მერსედესმა თასი ლაუდას მიუძღვნა
ფორმულა 1-ის მორიგი ეტაპი, იაპონიის დიდი პრიზი მერსედესის ფინელი პილოტის ვალტერი ბოტასის ტრიუმფით დასრულდა. მან კარიერაში მე-6 გრან პრი მოიგო, მისი გამარჯვების წყალობით კი მერსედესმა ზედიზედ მეექვსედ მოიგო გუნდური ჩემპიონატი – კონსტრუქტორთა თასი.
„ყველანი ძალიან გახარებულები ვართ! წლების წინ, როცა ფორმულა 1-ში დავბრუნდით, გვსურდა რომ დიდი პრიზები მოგვეგო, თუმცა მას შემდეგ ბევრ შევძელით და როგორც ხედავთ, ზედიზედ 6 წელია კონსტრუქტორთა თასს ვიგებთ! ამ გამარჯვებას ნიკი ლაუდას ხსოვნას ვუძღვნით – ის მუდამ ჩვენს გულებშია“! – განაცხადა მერსედესის ფორმულა 1-ის მიმართულების ხელმძღვანელმა ტოტო ვოლფმა.
მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი, ლეგენდარული ავსტრიელი პილოტი ნიკი ლაუდა მერსედესის მრჩეველი გახლდათ. ის 20 მაისს გარდაიცვალა.
გერმანულმა ავტოგიგანტმა, რომლის ფორმულა 1-ის გუნდის ოფისი დიდ ბრიტანეთშია განთავსებული (ბრეკლისა და ბრიკსუორსში), პირველი გამარჯვება 2014 წელს იზეიმა ლუის ჰემილტონის და ნიკო როსბერგის ძალისხმევით, ბოლო 3 ჯილდო კი ჰემილტონისა და ვალტერი ბოტასის ჩინებული თანამშრომლობით მოიგო.
ფორმულა 1-ში კონსტრუქტორთა თასი პირველად 1958 წლის სეზონში გათამაშდა და მას შემდეგ ის 16-მა სხვადასხვა გუნდმა მოიგო. ყველაზე წარმატებული იტალიური ფერარია, რომლის აქტივში 16 ტრიუმფია.
ზედიზედ 6 მოგებით მერსედესმა სწორედ ფერარის რეკორდი გაიმეორა, რომელიც 1999-2004 წლებში იყო საუკეთესო. ფერარი ერთადერთი გუნდია, რომელმაც კონსტრუქტორთა თასი 10-ზე მეტჯერ მოიგო, თუმცა ბოლოს 11 წლის წინ, 2008 წელს.
მერსედესი პილოტთა შორის ჩემპიონობასთანაც ახლოსაა – მომდევნო გრან პრი მექსიკაში გათამაშდება და ჩემპიონატის ლიდერი ლუის ჰემილტონი, სათანადო უპირატესობის შემთხვევაში, მორიგ, მე-6 ტიტულს იქვე მოიგებს.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 14 ოქტომბერი)