მესი არა, მხოლოდ პელე!
წლის საუკეთესო ფეხბურთელს არაერთი გამოცემა და ორგანიზაცია ავლენს: ფიფა, უეფა, ფრანს ფუტბოლი, უორლდ სოკერი, ონზი, ელ პაისი…
მე მაინც მგონია, რომ მათგან ყველაზე პრესტიჟული ყოველკვირეული ფრანგული ჟურნალის ფრანს ფუტბოლის რეფერენდუმია, ყველაზე ძველი ამ მიმართულებით.
ფრანგული გამოცემა 1956 წლიდან ასახელებს ევროპის საუკეთესო მოთამაშეს. წლის რჩეულს ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ჟურნალისტები ირჩევენ, ფრანს ფუტბოლის რედაქცია კი შედეგებს აჯამებს და საშობაოდ „ოქროს ბურთის“ მფლობელსაც გვამცნობს.
ამ კონკურსს დიდი და საინტერესო ისტორია აქვს, მაგრამ რატომ გავიხსენე ახლა, 2020 წლის 23 ოქტომბერს, პელეს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახლავე გეტყვით:
1994 წლის ჩათვლით ფრანს ფუტბოლის მთავარი ჯილდოს მოგების შანსი მხოლოდ ევროპაში მოთამაშე ევროპელებს ჰქონდათ.
1995 წელს რედაქციამ „ოქროს ბურთის“ წესდება შეცვალა და ევროპის წლის მოთამაშედ პირველი არაევროპელიც დასახელდა – მილანის ლიბერიელი ფორვარდი ჟორჟ ვეა.
მას შემდეგ 25 წელიწადი გავიდა, 25ჯერ გამოვლინდა ევროპის წლის ფეხბურთელი და აქედან 11ჯერ არაევროპელმა გაიმარჯვა: რონალდო, რივალდო, რონალდინიო, კაკა…
მაგრამ ამ დიდებულ ბრაზილიელებს, რომლებმაც ჯამში 5ჯერ მოიგეს მთავარი პრიზი, ერთმა არგენტინელმა, ლეო მესიმ აჯობა – ბარსელონის შეუდარებელმა ათიანმა 6ჯერ ჩაიბარა „ოქროს ბურთი“!
და რა შუაშია პელე?
2016 წელს, „ოქროს ბურთის“ 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფრანს ფუტბოლის რედაქციამ ასეთი რამ მოიფიქრა: ჯილდოს 30 მფლობელი გამოკითხა და იმ არაევროპელი მოთამაშეების დასახელება სთხოვა, რომლებიც მათი აზრით კონკრეტულ წელიწადს ფრანს ფუტბოლის ოფიციალურ რჩეულებზე ძლიერნი იყვნენ და სხვა ვითარებაში, ეგებ, „ოქროს ბურთიც“ კი მოეგოთ.
ეს სახალისო გამოკითხვა საინტერესო შედეგით დასრულდა: ფრანს ფუტბოლის რედაქციას 1956 წლიდან ევროპის კი არა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი რომ დაესახელებინა, „ოქროს ბურთის“ მფლობელების აზრით 12 შემთხვევაში მთავარ ჯილდოს სამხრეთამერიკელები მოიგებდნენ და მათ შორის 7ჯერ… პელე!
ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ 1958, 1959, 1960, 1961. 1963, 1964 და 1970 წლებში ოფიციალურად დასახელდებოდა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ და საკუთარ კაბინეტში 7, ზუსტად 7 „ოქროს ბურთსაც“ გამოფენდა!
იმ სახალისო გამოკითხვის შედეგები, „ოქროს ბურთის“ რეალური და შესაძლო მფლობელების სრული ჩამონათვალი კი ასეთია:
1958 რაიმონ კოპა (საფრანგეთი) / პელე (ბრაზილია)
1959 ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი) / პელე (ბრაზილია)
1960 ლუის სუარესი (ესპანეთი) / პელე (ბრაზილია)
1961 ენრიკე ომარ სივორი (იტალია) / პელე (ბრაზილია)
1962 იოზეფ მასოპუსტი (ჩეხოსლოვაკია) / გარინჩა (ბრაზილია)
1963 ლევ იაშინი (სსრკ) / პელე (ბრაზილია)
1964 დენის ლოუ (შოტლანდია) / პელე (ბრაზილია)
1970 გერდ მიულერი (გფრ) / პელე (ბრაზილია)
1978 კევინ კიგანი (ინგლისი) / მარიო კემპესი (არგენტინა)
1986 იგორ ბელანოვი (სსრკ) / დიეგო არმანდო მარადონა (არგენტინა)
1990 ლოთარ მათეუსი (გფრ) / დიეგო არმანდო მარადონა (არგენტინა)
1994 ხრისტო სტოიჩკოვი (ბულგარეთი) / რომარიო (ბრაზილია)
ჩვენ ლეო მესის 6 ტრიუმფი გვიკვირს და ვთვლით, რომ არგენტინელი მიუწვდომელია, არადა, ჭკვიანმა ხალხმა, დიდი ფეხბურთი რომ უთამაშიათ, თქვა: ლეოს პელემდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია, თუნდაც მინიმუმ ერთი „ოქროს ბურთი“.
* * *
1989 წელს ფრანს ფუტბოლმა „სუპერ ოქროს ბურთის“ მფლობელი გამოავლინა: ალფრედო დი სტეფანომ იოჰან კრუიფს და მიშელ პლატინის აჯობა.
10 წლის შემდეგ, 1999 წელს ფრანგულმა გამოცემამ XX საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, მაგრამ გამარჯვებული, ჟურნალისტების ნაცვლად, „ოქროს ბურთის“ მფლობელებმა გამოავლინეს.
წესი ასეთი იყო: „ოქროს ბურთის“ 30 მფლობელიდან თითოეული 5 ფავორიტს ასახელებდა, პირველადგილოსანი 5 ქულას იღებდა, მეორეადგილოსანი 4ს და ასე შემდეგ მეხუთეადგილოსნამდე (1).
გამოკითხულთაგან ალფრედო დი სტეფანომ მხოლოდ ერთი მოთამაშე დაასახელა, მიშელ პლატინიმ – 2, ჟორჟ ვეამ კი 6 – მე5 ადგილი 2 მოთამაშეს გაუნაწილა.
ქულების დათვლის შემდეგ, ფრანს ფუტბოლმა XX საუკუნის საუკეთესო და კიდევ 4 უდიდესი ფეხბურთელი დაასახელა:
1.პელე – 122 ქულა (1-17, 2-5, 3-4, 4-2, 5-1)
2.დიეგო არმანდო მარადონა – 65 (1-3, 2-6, 3-5, 4-5, 5-1)
3.იოჰან კრუიფი – 62 (1-1, 2-4, 3-7, 4-9, 5-2)
4.ალფრედო დი სტეფანო – 44 (1-4, 2-3, 3-3, 4-1, 5-1)
5.მიშელ პლატინი – 40 (1-1, 2-5, 3-1, 4-3, 5-6)
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 23 ოქტომბერი)