მესტიის იტალიელი ძმობილი: რამდენიმე საათი სან ჯიმინიანოში

იმ წუთებში, როცა სან ჯიმინიანოს მთავარ მოედანზე ქოლგით ხელში დავაბიჯებდი და ნისლში ჩაფლულ ამ პატარა და კოშკებიანი ქალაქის ცენტრს ვათვალიერებდი, გავიფიქრე, რომ იქ ფილმის, უფრო სწორად კი ფენტეზის ჟანრის ფილმის გადაღება დიდებული იქნებოდა.

მოგვიანებით ვნახე, რომ სან ჯიმინიანოში რამდენიმე ნაწარმოების ნაწილი მართლაც გაუცოცხლებიათ (მათ შორის სახელგანთქმულ რეჟისორ ფრანკო ძეფირელის), კომპიუტერული თამაშის Assassin’s Creed II-ის ავტორებს კი იქაურობა სულაც XV საუკუნის ვირტუალური ქალაქის დასახატად გამოუყენებიათ.

მე მაინც ფილმ-ზღაპარს ვემხრობი. მაგალითად, ცისკარას რიმეიქს. რატომაც არა? გაქვავებული ქალაქის სცენებისთვის უკეთესის წარმოდგენა ძნელია.

კაცმა რომ თქვას, იქაურობა ვეფხისტყაოსანის ეპიზოდებსაც დაამშვენებდა (ქაჯეთის ციხის განხრით) და საერთოდ, ქართველებმა ამ შედევრის ეკრანიზაციას აქამდე თავი რომ ვერ მოვაბით, ეს ცალკე სირცხვილია და ირიბად მიუთითებს, რომ სადღეგრძელოები უფრო გვიყვარს, ვიდრე სიტყვის საქმედ ქცევა. ამ თემაზე სხვა დროს დავწერ. ვეფხისტყაოსანზე, როგორც არამატერიალურ ძეგლზე და გამოუყენებელ სავიზიტო ბარათზე, არ დაგიმალავთ – ძალიან ხშირად და ძალიან ბევრი მიფიქრია…

სან ჯიმინიანოში ტოსნაკაში მოგზაურობის დროს მოვხვდი მეგობრებთან ერთად. ფლორენციაში დაბანაკებულებმა, ტოსკანის გაცნობა გადავწყვიტეთ და სან ჯიმინიანო სიენას შევუწყვილეთ. რომ არა მჭიდრო გრაფიკი, იქაურობას ერთ სრულ დღესაც დიდი სიამოვნებით დავუთმობდით, მაგრამ რაც იყო – იყო: 4 საათი, ისიც ჟუჟუნა წვიმის და მცირე ნისლის თანხლებით, მაინც ლამაზი გამოდგა.

ხოლო ის, რომ სან ჯიმინიანო მესტიასთანაა დაძმობილებული, ეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავიგე, როცა ყოვლისმცოდნე ვიკიპედიაში შევიხედე. ამ პატარა იტალიურ დასახლებას სულ 3 ძმა ჰყავს: ჩეხეთში ჩეშკი კრუმლოვი, გერმანიაში – მეერსბურგი და ჩვენი მშვენიერი მესტია.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
სან ჯიმინიანო, იტალია; 2013 წლის 5 ოქტომბერი\

ka_GEGeorgian