მინსკი 2019: 61 სპორტსმენით ევროპის II თამაშებზე!

ევროპის II თამაშების დაწყებამდე 16 დღე რჩება: 21 ივნისის საღამოს მინსკის დინამოს სტადიონი გახსნის საზეიმო ცერემონიას უმასპინძლებს. თამაშები 30 ივნისს დასრულდება.

ბელარუსის დედაქალაქში ევროპის 50 ქვეყნის 4 082 სპორტსმენი იასპარეზებს. თამაშების პრესცენტრი ამ ინფორმაციას გვაწვდის და დასძენს, რომ მონაწილეთა სხვადასხვა სახის ოფიციალურ აკრედიტაციას დაახლოებით 18 ათასი პირი მიიღებს, მათ შორის ჟურნალისტებიც.

სპორტის 15 სახეობის 23 დისციპლინაში მედლების 199 კომპლექტი გათამაშდება: 91 მამაკაცებში, 89 ქალებში, ხოლო 19 შერეულ წყვილებში.

2015 წელს, ბაქოში გამართულ ევროპის I თამაშებთან შედარებით სპორტული პროგრამა შემცირებულია. შედარებისთვის: აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩემპიონები 20 სახეობის 31 დისციპლინაში გამოვლინდნენ.

მინსკი 2019-ის ეგიდით გამართული შეჯიბრებიდან 9 ტოკიოს საგაისო ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი იქნება: სპორტსმენებს შედეგის შესაბამისი ქულები დაერიცხებათ მშვილდოსნობაში, კარატეში, კრივში, ბადმინტონში, მაგიდის ჩოგბურთში, კანოეში, ძიუდოში, ტყვიის სროლასა და მძლეოსნობაში.

ძიუდოს, კრივის, კანოეს და ბადმინტონის შეჯიბრების ჩემპიონ-პრიზიორები ევროპის ჩემპიონატის მედლებსაც მიიღებენ. ამის შესახებ უკვე ოფიციალურად ითქვა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, სადღეისოდ გუნდი 10 სახეობაში 61 სპორტსმენით გამოვა, რომელთაგან 47 მამაკაცია, 14 კი ქალი.

ყველაზე მეტი სპორტსმენით – 14 – სამბისტთა გუნდი წარსდგება, სრული სურათი კი ასეთია: სამბო – 14, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა – 12, ძიუდო – 11, კრივი – 10, ტანვარჯიში – 5, კანოე და ტყვიის სროლა – 3-3, მშვილდოსნობა – 2, კარატე და ველოსპორტი – 1-1. იქიდან გამომდინარე, რომ ნაკრები გუნდები საწვრთნელ შეკრებაზე არიან, შემადგენლობა, შესაძლოა, მცირედით შეიცვალოს.

ევროპის I თამაშები საქართველოს გუნდმა 16 მედლით (2 ოქრო, 6 ვერცხლი, 8 ბრინჯაო) საერთო გუნდურ ჩათვლაში 21-ე ადგილზე დაასრულა. ბაქოში 104-მა ქართველმა სპორტსმენმა (35 ქალი) 13 სახეობის 17 დისციპლინაში იასპარეზა.

ბაქო 2015-ის ქართველი მედალოსნები
ჩემპიონი:
ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო; 81კგ), ადამ ოქრუაშვილი (ძიუდო; +100კგ)
II ადგილი: ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა; 97კგ), ხათუნა ნარიმანიძე და ლაშა ფხაკაძე (მშვილდოსნობა; მიქსი), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა; 61კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (ძიუდო; 73კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო; 90კგ), ძიუდო (გუნდური – ამირან პაპინაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, უშანგი მარგიანი, ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი)
III ადგილი: ჯუმბერ ყველაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა; 74კგ), სანდრო ამინაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა; 86კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა; 125კგ), სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში; ლენტი), ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო; 57კგ), კახა მამულაშვილი (სამბო; 74კგ), დავით კარბელაშვილი (სამბო; 90კგ), ამირან პაპინაშვილი (ძიუდო; 60კგ)

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 5 ივნისი)

ka_GEGeorgian