მესი და ფიფას სხვა რჩეულები

ფიფამ 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა: ბარსელონის არგენტინელმა ლიდერმა ლეო მესიმ შარშან მოგებული ტიტული შეინარჩუნა, ქალთა შორის კი მთავარი ჯილდო ბრაზილიელმა მარტამ ზედიზედ მეხუთედ მოიგო!წლეულს ფიფამ და პოპულარულმა ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა ფრანს ფუტბოლმა წლის საუკეთესო მოთამაშე პირველად დააჯილდოვეს ოქროს ბურთით. ბოლო წლებში ფიფას და ფრანგული გამოცემის ლაურეატები ერთი და იგივე ფეხბურთელები იყვნენ, რამაც ამ ორი რეფერენდუმის გაერთიანება გამოიწვია.

ფიფას ოქროს ბურთზე 3 მოთამაშე იყო წარდგენილი: მესის თანაკლუბელები ჩავი და ანდრეს ინიესტა, რომლებმაც ბრწყინვალე საკლუბო სეზონის გარდა წლის მთავარ ტურნირზე, მსოფლიო ჩემპიონატზეც გაიბრწყინეს – ჩავი ტურნირის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრების უდავოდ საუკეთესო მოთამაშე იყო, ინიესტამ კი ფინალში ოქროს გოლი გაიტანა.

მწვრთნელებმა, ეროვნული ნაკრების კაპიტნებმა და ჟურნალისტებმა უპირატესობა ლეო მესის მიანიჭეს: არგენტინელმა ხმათა 22,65 პროცენტი მიიღო. მე2 ადგილზე ანდრეს ინიესტა გავიდა (17,36), მესამეზე კი ჩავი (16,48).

სიმართლე გითხრათ, არ ველოდი თუ დღეს გავიმარჯვებდი. აქ ყოფნითაც ბედნიერი ვიყავი – სამ საუკეთესოს შორის მოხვედრა ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო, ოქროს ბურთს კი მართლა არ ველოდი. რა გითხრათ? ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ! – პრესკონფერენციაზე არგენტინელს ემოციების დაფარვა არც უცდია.

მიუხედავად იმისა, რომ ლეომ სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიო ჩემპიონატზე სუსტად იასპარეზა, ბარსელონასთან ერთად 2 გუნდური და უამრავი ინდივიდუალური ტიტული მოიგო: გაზაფხულზე ესპანეთის ჩემპიონატი, ზაფხულში – ქვეყნის სუპერთასი. ამას გარდა, გახდა პრიმერადივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი, ჩემპიონთა ლიგის მთავარმეგოლე, მოიგო ევროპის ოქროს ბუცი, დასახელდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად, ლეგიონერად და სამხრეთამერიკელ მოთამაშედ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სამშობლოში მეხუთედ მიანიჭეს არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. საინტერესოა ისიც, რომ 2010 წელს ლეო მესიმ კლუბსა და ნაკრებში 58 გოლი გაიტანა!

ფიფას ჯილდოს 20წლიან ისტორიაში მესი ბარსელონას მე5 წევრია, მთავარი პრიზი რომ მოიგო: 1994 წელს რომარიომ გაიმარჯვა, 1996 წელს რონალდომ, 1999 წელს რივალდომ, 2004 და 2005 წლებში კი რონალდინიომ.

ლეომ ფიფას მთავარი ჯილდო მეორედ 23 წლისამ მოიგო, მასზე ერთი წლით უფროსმა მარტამ კი მეხუთედ – 2006 წლიდან დაწყებული, ბრაზილიელი გოლეადორი ფიფას რჩეულია!

შარშან მარტამ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში იმარჯვა – ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, ამერიკულ გოლდ პრაიდთან ერთად კი ყველა საკლუბო ტიტული მოიპოვა.

ფიფამ წლის საუკეთესო მწვრთნელებიც გამოარჩია: მილანის ინტერთან ერთად ყველაფრის მომგებმა პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიუმ მსოფლიოს ჩემპიონს, ესპანელ ვისენტე დელ ბოსკეს და ბარსელონის თავკაცს ხოსეპ გვარდიოლას აჯობა, ქალთა შორის კი ასეთი პრიზი პირველად გაიცა და მას მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრების მწვრთნელი სილვია ნეიდი დაეუფლა.

ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდამ, ფიფას 1992 წლის რეფერენდუმის გამარჯვებულმა მარკო ვან ბასტენმა 2010 წლის სიმბოლური ნაკრები წარუდგინა სტუმრებს:

მეკარე – იკერ კასილიასი (ესპანეთი, რეალი)
მცველები – კარლეს პუიოლი, ჟერარ პიკე (ორივე ესპანეთი და ბარსელონა), მაიკონი, ლუსიუ (ორივე ბრაზილია და მილანის ინტერი)
ნახევარმცველები – უესლი სნეიდერი (ჰოლანდია; მილანის ინტერი), ჩავი, ანდრეს ინიესტა (ორივე ესპანეთი და ბარსელონა)
თავდამსხმელები – ლეო მესი (არგენტინა; ბარსელონა), დავიდ ვილია (ესპანეთი; ბარსელონა), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია; მადრიდის რეალი).

ფიფას პრეზიდენტის სპეციალური პრიზი სამხრეთაფრიკელ არქიეპისკოპოსს დესმონდ ტუტუს გადაეცა სამშობლოში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის მხარდაჭერისთვის, სამართლიანი თამაშის პრიზით კი ჰაიტის 17წლამდელ გოგონათა ნაკრები დაჯილდოვდა: მიუხედავად სამშობლოში დატრიალებული ტრაგედიისა – მიწისძვრამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ქვეყანა – გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც იასპარეზა.

ლეგენდარული უნგრელი გოლეადორის ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდო წლის ულამაზესი გოლისთვის კი მიუნხენის ბაიერნის და თურქეთის ნაკრების ნახევარმცველ ჰამიტ ალტინტოპს გადაეცა – ევრო 2012ის შესარჩევ ტურნირში მან ყაზახეთის ნაკრების კარი ულამაზესი დარტყმით დალაშქრა.

ბოლოსთვის კი ერთი საინტერესო ფაქტიც: ფრანს ფუტბოლს კვლავ დამოუკიდებლად რომ ჩაეტარებინა გამოკითხვა, ოქროს ბურთს ლეო მესი ვერ მოიგებდა – ჟურნალისტებმა არგენტინელი მხოლოდ 18ჯერ დაასახელეს პირველ ადგილზე, ჩავი 36ჯერ, ინიესტა და სნეიდერი კი 35-35ჯერ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თემურ ქეცბაიას სამეული
1.ჩავი, 2.არიენ რობენი, 3.დიეგო ფორლანი
საქართველოს ნაკრების კაპიტნის კახა კალაძის სამეული
1.ლეო მესი, 2.ანდრეს ინიესტა, 3.ჟულიო სეზარი
ქართული მედიის სამეული
1.დავიდ ვილია, 2.დიეგო ფორლანი, 3.მიროსლავ კლოზე

ფიფას რეფერენდუმის გამარჯვებულები
2010 ლეო მესი (არგენტინა; ბარსელონა)
2009 ლეო მესი (არგენტინა; ბარსელონა)
2008 კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია; მანჩესტერ იუნაიტედი)
2007 კაკა (ბრაზილია; მილანი)
2006 ფაბიო კანავარო (იტალია; ტურინის იუვენტუსი & მადრიდის რეალი)
2005 რონალდინიო (ბრაზილია; ბარსელონა)
2004 რონალდინიო (ბრაზილია; ბარსელონა)
2003 ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი; მადრიდის რეალი)
2002 რონალდო (ბრაზილია; მილანის ინტერი & მადრიდის რეალი)
2001 ლუიშ ფიგუ (პორტუგალია; მადრიდის რეალი)
2000 ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი; ტურინის იუვენტუსი)
1999 რივალდო (ბრაზილია; ბარსელონა)
1998 ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი; ტურინის იუვენტუსი)
1997 რონალდო (ბრაზილია; ბარსელონა & მილანის ინტერი)
1996 რონალდო (ბრაზილია; პსვ ეინდჰოვენი & ბარსელონა)
1995 ჟორჟ ვეა (ლიბერია; პარი სენ-ჟერმენი & მილანი)
1994 რომარიო (ბრაზილია; ბარსელონა)
1993 რობერტო ბაჯო (იტალია; ტურინის იუვენტუსი)
1992 მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია; მილანი)
1991 ლოთარ მათეუსი (გერმანია; მილანის ინტერი)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011 წლის 14 იანვარი)

ka_GEGeorgian