მესის ახალი მწვერვალი – 650!

ბილბაოს ატლეტიკთან 2:1 მოგებულ მატჩში ლეო მესიმ მე20 წუთზე გახსნა ანგარიში და ეს გოლი, საჯარიმო დარტყმით რომ შეაგდო, მის ბარსელონურ კარიერაში 650ეა!
650 გოლი ერთ კლუბში! ფანტასტიკური რიცხვია!
ბევრ რეკორდზე თქმულა, რომ მარადიულია, მაგრამ არაერთი მათგანი ჩვენს თვალწინ გაუმჯობესდა.
მაგრამ მესის ეს მიღწევა, ბარსელონის მაისურით შეგდებული 650 გოლი, რომელიც დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ კიდევ გაიზრდება, ვფიქრობ, თითზე ჩამოსათვლელ მარადიულ რეკორდთა შორის დგას.

23 დეკემბერს, ვალიადოლიდთან 3:0 მოგებულ თამაშშ ლეომ 644ე გოლი გაიტანა კატალონიურ გრანდში და ფეხბურთის მეფის, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს რეკორდი დაამხო.

მშობლიურ სანტოსში გატარებულ 18 წელიწადში პელემ ყველა ტურნირზე 643 ოფიციალური გოლი გაიტანა და მესიმდე ეს მსოფლიო რეკორდი იყო. 2020 წლის დეკემბრიდან რეკორდსმენი დიადი არგენტინელია და მას შემდეგ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა მხოლოდ იზრდება და იზრდება.

გუშინ კი… 650!

650 გოლი ერთ კლუბში კი არა, მილიონობით ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში ვერ გააქვს, თუმცა მესიმ ხომ რიგითი მოთამაშე არ არის? ის ყველა დროის უდიდესთა შორის დგას და, ამდენად, მისი კარიერის მორიგი ბრწყინვალე ფურცელიც არაა გასაკვირი.

650 გოლი მესიმ 755 ოფიციალურ მატჩში შეაგდო, ხოლო ტურნირების მიხედვით თუ გავშლით არგენტინელის ბარსელონურ რეკორდს, ასეთ სურათს მივიღებთ:

ლა ლიგაში: 456 გოლი 503 მატჩში
ესპანეთის თასზე: 54-76
ჩემპიონთა ლიგაში: 118-147
სხვა ოფიციალურ ტურნირებში: 22-29

ესეც 650!

ფეხბურთის ისტორიაში ერთი კლუბის ყველაზე შედეგიან გოლეადორთა საუკეთესო ხუთეული კი 2021 წლის 1 თებერვლისთვის ასეთია:
1.ლეო მესი (ბარსელონა) – 650
2.პელე (სანტოსი) – 643
3.გერდ მიულერი (მიუნხენის ბაიერნი) – 565
4.ფერნანდუ პეიროტეუ (ლისაბონის სპორტინგი) – 544
5.იოზეფ ბიკანი (პრაღის სლავია) – 534

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 1 თებერვალი)

ka_GEGeorgian