მიშელ პლატინის პრესკონფერენცია

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი თანამდებობაზე არჩევის შემდეგ პირველი საქმიანი ვიზიტით 7-8 მარტს საქართველოს ეწვია. სახელგანთქმული ფრანგი ფეხბურთელი თბილისში 7 მარტს, შუადღეს ჩამოფრინდა.
ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე დატვირთული იყო: უეფას თავკაცმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ნოდარ ახალკაცთან და სფფის ხელმძღვანელებთან ერთად საგურამოში მშენებარე საწვრთნელი ბაზა მოინახულა, შემდეგ კი ტექნიკურ ცენტრ ბასას ეწვია.

უეფას თავკაცმა მცხეთაც დაათვალიერა, მოგვიანებით კი თბილისში, ირაოს სტადიონზე გოგონათა საფეხბურთო ტურნირი საზეიმოდ გახსნა.

მიშელ პლატინი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა: თავდაპირველად სპორტის, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრ გიორგი გაბაშვილს და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ დავით ნამგალაურს, 20 საათზე კი კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს ეწვია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ნოდარ ახალკაცს დავპირდი, რომ უეფას პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში პირველი საქმიანი ვიზიტით საქართველოს ვეწვეოდი. იანვარში უეფას პრეზიდენტად ამირჩიეს და აი, როგორც ხედავთ, ახლა თქვენთან ვარ“, – ამ სიტყვებით დაიწყო ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული პრესკონფერენცია უეფას თავკაცმა.

ლეგენდარულმა ფრანგმა ეროვნული სტადიონის დათვალიერების შემდეგ განაცხადა:

…მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გოლი არასდროს გამიტანია და არ მომიგია, აქ ჩამოსვლით არც არასდროს წამიგია – მიხარია, რომ თქვენ ქვეყანაში ვარ. გუშინ ყველაფერი შესანიშნავი იყო!

…ძალიან ბევრი ვნახე, მშენებარე საწვრთნელი ბაზიდან დაწყებული ტექნიკური ცენტრით დამთავრებული. იგრძნობა, რომ საქართველო, ეს ერი – კაცი თუ ქალი, ფეხბურთით ცოცხლობს. ჩანს, ეს ჩინებული თამაში თქვენთან ყველას ძალიან უყვარს.

…უეფას სათავეში ჩემი მოსვლის შემდეგ არაერთი პროექტი დავისახეთ, რომელსაც განვახორციელებთ კიდეც. ცხადია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც დიდ ყურადღებას დავუთმობთ. ჩემი საარჩევნო პროგრამის ყველა პუნქტს ზედმიწევნით შევასრულებ.

…საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და უეფას დამოკიდებულებას რაც შეეხება, ახლა მხოლოდ ერთს გეტყვით: მე, როგორც უეფას პრეზიდენტი, 53 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას წარმოვადგენ და ყველას აზრს ვითვალისწინებ.

…თქვენი ეროვნული ნაკრების შესახებ საუბრისგან თავს შევიკავებ. თანაც, საფრანგეთი და საქართველო ხომ მეტოქეები არიან ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.

…ქართული ფეხბურთის განვითარება ნათელია და მჯერა, 2018 წელს საქართველო მსოფლიო თასს მოიგებს! თუმცა მანამდე მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი გახდება!

…რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილეთა 24მდე გაზრდას, ეს იდეა დამუშავების პროცესშია, ისევე, როგორც სხვა საკითხები. უეფა ყოველთვის ზრუნავდა ფეხბურთის საკეთილდღეოდ და მომავალშიც ისეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რომელიც ჩვენ საყვარელ სპორტის სახეობას წაადგება.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ მიშელ პლატინი და უეფას დელეგაციის სხვა წევრები საბერძნეთში გაემგზავრნენ.

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2007 წლის 8 მარტი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian