მეორე თუშური ზღაპარი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა…

ქართული ზღაპრები, როგორც წესი, ასე იწყება ხოლმე, მაგრამ თუშური ლეგენდები და გადმოცემები – ყველანაირი შესავლის გარეშე, პირდაპირ ამბით.

მეც ასე მოვიქცევი: იყო ერთი ლამაზი გოგო, სახელად ინანი. პირშავი დედინაცვალი ნამეტანი ცუდ დღეში აგდებდა: უმძიმეს სამუშაოს ავალებდა, ხან ცხრა მთას იქით აგზავნიდა წყლის მოსატანად, ზოგჯერ სახლშიც არ უშვებდა, ხშირად კი სახრეს გადაუგდებდა და უბრძანებდა, ნახირს მიმიხედეო.

ერთ მთვარიან ღამეს, როცა დაქანცულ ინანს ჩაეძინა, დედინაცვალმა ფურები გადაუმალა, მერე წამოახტუნა და უბრძანა: სასწრაფოდ მოძებნე და ყველანი აქ მომგვარეო. თან გერი დორაის ხევისკენ გააქცუნა, უეჭველი იქ იქნება ჩემი ნახირიო.

მთის კალთებზე ავარდნილი და დაღლილი საბრალო გოგონა მთავარ წყაროსთან შეჩერებულა და სასწაულიც იქ მომხდარა: ხეობა გადახსნილა და არსაიდან შავნაბდიანი მომღიმარი ვაჟკაცი გამოსულა, ოქროს კბილით. თუმცა ეს მისი ერთადერთი ღირსება არ ყოფილა – შუბლზე მთვარეც უნათებდაო, ამბობენ.

მერე რა მოხდა, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ შინ დაბრუნებულ ინანს მუცელი სწრაფად ეზრდებოდა, დედინაცვალს კი მეტი რა უნდოდა? რომ შეატყო რაც ხდებოდა, გერი გააგდო.

რა უნდა ექნა იმ საცოდავს? ატირებული ინანი ისევ იმ ხეობასთან მისულა და გულამომჯდარს უყვირია, ჯვარნი ხართ თუ ეშმაკ-ქაჯნი, როგორც გამაუბედურეთ, ისე მიპატრონეთო. და როგორ ფიქრობთ, რა მოხდა? გამოჩენილა ისევ ის მთვარეშუბლიანი და ოქროსკბილიანი ვაჟკაცი, გადმოცემა რომ დორაისხეველად მოიხსენიებს და ინანი კლდეში შეუყვანია, სადაც გოგონას ოქროსთმიანი ვაჟი გაუჩენია.

ამბობენ, რომ ოქროსქოჩრიანი ბიჭუნას დაბადების შემდეგ ის კლდე სამუდამოდ გადახსნილა, იმ ხეობის ეშმაკები კი აღარავის უნახავს, აქაოდა უკვე ქრისტიანი განაგებს დორაის ხევსო. სამაგიეროდ, ადამიანები ნამეტნავად წასულან ხელიდან და იმავე გადმოცემით, ფლიდობასა და გაიძვერობაში გამქრალი ეშმაკებისთვისაც კი უჯობნიათ…

დორაის ხევი დართლოსა და ჩიღოს შორისაა, მთების ძირში პირიქითა ალაზანი მოედინება და მას ძველები საწისქვილედაც იყენებდნენ. ჩიღოში არა, მაგრამ დართლოში კი ავედით – თუშეთში გატარებული მეორე დღე ამ ულამაზეს სოფელში დავაგვირგვინეთ, ხოლო მანამდე საზღვრისპირა გირევი, შუადღით კი ფარსმა მოვიარეთ.

გირევამდე სამანქანო გზა არ მიდის. იყო, მაგრამ მდინარე რამდენჯერმე რომ გაგიჟდა, გზის კვალიც აღარ დატოვა. ჩვენ რომ ავედით, ტრაქტორი კლდეს ეჭიდავებოდა და სოფლამდე ახალ გზას ჭრიდა, მთის კალთის გაყოლებაზე. კლდეზეა გარდაცვლილთა მოსაგონარი არაერთი დაფაც – ადიდებულ მდინარეში მანქანით შესულან და…

გირევი ულამაზესია, სოფლის სათვალთვალო კოშკებიდან ახლა მხოლოდ ერთია გადარჩენილი, ორი კი ჩამოშლილია. სოფლის ზევით, მთის კალთებზე ნასახლარებია, ქვევით, მდინარის პირას კი მესაზღვრეთა ბაზაა.

გალავანზე რომ ვიდექი, ხედებით ვერ ვძღებოდი. ისეთი სილამაზეა, სუნთქვა გეკვრის! ბლომად ფოტოები გადავიღე და ახლა აღმოვაჩინე, რომ ბევრი კადრი მცირე ცდომილებითაა – როგორც ჩანს, ვიფიქრე, რომ ერთი ჩაჩხაკუნება იმ სილამაზეს ვერ დაიტევდა. ბედად ამინდმაც დაგვინდო: თუ დიკლოში წვიმაში მოვყევით, ამჯერად მზე გვაცხუნებდა.

ფარსმაც არანაკლებ თვალწარმტაცია. არ ვიცოდი და ჩვენმა გიდმა, მიშამ მაჩვენა ის სამსართულიანი სახლი, სადაც რუსეთში წარგზავნილი ერეკლე მეფის ელჩები ღამეს ათევდნენ. პატარა კახის შიკრიკები იმ სახლში ხვდებოდნენ რუსეთიდან დაბრუნებულებს, საჭირო ამბებს იგებდნენ და სიგელ-გუჯარებიანად კახეთში, მეფესთან ბრუნდებოდნენ.

სოფელში რომ ავედით, იქაურები ფარსმობას ზეიმობდნენ – სახელდახელო სუფრაზე ალუდით ილოცებოდნენ და ერთი დღით ადრე დაკლულ შესაწირავს გეახლებოდნენ. რას თქმა უნდა მიგვიპატიჟეს. ჩვენც და ყველა იქ ასული, მათ შორის რამდენიმე გერმანელი წყვილი.

მე ფოტოების გადაღებით ვიყავი გართული და მოგვიანებით შევუერთდი ჩვენ ჯგუფს, აი სუფრის მცველმა კი, ორჯერ არ უნდა გამამეორებინოო და ხმალი გადამკრა, დაგვიანებულებს და ჯიუტებს ასე „ვსჯითო“.

ქვევით, მანქანებთან რომ დავეშვით, ჟუჟუნა წვიმამ მოგვისწრო და ამიტომ იქვე, ღია კაფეში გაჩერება გადავწყვიტეთ. ეზოს შესასვლელში ამოკითხულმა WiFi-მაც სათანადოდ იმოქმედა – მთებში ჩაკარგულ სოფელში ინტერნეტი კი არა, ხშირად ტელეფონიც მიუწვდომელია…

მერე კი იყო თუშური ხინკალი, უგემრიელესი კოტორი, იქვე დაკრეფილი ქორფა მწვანილი, მკაცრზე მკაცრი ჭაჭა, ჩაროზად უტკბილესი საზამთრო და ფარსმაში გატარებული დროის გვირგვინი – მდინარიდან კლდეში ავარდნილი თვალისმომჭრელი ცისარტყელა! არ დავმალავ – ასე დაბლა და ასე ახლოს ცისარტყელა პირველად ვნახე!

დღე კი, როგორც ზევით დავწერე, დართლოში დავასრულეთ. საღამო კი იყო, მაგრამ იქაურობა ისეთი ლამაზია, სიტყვებით ვერ აღვწერ!

აი, ხომ არის სვანეთის კოშკები, გელათი, ბაგრატის ტაძარი, ჯვარი, სვეტიცხოველი, დადიანების სასახლე, ნიკორწმინდა, რიწის ტბა, ბათუმის ახალი ცათამბჯენები, მტკვარი და მეტეხის ტაძარი… ადგილები, ქვეყნის სავიზიტო ბარათად რომ ითვლება. მე თუ მკითხავთ დართლოც ასეთია – მდინარის პირიდან დანახული მთის კალთებზე შეფენილი სოფლის ხედი ის ჯოკერია, ყველა ქვეყნის ულამაზეს ხედს რომ გაჭრის. ნუ, თუ არ აჯობებს, ნაღდად არაფრით ჩამოუვარდება. ვინც დართლოში ნამყოფია, ზუსტად ვიცი – დამეთანხმება და ვინც მისალოცია (პირველად ნახვის ამბავში), უნდა მენდოს და სასწრაფოდ გაეშუროს იქაურობით დასატკბობად.

ჩვენი ტურის ბიჭები ნანახით ხომ ბედნიერები ვიყავით, მაგრამ საღამოს მაინც ხელების ფშვნეტით ველოდით: ხომრობა ხომ არაა – ბარსა-ბაიერნი იყო იმ ღამით! მაგრამ სასტუმროში დაბრუნებულებს და ჭაჭით გამთბრებს, იმ ვერნახული თამაშის გამო დიდად არ გვინერვიულია. ერთი ეს მახსოვს, პირველი სადღეგრძელოს შემდეგ, მშვიდობით დაბრუნება რომ მივულოცეთ ერთმანეთს, თანამეინახემ თქვა 1:1-ია უკვეო და მერე ფეხბურთი აღარც გვიხსენებია – ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეზე, შარლ ბოდლერზე და სილვია კრისტელისა და პამელა ანდერსონის დადებით და უარყოფით მხარეებზე ვსაუბრობდით (უკვე ძალიან გვიან, როცა მხოლოდ შეფიცულები დავრჩით).

ხოლო მესამე დღეს…

 

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
თუშეთი, გირევი-ფარსმა-დართლო-ზემო ომალო; 2020 წლის 14 აგვისტო

ka_GEGeorgian