მილანს ლეგენდარული ხორვატი ათიანი დაუბრუნდა

ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ხორვატი ფეხბურთელი ზვონიმირ ბობანი სერია ა-ს მილანის მთავარი საფეხბურთო ოფიცერი გახდა. იტალიურ გრანდში ეს თანამდებობა ახლახანს შეიქმნა.

ბობანი 1992-2001 წლებში თამაშობდა შავ-წითელი მაისურით და 272 ოფიციალურ შეხვედრაში 32 გოლიც შეაგდო. 1993, 1994, 1996 და 1999 წლებში ის სერია ა-ს ჩემპიონი გახდა, 1992, 1993 და 1994 წლებში იტალიის სუპერთასი მოიგო, 1994 წელს კი ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიპოვა.

„მიხარია, რომ მილანის ოჯახს ისეთი დიდი მოთამაშე შეუერთდა, როგორიც ზვონიმირ ბობანია. მისი გამოცდილება და კავშირები, დარწმუნებული ვარ ძალიან წაგვადგება. მჯერა, რომ პაოლო მალდინის და ზვონეს დახმარებით ჩვენ მთავარ მიზანს მივაღწევთ და მილანს დიდებას დავუბრუნებთ“, – განაცხადა მილანის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ ივან გაზიდისმა.

„დღეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში – დავბრუნდი იქ, სადაც ზღაპრული წლები გავატარე. მილანი ჩემ გულშია და მჯერა, რომ ჩვენ ძალიან დიდ წარმატებას მოვუტანთ ამ გუნდს“, – განაცხადა ბობანმა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 14 ივნისი)

ka_GEGeorgian