მეოთხე თუშური ზღაპარი
მებოლეებზე თუ გსმენიათ რამე?
მათ შესახებ პირველად ზემო ომალოს იმ კოხტა სასტუმროში შევიტყვე, სადაც თუშეთში ყოფნის პერიოდში ვცხოვრობდი და ყოველ საღამოს ჭაჭის თანხლებით ვისმენდი საინტერესო თავგადასავლებს.
მებოლეებს XX საუკუნის 60იან წლებში გადავყავართ, იმ პერიოდში, როცა თუშეთში მხოლოდ ვერტმფრენის დახმარებით ადიოდნენ, უკიდურესად იშვიათად და ისიც მხოლოდ ძლიერნი ამა ქვეყნისანი. თითზე ჩამოსათვლელი ადგილობრივები ბარში ცხენით და მართლა საცალფეხო ბილიკებით ეშვებოდნენ. სხვა გზა მათ, უბრალოდ არ ჰქონდათ…
60იან წლებში საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ვასილ პავლოვიჩი – ვასილ პავლეს ძე მჟავანაძე მართავდა.
მის შესახებ რამდენიმე მოგონება წამიკითხავს. უმეტესობაში აქებენ, სამშობლოზე შეყვარებული კაცი იყო და ბევრი კარგი გააკეთა თბილისისთვის და მთელი ქვეყნისთვისო: მეტროს სადგურები, მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობები, გზები, ელექტრო სადგურები, სპორტული მოედნები…
მოკლედ, იშვიათი გამონაკლისის გარდა ვასილ პავლოვიჩს აქებენ, მე კი მის შესახებ თქმული ერთი ფრაზა დამამახსოვრდა: საბჭოთა წყობილების პერიოდში ქართველი პირველად სწორედ მჟავანაძის დროს გაძღაო…
მებოლეების ამბავიც ვასილ მჟავანაძის სახელს უკავშირდება.
ჩვენი მასპინძლის თქმით, საქმე ასე ყოფილა: ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს პირველი პირი საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში დაუბარებიათ და უთქვამთ, ჩრდილოკავკასიელი ამხანაგები თქვენი რესპუბლიკის ამ მთიანი რეგიონის გადაცემას ითხოვენ, ასე ამბობენ ქართველები იქაურობას ვერ უვლიან, სოფლები უპატრონოა და ჩვენ იქაურობას უკეთ მოვუვლითო.
მჟავანაძეს მოსკოველებისთვის უთქვამს, ტყუილია ეგ ამბები, თუშეთს დიდ ყურადღებას ვაქცევთ და სჯობს ზოგზოგიერთებმა კარგად გადაამოწმონ ცნობები, სანამ თქვენთან დაიჩივლებენო.
რეალურად კი თუშეთის სოფლებში მართლაც თითო-ოროლა კაცი ცხოვრობდა, მეტწილად მსყემსები და იშვიათი გამონაკლისის გარდა, სახლები მიტოვებული იყო.
მაგრამ მოსკოვიდან თბილისში დაბრუნებული რესპუბლიკის პირველი პირი დატრიალებულა, შესაბამისი ხელქვეითები დაუბარებია და საქმის ვითარება აუხსნია – დროზე თუ არ ვიმოქმედეთ, იქაურობას ჩამოგვაჭრიანო…
მცირე ხანში თუშეთის რამდენიმე სოფლის ქვის სახლებში ბუხრები დანთებულა და საკვამურიდან თეთრი ბოლიც ავარდნილა.
აი, იმ ცეცხლის დამნთებ თუშებს ეწოდათ მებოლეები!
პოტიომკინის სოფლის შესახებ ხომ გსმენიათ? დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა მაშინაც: კახეთის რაიონების ხელმძღვანელები რამდენიმე თუშს სპეციალურად უხდიდნენ წითელ თუმნიანებს, რათა მათ მიტოვებულ სახლებში ცეცხლი აენთოთ – თითქოს სოფლებში ხალხი მართლაც ცხოვრობს.
მაგრამ ვასილ მჟავანაძე მხოლოდ ამ, ერთი შეხედვით კოსმეტიკური ამბით არ შემოფარგლულა. ჩვენი მასპინძლის თქმით, სწორედ ვასილ პავლოვიჩის მმართველობის დროს დაიწყო თუშეთისკენ სამანქანო გზის გაჭრა-გაყვანა, მუშახელს კი კახეთის კოლმეურნეობებში პოულობდნენ. ამ რთულ ამბავში დასაქმებულები შედარებით მეტ ანაზღაურებას იღებდნენ, შრომა-დღეებს გადაჭარბებით ასრულებდნენ და ორივე მხარე კმაყოფილი იყო.
მებოლეებით დაწყებული თუშეთის გამოცოცხლება 70ების მიწურულს დასრულდა, როცა ზემო ომალოში პირველად ავიდა სატვირთო მანქანა – კამაზი.
80იანი წლების დასაწყისში თუშეთის რუსეთისთვის მიერთება უკვე აღარავის აინტერესებდა. და რაც მთავარია: გზა კია ახლაც სავალალო და უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ თუშური სოფლები გაცოცხლდა – კარგა ხანია ზაფხულში იქაურობას დამსვენებელი არ აკლია, ტურისტების რიცხვი კი წლიდან წლამდე მატულობს.
სხვათა შორის, როცა ცხონებულმა გიორგი დანელიამ მიმინოს სცენები გადაიღო ზემო ომალოში, რეჟისორ-ასისტენტები და მსახიობები სოფელში ვერტმფრენით აიყვანეს.
ბარემ აქვე დავწერ: დანელიას მოგონებების წიგნი თუ არ წაგიკითხავთ, სულით და გულით გირჩევთ. რამდენიმე წლის წინ გავეცანი (რუსულად) და ერთი სიტყვით შევაფასებ – ბრწყინვალეა! გენიალური რეჟისორი ჩვეული სევდანარევი იუმორით და ირონიით იხსენებს განვლილ გზას, ფილმების გადაღების პროცესს, ბევრ ნაკლებად ცნობილ ამბავს და მათ შორის ვასილ მჟავანაძესთან უცნაურ შეხვედრას, საქართველოს პირველი პირი მეგობრის მამა რომ ეგონა…
თუშეთში 4-დღიანი მოგზაურობის დასასრული ულამაზესი იყო: საუზმის შემდეგ კესელოს ციხეზე ავედით, მშვენიერი ხედებით დავტკბით და სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ, შემდეგ ტურისტულ ცენტრში შევიარეთ – იქაურობაც ჩინებულადაა გაკეთებული…
აბანოს უღელტეხილის გადასვლისთანავე თითო ჭიქით დავილოცეთ, კახეთში შესულები კი ჯერ ალავერდში შევჩერდით, მოგვიანებით კი თელავის ერთ კარგ სახინკლეში მოვილხინეთ.
სწორედ იქ, ორი კათხა ლუდის მერე შევიტყვე რა მნიშვნელოვანი რამაა ასცენდენტი და რომ ჰოროსკოპში ამოკითხული დახასიათება თითქმის სრულად დაემთხვა ჩემს დადებით თუ შავ-ბნელ მხარეებს.
ნახეთ თუშეთი!
აუცილებლად ნახეთ!
იქაურობა ულამაზესია და სრულიად განსხვავებულია საქართველოს სხვა კუთხეებისგან.
თუშეთში გატარებული 4 დაუვიწყარი დღისთვის კი მადლობა ტურისტულ ჯგუფს სადმე/SADME, ასევე ჩვენ მძღოლებს, მშვიდობით რომ გვატარეს მართლა სახიფათო გზებზე და ტურის ყველა მონაწილეს.
მიხარია, რომ დიდებული ტური მშვიდობით დასრულდა.
ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
თუშეთი, ზემო ომალო – კახეთი, ალავერდი; 2020 წლის 16 აგვისტო