მესი Vs რონალდუ: 36ე სერია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დღევანდელი და ხვალინდელი თამაშებით მთავრდება.
G ჯგუფიდან ორივე 1/8ფინალისტი ცნობილია: ბარსელონა და იუვენტუსი გაისად ფლეი–ოფში ითამაშებენ. მაგრამ მათი დღევანდელი დაპირისპირების წინ ინტრიგა მაინც დიდია – ლეო მესი კრიშტიანუ რონალდუს კამპ ნოუზე მასპინძლობს და ეს დიადი პაექრობის მორიგი, 36ე სერიაა.

იმისათვის, რომ იუვემ ჯგუფი მოიგოს, 3 ან მეტი ბურთის სხვაობით უნდა გაიმარჯვოს.

თუმცა ამაზე უფრო ქომაგებს, ვფიქრობ, მესი-კრიშტიანუს ორთაბრძოლა აღელვებთ.

ჩემპიონთა ლიგის 2 საუკეთესო ბომბარდირის სტატისტიკა მიმდინარე ევროსეზონში არაა შთამბეჭდავი, მაგრამ მაინც შეგახსენებთ:
მესი: 3 თამაში, 3 გოლი
რონალდუ: 3 თამაში, 2 გოლი

ყველა ტურნირის გათვალისწინებით კი, მონაცემები ასეთია:
მესი: 13 თამაში, 7 გოლი
რონალდუ: 9 თამაში, 10 გოლი

მას შემდეგ, რაც რონალდუ ტურინში გადაბარგდა, ის პირველად ითამაშებს ლეო მესის წინააღმდეგ. და ეს იქნება ორი დიადი ფეხბურთელის… 36ე ჯახი! წინა 35დან 2 სანაკრებო იყო, საერთო სტატისტიკა კი ასეთია:
მესი: 16 მოგება
რონალდუ: 10 გამარჯვება

9ჯერ გუნდებმა ფრედ ითამაშეს

და კიდევ: 2011 წლის გაზაფხულის შემდეგ ისინი ჩემპიონთა ლიგაში პირველად დადგებიან ერთმანეთის პირისპირ. 2010-11 წლების ნახევარფინალში მესის ბარსამ გაიმარჯვა და შემდეგ თასიც მოიგო.

შეგახსენებთ: II ტურში, როცა იუვემ ბარსას უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა, კრიშტიანუ რონალდუ კოვიდ 19ს მკურნალობდა.

თამაში ჩვენი დროით 24 საათზე დაიწყება.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 8 დეკემბერი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian