მესამე თუშური ზღაპარი

ამ ნაწილის დაწერა ერთი კვირის წინ მინდოდა, ვიფიქრე ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვუყურებ და ღამით, ჩემები რომ დაიძინებენ, კომპიუტერსაც მაშინ მივუჯდები-მეთქი, მაგრამ იმ საშინელი ამბის შემდეგ ყველაფრის სურვილი გამიქრა.

როგორც კი შატილის გზაზე მომხდარი უბედურების შესახებ გამოაცხადეს, ყველაფერმა აზრი დაკარგა და ფეხბურთი ხომ ძალიან მიყვარს და ფინალებს ხომ მოუთმენლად ველი, მაგრამ ბაიერნი-პარი სენ-ჟერმენი არ მინახავს. კი, ტელევიზორი ჩავრთე და ეკრანსაც შევხედავდი ხოლმე, მაგრამ მაინც მობილურში ვიყავი ჩაკარგული და თუ სადმე რამე იწერებოდა ტრაგედიის შესახებ, მხოლოდ იმას ვკითხულობდი.

მთას ხუმრობა არ უყვარს.

წლების წინ მთამსვლელებს დავყვებოდი ხან სვანეთში, ხან ყაზბეგში და 2008ში მყინვარწვერზეც კი ავედი. ის ცალკე ამბავია და მას ჩემ ინტერნეტ-გვერდზე ჩანახატიც მივუძღვენი, მაგრამ ახლა სხვა რამის თქმა მსურს: სწორედ ალპინისტებისგან მსმენია, რომ მთას ამჩატება და სიჩქარე არ უყვარს, პირიქით – სიმშვიდე, ყურადღება და ყოველ ფეხის ნაბიჯზე სიდინჯეა საჭირო.

სხვანაირად მწვერვალზე ვერ ახვალ და რაც უფრო მნიშვნელოვანია – ვერც მშვიდობით დაბრუნდები.

იმ უბედურების შესახებ რამდენიმე ვერსია მოვისმინე და წავიკითხე.

დაიწერა, რომ ავტომობილს მუხრუჭებმა უმტყუნა; მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, თან მთის გზებზე გამოუცდელი იყო… ისიც ითქვა, თითქოს სატვირთოს გადასწრება სცადა…

ბევრი რამ დაიწერა. სიმართლე ადრე თუ გვიან კი გაირკვევა, მაგრამ შედეგს აწი ვეღარაფერი შეცვლის და მეეჭვება გამოძიების დასრულება გარდაცვლილთა ოჯახის წევრების თუ ახლობლებისთვის რამე ნუგეში იყოს.

ჩემი, როგორც ერთი რიგითი მოგზაურის აზრით, ის დანავსული ტური უბრალოდ არ უნდა შემდგარიყო, რადგან:

ხევსურეთის გზა თუშეთის მთებში გაკვალულ ბილიკებთან შედარებით კარგი კია, მაგრამ 20-კაცზე გათვლილი მანქანისთვის მაინც სახიფათო მგონია;

ავტომობილი, რითაც ის უბედურები მგზავრობენ, ასეთი გზებისთვის არაა გათვალისწინებული;

ერთდღიანი ტური, შატილის და მუცოს მონახულებას და თბილისში დაბრუნებას რომ ითვალისწინებს, რბილად რომ ვთქვა სიგიჟეა;

ამხელა დატვირთვის მხოლოდ ერთ მძღოლზე დაკისრება, კიდევ ერთხელ ვიტყვი რბილად, დაუფიქრებელ საქციელად მიმაჩნია.

მოკლედ, ჩემი აზრით ის ტური არასწორად დაიგეგმა, ხოლო შეცდომების ერთობლიობა კარგს რომ არაფერს იწვევს, კი გეცოდინებათ.

ხევსურეთის და თუშეთის გზები შევადარე და ბარემ აქვე დავწერ: ვთვლი, რომ ეს უკანასკნელი, განსაკუთრებით აბანოს უღელტეხილის მონაკვეთი, გაცილებით სახიფათოა.

მაგრამ არც ისეთი საშინელი, იუტუბზე ატვირთულ რამდენიმე ჩანაწერში რომ ჩანს. ზოგიერთი, მგონი, სპეციალურად გადაიღეს ისე, რომ ადამიანს გული გაუსკდეს და თუშეთში გამგზავრება გადაიფიქროს.

დედაჩემმაც, ვფიქრობ, ასეთი ვიდეოჩანაწერი ნახა, რადგან რომ ვუთხარი, ასე და ასე, თუშეთში მივდივარ-თქო, ლამის გამომიტირა და ჩვენი ზღაპრების არ იყოს: მაქეთ წასული ბევრი მინახავს, უკან დაბრუნებული…

არა, ეს აღარ უთქვამს. ეს უკვე ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ბევრიც არაფერი დაუკლია…

თუშეთის ქვა-ღორღიან გზებზე გარდაცვლილებისადმი მიძღვნილი ბევრი დაფა ვნახე. ყველაზე შემზარავი შარშანდელი ტრაგედიისა იყო, პირველ ჩანჩქერამდე რომ ჩავუარეთ. გემახსოვრებათ: ერთ-ერთი სოფლის დღეობიდან მომავალი სატვირთო გადაიჩეხა და 7 უბედურიც ჩაიყოლა. ზევით, თორღვას აბანოებთანაა ის მოსახვევი, საიდანაც მამა-შვილი და კიდევ ორი მგზავრი გადავარდა. ასე გვითხრეს, ნისლში გზა ვერ დაინახესო და…

ზემო ომალოში, პირველ საღამოს ჭაჭით რომ ჩავთბი, მასპინძელს ვკითხე, ამდენი უბედურება რის ბრალია-მეთქი. უმეტესობა გაუფრთხილებლობის და… სასმელისო, მიპასუხა. იგივე ვკითხე სხვებსაც და მსგავსი პასუხი მივიღე.

და ამის მერე რამე უნდა გაგვიკვირდეს?

როცა ნასვამი ჯდები საჭესთან, მოძრაობის ელემენტარულ წესებს არ იცავ, სიჩქარეს უმატებ ან უბრალოდ, უყურადღებოდ გადაადგილდები, მთაში კი არა ბარში გადააწყდები უსიამოვნებას. ავტობანი გაკეთდა, სხვა რა გინდა მშვიდად რომ იმგზავრო, მაგრამ აბა გავიხსენოთ რამდენი უბედური ამბავი შევიტყვეთ?! და ისიც ხომ გვახსოვს ლამის ყველა შემთხვევაში მიზეზი ნაცნობი რომ იყო: გადაჭარბებული სიჩქარე…

კარგით, დავამთავრებ იმ საშინელებაზე წერას. აბა რა სასიამოვნოა ამაზე საუბარი, მაგრამ მართლა იმდენად შემზარა მომხდარმა რომ, აქამდე კი არა, ალბათ კიდევ კარგა ხანს გამყვება…

თუშეთში გატარებული მესამე დღე კი წინამორბედებზე არანაკლები გამოდგა: ჯერ დოჭუ ვნახეთ, შემდეგ ილიურთაში შევისეირნეთ მცირე ხნით, შუადღით ჯვარბოსელზე ავედით და აბა ის იყო თუ იყო, საღამოს კი ბოჭორნაში შევჩერდით.
იოტისოდენაზეც არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ დოჭუ ყველაზე უცნაური სოფელია, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ.

მთის წვერზე შეფენილი დასახლება სამანქანო გზას დაკლაკნილი ბილიკით უკავშირდება, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი უშველებელი ხევი აკრავს. სამხრეთით სოფელ გოგრულთას ულამაზესი ხედი იშლება – ისეთი სანახაობა იყო, რამდენიმე წუთი მხოლოდ მას გავყურებდი!

ჩვენმა მეგზურმა მიშამ გვითხრა, რომ სამუშაოდ წასული მშობლები ბავშვებს სახლებში აბამდნენ უფროსების გარეშე დარჩენილი და თამაშით გართული პატარები ხევში რომ არ გადავარდნილიყვნენ. ვისაც დოჭუ უნახავს, არ მშობლების ეს ნაბიჯი არ გაუკვირდებათ – იქ ეზო, როგორც ასეთი, არსადაა. ერთი სახლი მეორეს გვერდით დგას, რამდენიმე მეტრში კი, როგორც გითხარით, უშველებელი ვარდნილებია.

ხევზე გადაკიდებულმა ერთმა ტუალეტმა კი გენიალური რეზო გაბრიაძე და მისი უკვდავი „შერეკილები“ გამახსენა. გახსოვთ როგორ აღწერს მწერალი მიზანა ბრეგვაძის სახლს? იგივე ითქმის იმ ტუალეტზეც. როგორც გაბრიაძე იტყოდა: „იატაკი დაკვირვებას მოითხოვდა, მოქნილობას და სიკოხტავეს“.

დოჭუში, ისევე როგორც თუშეთის ბევრ სოფელში, ადგილობრივები მხოლოდ სეზონზე ადიან. სხვა დროს იქაურობა მიტოვებულია. და ეს კოშკებს და სახლებს ეტყობა კიდეც: უმეტესობა ჩამონგრეულია და მე თუ მკითხავთ, დიდი დღე არ უწერია. კი, ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში ადგილობრივები საშენ მასალას ეზიდებოდნენ, მაგრამ რა ვიცი, რა ვიცი…

ილიურთას მერე იყო ჯვარბოსელი, საიდანაც საუკეთესო ხედი გადაიშალა. წინა წერილებში კი დავწერე მთელი თუშეთი ზღაპრულია-მეთქი, მაგრამ იმ ადგილიდან მაინც განსაკუთრებულად ლამაზი იყო ყველაფერი: რამდენიმე კილომეტრზე გაშლილი ხეობა… მთებზე შეფენილი პატარ-პატარა სახლები… დაბლა ჩაკარგული მდინარე… მარჯვნივ ხეებით დაფარული კალთები, მარცხნივ კი მხოლოდ მინდვრები და მდელოები… დიდებული ამინდი… ბამბაქულა ქართული ნაგაზი…

იდეალური კომბინაცია იყო!

ფოტოების გადაღებით რომ გავძეხი, ჩამოვჯექი და ფიქრებმა წამიღო. აქ რა მოსატანია რაზე ვფიქრობდი იმ წამს, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ ასეთი ხეობები აუცილებლად უნდა აღიბეჭდოს ისეთი ჟანრის ფილმებში, როგორიცაა, მაგალითად, ბეჭდების მბრძანებელი და ჰობიტის ტრილოგია.

სამსარა ან ბარაკა თუ გინახავთ? აი ის ულამაზესი ფილმები, დედამიწას და ბუნების სილამაზეს რომ ეძღვნება? თუშეთის კადრები მსგავსი ფილმებისთვის მისწრება იქნება!

და თუ ოდესმე ვეფხისტყაოსანს ფილმად აქცევენ, რეჟისორს აქედანვე ვურჩევდი: ჯვარბოსელიდან გადაშლილი ხეობა და პრინციპში, მთლიანად თუშეთი, აუცილებლად გამოიყენოს.

დღის ბოლოს კი იყო ბოჭორნა, თუმცა სანამ იქ ავიდოდით, კოკლათას ძირში შევჩერდით. ახალს ვერაფერს გეტყვით – ეს სოფელიც მომნუსხველი იყო.

სიმართლე გითხრათ, აქამდე მეგონა, რომ ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი უშგული იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი ბოჭორნაა. ოფიციალურად რომ ვთქვა: ბოჭორნა ევროპის ყველაზე მაღლამდებარე დასახლებული პუნქტია და ზღვის დონიდან 2 345 მეტრზეა გაშენებული.

ბოჭორნიდან ხელის გულივით ჩანდა კესელოს კოშკები, რომლის ძირშიც, ერთი კოხტა საოჯახო სასტუმროს ნომერში 3 ღამე უტკბილესად მეძინა.

თუშეთში გატარებული მესამე დღე სოფლის შუაგულში დანთებული კოცონით, ადგილობრივი თქმულებებით და ირმის ნახტომისთვის ფოტოს გადაღების ამაო მცდელობით დასრულდა.

სამაგიეროდ, ჩემი მობილურის ერთი აპლიკაციით ერთ თუშს იოლად დავუმტკიცე, რომ მონადირის მფარველი ვარსკვლავი იუპიტერი იყო და სხვა არაფერი.

 

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
თუშეთი, დოჭუ-ილიურთა-ჯვარბოსელი-ბოჭორნა; 2020 წლის 15 აგვისტო

ka_GEGeorgian