მინსკი 2019: ცეცხლი აინთო!

ევროპის II თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია ოლიმპიური ჩირაღდნის აგიზგიზებით დასრულდა!

სანახაობა სახელწოდებით „როცა ასკილი ჰყვავის“ 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა და ბელარუსი ხალხის წარსული და კულტურა დაიტია, მელოდიებით უხვად გაჯერებულ წარმოდგენას კი წინ უსწრებდა მინსკის დინამოს ეროვნულ ოლიმპიურ სტადიონზე თამაშების მონაწილე ქვეყნების გუნდების შემოსვლა.

შოუს დასრულების შემდეგ ოფიციალური ნაწილი დაიწყო: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა მონაწილეებს მიმართა; შემდეგ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა შემოაბრძანეს, რასაც ფიცის საზეიმო დადება მოჰყვა: სპორტსმენთა სახელით ბაქო 2015-ის ჩემპიონმა თავისუფალ ჭიდაობაში ვასილისა მარზალიუკმა დაიფიცა, მსაჯების სახელით – არტურ ფანდომ, მწვრთნელების სახელით კი ოლგა ვლასოვამ.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშის აღმართვის შემდეგ ტრიბუნასთან ორგანიზაციის პრეზიდენტი იანეზ კოციანჩიჩი მიოვიდა, რასაც ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოფიციალური მისალმება, თამაშების საზეიმოდ გახსნა და ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის დასრულება მოჰყვა.

რამდენიმე საათში მინსკი 2019-ის პირველი ჩემპიონები და მედალოსნები გამოვლინდებიან. იმედია მათ შორის ქართველებიც იქნებიან – დღეს, 22 ივნისს, მინსკის სხვადასხვა სპორტულ არენებზე იასპარეზებენ:

ტყვიის სროლა: ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი (შერეული წყვილი; პნევმატური პისტოლეტი); ნინო სალუქვაძე, ცოტნე მაჭავარიანი, ნინო ხუციბერიძე (პირადი; პნევმატური პისტოლეტი)
სამბო: ვახტანგ ჩიდრაშვილი (57კგ), მინდია ლილუაშვილი (68კგ), ბექა ბერულავა (82კგ), დავით ლორიაშვილი (100კგ), მარიამ ჯანაშვილი (56კგ), ნინო ოძელაშვილი (72კგ), ელენე ქებაძე (+80კგ)
ძიუდო: ამირან პაპინაშვილი (60კგ), ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (66კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57კგ)
მხატვრული ტანვარჯიში: სალომე ფაჟავა
კრივი: არტუშ გომციანი (56კგ), ოთარ ერანოსიანი (60კგ), ესკერხან მადიევი (69კგ), გიორგი ხარაბაძე (75კგ), გიორგი მანჯავიძე (81კგ)

ლაშა გოდუაძე მინსკიდან (www.adjarasport.com; 2019 წლის 22 ივნისი)

ka_GEGeorgian