდგარიყო.

არგენტინის საუკეთესო სპორტსმენის და ფეხბურთელის ცხოვრება ბოლო წლებში საკმაოდ დატვირთული იყო უსიამოვნო მოვლენებით. ცხოვრებამ მას ბევრი ცუდი შეამთხვია, თუმცა არც ის იქნება მცდარი, თუ ვიტყვით, რომ ხშირ შემთხვევაში დიეგო პრობლემებს თავად იქმნიდა.

ბოლო წლებში თითქოს მიჩუმდა მარადონა, თითქოს დავიწყებას მიეცა, მაგრამ სინამდვილეში ფეხბურთის უგვირგვინო მეფე არავის დავიწყებია და მისი სიყვარული გულშემატკივართა გულებში არასდროს განელებულა.

საწყენია რომ მარადონამ ბოლომდე ვერ შეძლო საკუთარი თავის, შესაძლებლობების რეალიზება. მსოფლიო ჩემპიონატის, იტალიის სერია ას, თასის, უეფას თასის და სხვა არაერთი ტიტულის მომგებ კაცზე ასეთი რამის თქმა, ერთი შეხედვით უცნაურია, მაგრამ სიმართლეს თვალს თუ გავუსწორებთ, მივხვდებით რომ მას გაცილებით მეტი შეეძლო.

რომ არა ავადსახსენებელი ნაბიჯები, რომელიც დაუფიქრებლობით და უგუნურებით გადადგა, დიეგოს კარიერა გაცილებით წარმატებული იქნებოდა. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რადგან საამისოდ მას ყველაფერი ჰქონდა: ნიჭი, ჯანი და ასპარეზი.

ახლა კი, რაც არის, ეგ არის – წარსულს ვერავინ შეცვლის და არც ხელიდან გაშვებულ შანსებზე ღირს მოთქმა.

მიუხედავად ყველა იმ შეცდომისა და ხშირ შემთხვევაში გაუმართლებელი საქციელისა, რაც დიეგო მარადონას თავს გადახდა, ის დღესაც მილიონობით გულშემატკივრის საყვარელი ფეხბურთელია.

ერთი შეხედვით უცნაურია, რომ კაცი, რომელიც ნარკოტიკებს ეტანებოდა, მეუღლეს ღალატობდა, უზრდელობამდე მისული პირდაპირობით გამოირჩეოდა და სისულელესაც კი წამოროშავდა ხოლმე, მილიონობით ადამიანის საყვარელი სპორტსმენი გახდა.

მაგრამ თუ საკითხს სხვა კუთხით შევხედავთ – მედალს ხომ ორი მხარე აქვს – მივხვდებით, რომ დიდი არგენტინელი ათიანის უზომო პოპულარობაში უცნაური არაფერია.

დიეგო არმანდო მარადონა, პირველ რიგში, უნაკლო თამაშის გამო შეიყვარა ხალხმა. ასეთ დროს კი ქომაგებს ნაკლებად აღელვებთ დიეგო არმანდო მარადონა მწვანე მინდორს მიღმა. რაც არ ეპატიება უბრალო მოკვდავს, ხალხი კერპს სწორედ იმას პატიობს.

ხშირად არც ის იყო მოსაწონი, თუ როგორ ცდილობდა არგენტინელი ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდის, მეფედ აღიარებული პელეს დაჩრდილვას. მეორე მხრივ, მისი დამფასებლები იმასაც ხვდებოდნენ, რომ მარადონამ იცოდა თავის ფასი და უკმეხი და ერთი შეხედვით მოუზომავი გამონათქვამებით მხოლოდ იმ საფეხბურთო მაღალჩინოსნებს ებრძოდა, მის გარშემო ხშირად რომ ჩნდებოდნენ და არცთუ კარგი მიზნებით…

დიეგო მარადონა ფეხბურთიდან წავიდა.

დიდი კარიერა დასრულდა.

მწვანე მინდორს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე უკვე ოფიციალურად, სამუდამოდ გამოეთხოვა.

ახლა, როცა საფეხბურთო მეფის ტახტი ცარიელია, რეალური პრეტენდენტი არ ჩანს. კი, არიან მართლა მაგარი ფეხბურთელები, ვარსკვლავები, მაგრამ ისეთი გამოკვეთილი, როგორიც საუკეთესო წლებში პელე ან მარადონა იყო, დღეს არავინაა.

მაგრამ მსგავსი სიტუაცია და წლები გულშემატკივრებს კარგად გვახსოვს. და ისიც ვიცით, რომ  მეფის ტახტი და გვირგვინი უპატრონოდ დიდხანს არ დარჩება.

რატომღაც მჯერა, რომ რამდენიმე წელიწადში გამოჩნდება ის ერთი, ვინც გემრიელად მოიკალათებს ყველა ფეხბურთელისთვის ნანატრ სავარძელში.

2001 წელი კი უცნაურად სრულდება: ფეხბურთმა მეფე მოისაკლისა, კალათბურთმა კი, პირიქით, მისი „უჰაერესობა“ – მაიკლ ჯორდანი დაიბრუნა, ყველა დროის ნომერ პირველი!

რამდენიმე წლის წინ დაუჯერებელი ჩანდა ჯორდანის პარკეტზე დაბრუნება. მაგრამ ის, რაც სასწაული გვეგონა, რეალობად იქცა.

დიეგო არმანდო მარადონასთან მიმართებაში კი, ასეთი რამ, ვფიქრობ არასდროს მოხდება – რატომღაც მგონია, რომ დიეგოს ახლა მხოლოდ ვეტერანთა მატჩებში და ასეთ გასართობ ღონისძიებებში თუ ვიხილავთ.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ფეხბურთი; 2001 წლის 8-14 ნოემბერი)

ka_GEGeorgian