მეფეთა ჯახი

თუ ჩოგბურთი გიყვართ, ფავორიტიც გეყოლებათ და ვეჭვობ, ყველაზე ძალიან როჯერ ფედერერს, ნოვაკ ჯოკოვიჩს ან რაფაელ ნადალს გულშემატკივრობთ. სხვა ვარიანტს, დანარჩენებთან ბოდიშის მოხდით, გამოვრიცხავ.
რატომ? იმიტომ, რომ ხსენებული სამეული უბრალოდ საოცარია და ის ყველაზე პრეტენზიული ქომაგების მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს.
გაგონილი გექნებათ, რომ გემოვნებაზე არ დაობენ. სიცრუეა. ძალიან რომ არ განვაზოგადო, ჩოგბურთის გულშემატკივრები თუ რამეზე კამათობენ, სწორედ რომ ეს სამეულია: ერთს ფედერერი მოსწონს, მეორეს – ჯოკოვიჩი, სხვას ნადალი და ყველა უპირატესობის დამტკიცებას ცდილობს.
გემოვნებაზე კამათი სხვა არაფერია.
მეფეთა ჯახის დღევანდელ წერილში დიდ სამეულს შევადარებ, სხვადასხვა მნიშვნელოვან კომპონენტებში ჩემი აზრით საუკეთესოებს გამოვარჩევ.

პირადი ანგარიში
სანამ უშუალოდ სტატისტიკაზე ვიტყოდე, უნდა აღვნიშნო, რომ მათი პაექრობები კლასიკადაა ქცეული და ყველა ტურნირის მშვენებად ითვლება.

პირად დაპირისპირებებში კი ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩია: ის ნადალს 28:25 უგებს, ხოლო ფედერერს 25:22. ესპანელსა და შვეიცარიელს შორის ანგარიშია 23:15.

2012 წელს, მელბურნში, ჯოკოვიჩმა 5 საათსა და 53 წუთში დაამარცხა რაფაელ ნადალი. ამაზე ხანგრძლივი ფინალი დიდი სლემის ტურნირებს არ ახსოვს. ჯოკოვიჩი ჰარდზე 19:7 უგებს ნადალს, თიხაზე ესპანელია წინ – 16:7, ბალახსაფარზე კი ანგარიში საყაიმოა – 2:2.

ჯოკოვიჩი-ფედერერის დაპირისპირებაც რამდენიმე საინტერესო ფაქტით გამოირჩევა: მათ 15-ჯერ ითამაშეს დიდ სლემზე, რაც რეკორდია. ასევე რეკორდია 10 ნახევარფინალი დიდ სლემზე. და კიდევ: მხოლოდ ჯოკოვიჩს დაუმარცხებია ფედერერი დიდი სლემის ყველა ტურნირზე და პირიქით, ერთადერთი ფედერერია, ვინც ჯოკოვიჩს ოთხივეგან მოუგო.

საინტერესოა, რომ 2010 წლის ჩათვლით წინ ფედერერი იყო – 13:6, თუმცა 2011 წლიდან ჯოკოვიჩმა იძალა – 19:9. ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ პირველი 4 პაექრობა (2006-07) როჯერმა მოიგო, ბოლო ოთხი კი (2015-18) – სერბმა.

რაც შეეხება ATP-ის მიერ ყველა დროის უდიდეს ჯახად აღიარებულ ნადალი-ფედერერის ჭიდილს, დიდი დაპირისპირება 2004 წლის მაიამის მასტერსიდან იწყება, როცა იმხანად 17 წლის ნადალმა მსოფლიოს პირველ ჩოგანს მოუგო. ესპანელი იმ დროს რეიტინგის 34-ე საფეხურზე იდგა.

მას შემდეგ ამ დიდებული ჩოგბურთელების გზა 38-ჯერ გადაიკვეთა და წინ ნადალია – 23:15. საფარის მიხედვით ასეთი სიტუაციაა: თიხაზე ესპანელი ლიდერობს – 13:2, ჰარდსა და ბალახზე კი შვეიცარიელი იგებს – 11:9 და 2:1.

დიდი სლემის ტურნირებზე ამ წყვილმა 9-ჯერ ითამაშა ფინალში. ნადალი წინაა – 6:3. რომ არა ესპანელი, როჯერ ფედერერი 2006 და 2007 წლებში ზედიზედ მოიგებდა 8 სლემს: შვეიცარიელმა ავსტრალიაში, უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობებზე გაიმარჯვა, როლან გაროს გადამწყვეტი მატჩები კი ესპანელთან დათმო.

დაცვა
დიდ სამეულში საუკეთესო დაცვითი თამაშით ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოირჩევა. სერბი სამაგალითოა ფიზიკური მომზადებითაც, რაც მას საშუალებას აძლევს ყველაზე მრისხანე და ხანგრძლივი შეტევები მოიგერიოს.

უმაღლესი დონის მოთამაშეებზე ვსაუბრობ და ამიტომ გამოვარჩევ ჯოკოვიჩს, თორემ არც ნადალს და ფედერერს ესწავლებათ თავდაცვა. მაგრამ ჯოკოვიჩისგან განსხვავებით ესპანელს გახშირებული ტრავმები ტანჯავს, შვეიცარიელს კი ასაკი უშლის ხელს. ეს ფაქტორები მათ თამაშს და ტაქტიკას შესამჩნევ კვალს აჩენს.

არათუ დიდი სლემის ტურნირებზე, ნადალი და ფედერერი ხანგრძლივ გათამაშებებს ATP-ის სხვა თასებზეც ერიდებიან, რასაც ვერ ვიტყვი ჯოკოვიჩზე. ის პირიქით, დროდადრო იქით სთავაზობს მეტოქეს ხანგრძლივ გათამაშებას. და სწორედ ასეთ დროს ჩანს მისი სამაგალითო დაცვა მთელი თავის ბრწყინვალებით.

შეტევა
როჯერ ფედერერი სამეულიდან ყველაზე აგრესიულია და ასეთ დროს არაფერი სჯობს მის ხილვას: ძალისმიერი თამაში კარგად გააზრებულ კომბინაციებს ეზავება და ამ დროს მეტოქე, როგორც წესი, განიარაღებულია.

შვეიცარიელი განსაკუთრებით სახიფათოა ბადესთან. წინა ხაზზე თამაშით როჯერი არათუ ამ სამეულში, ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელებშიც გამოირჩევა.

ფედერერის შემდეგ ნადალი უნდა დავასახელოთ. ზოგადად, ესპანელს დაცვიდან თამაში უყვარს, მაგრამ თუ თიხნარზე დგას და არაფერი აწუხებს, ის თითქმის უნაკლოა. ასეთ დროს ნადალი შეუჩერებელია და ხშირად მეტოქის ჩაწოდების დროსაც კი თამაშის სადავეებს ხელში იღებს. სხვა დანარჩენი ტექნიკის და დროის საქმეა.

სტაბილურობა
ამ მშვენიერ თამაშს ახსოვს არაერთი, რომელმაც ამა თუ იმ ტურნირზე გაიბრწყინა, მაგრამ ეგ იყო და ეგ – რამდენიმე წარმატებით დაასრულა კარიერა.

სხვა საქმეა ვარსკვლავები, რომელთა დიდება წლებზე გაიშალა, ასეთთა შორის გამორჩეულნი კი ლეგენდობამდე ამაღლდნენ. როჯერ ფედერერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი სწორედ ამ ბოლო კატეგორიას მიეკუთვნებიან.

ეს შეფასება გადაჭარბებულად რომ არ მოგეჩვენოთ, ერთ საინტერესო ფაქტს მოვიშველიებ: როჯერ ფედერერი 2004 წლის 2 თებერვალს ჩაუდგა ATP-ის რეიტინგს სათავეში და მას შემდეგ პირველ საფეხურზე მხოლოდ 3 ჩოგბურთელი დადგა: რაფაელ ნადალი 196 კვირით, ნოვაკ ჯოკოვიჩი – ახლაც ლიდერია და ბრიტანელი ენდი მარი, ვინც „მხოლოდ“ 41 კვირა ლიდერობდა და მეტწილად დიდი სამეულის ჩრდილში იდგა.

მხოლოდ 4 მოთამაშე 15 წელიწადში! ხომ ხვდებით რა ეპოქაზე ვსაუბრობ? შედარებისთვის: ფედერერის აღზევებამდე და შესაბამისად, დიდი სამეულის მეფობამდე 15 წლის მანძილზე (1989-2004) რეიტინგს 16(!) ჩოგბურთელი ლიდერობდა!

სტატისტიკა რომ მცირედით გავშალო, ასეთ სურათს მივიღებთ: ფედერერი ლიდერია რეიტინგის სათავეში გატარებული კვირებით (310) და ზედიზედ ლიდერობით (237). ის ასევე ყველაზე ასაკოვანი პირველი ნომერია: 36 წლის და 320 დღის გახლდათ.

ჯოკოვიჩის სარეიტინგო სტატისტიკა უდავოდ შთამბეჭდავია – 246-ე კვირას ითვლის სათავეში, თუმცა ყველა დროის საუკეთესოობამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია. და მაინც, სერბის სასარგებლოდ ერთი საოცარი ფაქტი მეტყველებს: 2015 წლის სეზონში თითქმის უნაკლოდ თამაშობდა და რეიტინგში არნახულად ბევრ 16 585 ქულას მოუყარა თავი. ხვდებით ალბათ, რომ ეს რეკორდია.

რეიტინგი საფარის მიხედვით
ჰარდი: 1.ფედერერი და ჯოკოვიჩი თანაბრად, 3.ნადალი
ბალახი: 1.ფედერერი, 2.ჯოკოვიჩი, 3.ნადალი
თიხა: 1.ნადალი, 2.ფედერერი, 3.ჯოკოვიჩი

შესაძლოა ჰარდზე დღეს სერბია საუკეთესო, მაგრამ შვეიცარიელის კარიერული წარმატებების გათვალისწინებით, ფედერერიც პირველ ადგილზე დავაყენე. რაც შეეხება სხვა საფარს, ვფიქრობთ, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხია გაცემული. სხვა შემთხვევაში გადახედეთ მათ სტატისტიკას.

მთავარი პლუსები
სათამაშო სტილი, ფიზიკური მომზადება და ფსიქოლოგია – სპორტსმენის სიდიადეს ამ კომპონენტების ერთობლიობა განაპირობებს.

იდეალურ ჩოგბურთელს რომ ვქმნიდე, როჯერ ფედერერისგან სათამაშო ოსტატობას ავიღებდი, ნოვაკ ჯოკოვიჩს შესაშურ ფიზიკურ ფორმას დავესესხებოდი, რაფაელ ნადალს კი მებრძოლ, უტეხ სულს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 9 აპრილი)

ka_GEGeorgian