მინიმუმ 9,5 მილიონი ევრო!

ევრო 2024-ზე გასვლამ მთელი ქვეყანა ხომ გადაგვრია და უზომოდ გაგვახარა, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებამ ჩვენ ფეხბურთს არნახული მატერიალური სარგებელიც მოუტანა: ევროჩემპიონატში მხოლოდ მონაწილეობისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფასგან 9,5 მილიონ ევროს მიიღებს! და თუ ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე მოგებებით და ქულებით გაგვახარებს, ეს თანხა კიდევ გაიზრდება.

ისევე როგორც ოთხი წლის წინ, კარსმომდგარი ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი კვლავ 331 მილიონი ევროა. ამ თანხიდან 228 მილიონი ყველა, ოცდაოთხივე ფინალისტზე თანაბრად განაწილდება, თითოეული ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას 9,5 მილიონი ერგება.

დარჩენილი 103 მილიონის მფლობელი კი ასე გამოვლინდება:

ჯგუფში თამაშის მოგებისთვის მილიონია დაწესებული, ფრესთვის – 500 ათასი, მერვედფინალში გასული ყველა გუნდი დამატებით 1,5 მილიონ ევროს იღებს, მეოთხედფინალისტი – 2,5 მილიონს, ნახევარფინალისტი 4 მილიონს, ფინალში დამარცხებული 5, ხოლო ჩემპიონი 8 მილიონს!

იდეალურ შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონს 28,25 მილიონი ევროს გამომუშავება შეუძლია. დიდებული ამბავია, ჰოდა, გამარჯვება საქართველოს!

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 29 მარტი
ფოტო:
UEFA.com

ka_GEGeorgian