მინიატურული წიგნების მუზეუმში

დიდებულია, თუ ხეტიალი გიყვარს და უცხო ქალაქში მოხვედრილი, თანამოაზრეს მოძებნი.

ევროპის I თამაშებზე ბაქოში ჩასულმა, ერთ მცხუნვარე დღეს ძველ ქალაქში – იჩერიშეჰერში გასეირნება გადავწყვიტე და უფროს მეგობარს შევუამხანაგდი. ეს პატივცემული კაცი კი, იცით რამდენ ქვეყანაშია ნამყოფი? ბევრზე ბევრში! და მათ შორის ისეთებშიც, ძალიან თუ არ მოინდომე, ვეჭვობ საერთოდ მოხვდე კაცი. მაგალითად ტაიტიზე ან აღდგომის კუნძულზე.

ბაქო მდიდარია საინტერესო მუზეუმებით. მაგალითისთვის მინიატურული წიგნების მუზეუმიც კმარა.

იჩერიშეჰერში, ძველი ქალაქის ერთ ვიწრო ქუჩაზე პატარა კარია, შეაღებ და… ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდები! ასობით ციცქნა გამოცემა ქვეყნების მიხედვითაა გამოფენილი. ყველაზე დიდი ადგილი, ცხადია, აზერბაიჯანულ წიგნებს უჭირავს, ცალკეა ბალტიისპირეთის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, სკანდინავია, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, ჩინეთი, სამხრეთი ამერიკის ქვეყნები…

ქართულ მინიატურულ წიგნებს რიგით 24-ე სტენდი ეთმობა: ანა კალანდაძის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, ეთერ თათარაიძის შემოქმედება… ვაჟა, ილია, აკაკი ხომ თავისთავად… გალაქტიონი… ცხადია ვეფხისტყაოსანსაც ნახავთ – ვიტრინაში რამდენიმე გამოცემაა დაცული.

უნიკალური კოლექცია, რომელიც 5 500-ზე მეტ მინიატურულ წიგნს ითვლის, ზარიფა სალაჰოვას ეკუთვნის.

მუზეუმის ბუკლეტში ამოკითხულ რიცხვებს მოვიშველიებ, თორემ გამიჭირდება: კოლექცია 71 ქვეყანაში დასტამბული წიგნებისგან შედგება. სტანდარტი უცვლელია: გამოცემა მინიატურულია, თუ სიგრძე-სიგანე 10 სანტიმეტრს არ აღემატება. აქვე გეტყვით, რომ ევროპული სტანდარტი რამდენადმე განსხვავებულია – წიგნი მინიატურულად ითვლება, თუ ფორმატი 5,8X7,6სმს არ აღემატება…

კოლექციის მარგალიტია ამ ცოტა ხნის წინ საფრანგეთში 270 ეგზემპლარად გამოცემული ნამცეცა „წელიწადის დროების ქებათაქება“. მუზეუმში რიგით 174-ე ეგზემპლარია დაცული და ფორმატი არ გაინტერესებთ? მილიმეტრი ნახევარ მილიმეტრზე!!!

ლექსების კრებულია, თუმცა ვეჭვობ, ტახტზე მოკალათებულმა გემრიელად გადაფურცლოთ. სხვათა შორის, ტახტი აზერბაიჯანულ ენაშიც ტახტია და რაც შეეხება წიგნს, მას ერთი ციცქნა გამადიდებელიც მოჰყვება. ყოველი შემთხვევისთვის, რა იცი რა ხდება. ამ გამოცემას სპეციალურად გადავუღე ფოტო. თქვენც ხომ უნდა ნახოთ?!

ძალიან საინტერესოა 36-ე ვიტრინა: 1841 წელს ნიუ იორკში უილიამ შექსპირის 40-ტომეული გამოიცა ფორმატით 50მმX73მმ. 40-დან 24 ტომი დღეს ამ მუზეუმშია დაცული. იმავე ვიტრინაშია XX საუკუნის დასაწყისში ლონდონში დაბეჭდილი იმავე ავტორის 40-ტომეული. ფორმატი უფრო შთამბეჭდავია – 33მმX40მმ-ზე!

ზარიფა სალაჰოვას კოლექციაში სპორტს გამორჩეული ადგილი უჭირავს: 28-ე ვიტრინაში გამოფენილი ათობით წიგნი ოლიმპიურ მოძრაობას ეძღვნება, ბევრია ფოტოალბომი, მინიატურული ცნობარები საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატების შესახებ… სხვათა შორის, ქალბატონი ზარიფა ახალგაზრდობაში აზერბაიჯანის კალათბურთელთა ნაკრებშიც თამაშობდა…

კოლექცია უცხოეთშიც არაერთხელ გამოიფინა, შარშან კი გინესის დიპლომიც მიიღო – მინიატურული წიგნების უდიდესი მუზეუმი მსოფლიოში! დიპლომი იქვე, ერთ-ერთ კედელზეა გამოფენილი.

იჩერიშეჰერის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ამ შენობას აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი მფარველობს, მუზეუმის 13-წლიან ისტორიაში ვიზიტორთა რაოდენობამ კი კარგა ხანია მილიონს გადააჭარბა!

ერთი სიტყვით, ნახვად ღირს კი არა, თუ წიგნი გიყვართ, აუცილებლად უნდა შეაბიჯოთ ამ მუზეუმში.

მხოლოდ მოიგებთ.

დამიჯერეთ.

ვინც ჩემი რჩევა გაითვალისწინა, ყველამ მადლობა შემომწირა.

 

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ბაქო, აზერბაიჯანი; 2015 წლის 24 ივნისი

ka_GEGeorgian