მეფური სამმაგი
იმ უბედურებამ, რაც რუსებმა დაატრიალეს უკრაინაში, ბევრი საინტერესო სპორტული ამბავი გადაფარა. მაგალითად წუხანდელი: ლებრონ ჯეიმსი პირველი კალათბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც სამ მთავარ სათამაშო კომპონენტში 10 ათასიან ნიშნულს გადააჭარბა – ქულებში, მოხსნებსა და ფინიქსთან თამაშის შემდეგ უკვე შედეგიან გადაცემებშიც.
+36 000 ქულა!
+10 000 მოხსნა!
+10 000 პასი!
კარიერული სამმაგი დუბლი!
მგონი მარადიული რეკორდია, დაახლოებით ისეთი, მაიკლ ფელპსმა რომ აჩვენა ოლიმპიადებზე, კრიშტიანუ რონალდუმ ფეხბურთში, ლუის ჰემილტონმა ფორმულა 1ში და ცოტა ხნის წინ რაფაელ ნადალმა ჩოგბურთში. სხვების ჩამოთვლაც შეიძლება, მაგრამ უცბად ეს ოთხეული გამახსენდა. მგონი ხვდებით რომელ მიღწევებზე ვამბობ: ამერიკელი ზვიგენის ოქროს მედლებზე, მადეირელის ოფიციალურ გოლებზე, ბრიტანელის მიერ მოგებულ დიდ პრიზებსა და მაიორკელის სლემებზე.
ლებრონიც მათთან დადგა ამ საოცარი რიცხვებით. არ ვიცი რა დრო უნდა გავიდეს, ვინმემ მსგავს შედეგს რომ მიაღწიოს. ალბათ ათობით წელიწადი. რატომ და იმიტომ, რომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე ერთადერთია, NBAის საუკეთესო მექულეთა ხუთეულში და ყველაზე შედეგიან მომხსნელთა და ასისტენტთა საუკეთესო ათეულებში რომ დგას. კიდევ ვინ შეაღწევს ამ სამი სიის მოწინავეთა შორის ერთდროულად, არ ვიცი.
37 წლის ოჰაიოელი მე19 სეზონს ატარებს ყველაზე მაგარ საკალათბურთო ლიგაში და ათობით რეკორდს ფლობს, მომდევნო სეზონის სტარტზე კი, დიდი ალბათობით, კიდევ ერთ მწვერვალზე ავა – ყველა დროის ყველაზე შედეგიანს, ჯაბარს გადაასწრებს. ქარიმ-აბდული 38 387 ქულით წავიდა. ჯეიმსი კი ამ სეზონის ბოლოს, დიდი იმედი მაქვს, 37 ათასს გადააბიჯებს. ყოველ შემთხვევაში, 37 წლის მეფის ბოლოდროინდელი სტატისტიკა ამას მაფიქრებინებს.
რაც შეეხება მის ლეიკერსს, 90ებიდან მათ კი ვქომაგობ, მაგრამ ამ გუნდს კარსმომდგარ ფლეი ოფში არაფერი ესაქმება. ყვითელი მაისურით მოთამაშე დიდი სახელების მიუხედავად, ლოს ანჯელესელებს გუნდი ნაკლებად ეთქმით. არადა ფლეი ოფი მათ გარეშე და თან უმეფოდ, უფერულია. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 14 მარტი)
ფოტო: NBA.com